ქართული ფეხბურთის ლეგენდა დავით ყიფიანს სამშობლოში აღმერთებდნენ – იგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ყოფილ საბჭოთა კავშირსა და ევროპაშიც. საქართველოში ყიფიანი ისე იყო, როგორც პელე – ბრაზილიაში. ამ დიდი სიყვარულის დამადასტურებელი იყო ის ფაქტიც, რომ დათო საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელეს.
ეს დიდი სიყვარული დავით ყიფიანმა 1970-80 იან წლებში მოიპოვა. იმ პერიოდში თბილისის “დინამოსთან” ერთად მოედანზე საოცრებებს ახდენდა – “დინამომ” ყიფიანთან ერთად, სახელი გაითქვა არა მხოლოდ საქართველოსა და საბჭოთა კავშირში, მასზე აღმატებულად საუბრობდნენ ევროპაშიც. მშობლიურ გუნდთან ერთად ყიფიანმა მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, ორჯერ საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი გახდა, ერთხელ ევროპის თასების მფლობელთა თასს დაეუფლა. 1977 წელს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ის იყო 1881 წელს, “დინამოს” მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი.
ამიტომაც იყო გასაკვირი, რომ ასეთი გამოჩენილი და გამორჩეული ფეხბურთელი 1982 წელს ესპანეთის მსოფლიოს ჩემპიონატზე საბჭოთა ნაკრებში ვერ მოხვდა. დათოს ტრავმა ახლი მორჩენილი კი ჰქონდა, მაგრამ მუნდიალზე სათამაშოდ მზად იყო, თუმცა საბჭოთა ნაკრების მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, არ წაეყვანათ ესპანეთში – ამან ყიფიანზე, ბუნებრივია, იმოქმედა და განაწყენებულმა საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა, ცოტა ხანში დიდებული საკლუბო კარიერაც დაასრულა.
ყიფიანს მრავალფეროვანი ცხოვრება ჰქონდა – კვიპროსზე გახსნა რესტორანი, მუშაობდა საბჭოთადროინდელ პროკურატურაშიც, თუმცა არასდროს წასულა ფეხბურთიდან -კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა – სათავეში ედგა მშობლიურ თბილისის “დინამოს”, ქუთაისის “ტორპედოს”, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მუშაობდა კვიპროსში (“ოლიმპიკოსი”), ბელგიაში (“მეხელენი”), რუსეთში (“შინიკი”)…
ასეთი შემოქმედებითი ადამიანი კიდევ დიდხანს იქნებოდა აქტიურ საქმიანობაში ჩართული, მაგრამ… სამწუხაროდ, უბედურმა შემთხვევამ ნაადრევად დაასრულა მისი სიცოცხლე. დიდი ფეხბურთელის ბედი ისეთივე ტრაგიკული აღმოჩნდა, როგორც მისი თანაგუნდელის, ქართული ფეხბურთის კიდევ ერთი ლეგენდის ვიტალი დარასელიასი – ორივეს სიცოცხლე ავტოავარიას ემსხვერპლა…
რა მოხდა იმ დღეს სოფელ ჩარდახთან…დავით ყიფიანი არასდროს ისვენებდა. შვებულებაში სულ რამდენჯერმე თუ იყო გასული, როდესაც განმარტოება სურდა, მისი ნახვა შინ შეიძლებოდა. თუმცა საქართველოს ნაკრებიდან და ქუთაისის “ტორპედოდან” წასვლის შემდეგ, საკუთარ ჩვევას უღალატა და 2001 წლის შემოდგომაზე დასასვენებლად ქობულეთში გაემგზავრა, სადაც მხოლოდ რამდენიმე დღე გაატარა და კვლავ სამუშაოზე დაბრუნება გადაწყვიტა. დათო თბილისში გაემგზავრა, საიდანაც რამდენიმე დღეში, ნიკოლაი ტოლსტიხის მიწვევით, მოსკოვში უნდა ჩასულიყო და იქაური “დინამოს” მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩაებარებინა.
სამწუხაროდ, თბილისამდეც ვერ ჩავიდა. 2001 წლის 17 სექტემბერს, დედაქალაქიდან 30 კილომეტრში, სოფელ ჩარდახთან, დიდი სიჩქარით მიმავალი ახალი “მერსედესით” დიდ კაკლის ხეს შეეჯახა…
“თბილისიდან გორში მივდიოდით, სოფელ ჩარდახთან დიდი სიჩქარით მოძრავი ჯიპი შევნიშნეთ, – ჰყვება ამ ამბის თვითმხილველი კობა ჩიხლაძე, – ჯიპმა ერთ მანქანას გაასწრო, მწკრივში ჩადგა, მაგრამ უცბად გზიდან გადავიდა და დიდ ხეს შეეჯახა, რამდენიმე წამში მანქანასთან აღმოვჩნდით, რის ვაი-ვაგლახით გავაღეთ დეფორმირებული კარი და… დავით ყიფიანი ვიცანით, რომელიც დარტყმისგან მანქანის უკანა სავარძელზე აღმოჩნდა, გულ-მკერდის არეში ჰქონდა დაზიანებები და მივხდით, რომ ეს მისი სიცოცხლის ბოლო წამები იყო…
სამწუხაროდ, ამ საზარელი ავარიის თვითმხილველი მართალი აღმოჩნდა – ლეგენდარული ფეხბურთელი უმალ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ გადარჩენა ვეღარ მოასწრეს – ფაქტობრივად, საავადმყოფოს ზღურბლზე გარდაიცვალა…
…რამდენიმე თვეში ლეგენდარული ფეხბურთელი 50 წლის ხდებოდა…
რამ გამოიწვია ავარია…ამ საზარელი ავარიის ორი ვერსია არსებობს.
ერთის თანახმად, ავარიის მიზეზი ის გახდა ის, რომ ყიფიანი მობილურით ბათუმში დარეკვას ცდილობდა (სადაც მანამდე “ბათუმისა” და “კოლხეთის” მატჩს დაესწრო) და ყურადღება მოადუნა, სამართალდამცველებმა მობილური ტელეფონი მანქანაში მძღოლის სავარძლის ქვეშ ნახეს…
მეორე ვერსიით ავტოსაგზაო შემთხვევა ჯანმრთელობის მდგომარეობამ გამოიწვია – ავარიამდე რამდენიმე წამით ადრე, მას ინფარქტმა დაარტყა…

საგანგებო საინფორმაციო გამოშვებებმა საქართველოს მოსახლეობას ამ საზარელი ტრაგედიის შესახებ აცნობა. მოგვიანებით, ლეგენდარული ფეხბურთელის გარდაცვალებას ფიფას იმჟამინდელი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი გამოეხმაურა, რომელმაც სამძიმრის წერილი გაუგზავნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელ პრეზიდენტ მერაბ ჟორდანიას:
“ძვირფასო პრეზიდენტო, მიიღეთ ჩვენი სამძიმარი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის დავით ყიფიანის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, ეს მსოფლიო საფეხბურთო ოჯახის დიდი დანაკლისიცაა”, – წერდა ფიფას პრეზიდენტი.
ქართველებისთვის საყვარელი ფეხბურთელის გარდაცვალება ლამის ეროვნული ტრაგედია იყო. თბილისის ყველა ქუჩაზე გაიგებდით ფრაზას – “ჩვენი დათო აღარ არის”… და შემდეგ იხსენებდნენ მის ყველა გოლს, პასს, ფინტს, თამაშის ეპიზოდებს”, – იგონებს ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელი პრეს-ატაშე და უეფას მედია ოფიცერი მამუკა კვარაცხელია.
2001 წლის 22 სექტემბერს დავით ყიფიანი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს, სადაც ასევე განისვენებენ ქართული ფეხბურთის ლეგენდები – სლავა მეტრეველი, ნოდარ ახალკაცი, მიხეილ მესხი. მოგვიანებით, დავით ყიფიანის სახელის უკვდავსაყოფად, თბილისის ცენტრში ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი დაერქვა, ასევე მისი სახელობისაა საქართველოს თასის გათამაშება…
გაზეთ “ლელოს” არქივიდან


