სულაც არ იყო წუნია, ეგ იყო, თავი ისე ეჭირა, რომ ვერავინ ეკარებოდა. 45 წელი უცებ შემოადნა. დრო რომ გავიდა, მიხვდა, მთავარი სამსახური და კარიერა კი არა, შვილი და ოჯახი იყო. მის რამდენიმე მეგობარს უკვე შვილიშვილიც კი ჰყავდა, ის კი…
ნათესავები და მეგობრები განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდნენ, როცა წვეულებაზე, ცოტათი შეჟუჟუნებულმა ნინომ ცრემლები გადმოღვარა, – მიჭირს მარტოობა, ნეტავ, შვილი მაინც მყავდეს, ქმარს არ დავეძებო და იმ დღიდან მოყოლებული, კვირა არ გავიდოდა, საქმროს კანდიდატურა არ წამოეყენებინათ.
ერთხელ, მამიდაშვილმა თავისი მეზობლის ქორწილში დაპატიჟა. სიძე გურული იყო და საქორწილო სუფრაც გურიაში გაიშალა.
ნინოს წინ ერთი სანდომიანი კაცი დაუსვეს, – ნამეტანი კაი კაცია, გადაყვა სამსახურს და ვერ მეიცალა ცოლის მოსაყვანადო. ჰოდა, ამ კაცსაც მოეწონა ჩვენი ნინო, თვალს არ აშორებდა, ხან რას შესთავაზებდა, ხან – რას…
სულ ნინოს უყურებდა და ელაპარაკებოდა… მოკლედ, შეწუხდა ქალი. ცოტა ხანში ნინომ ორ პატარას მოჰკრა თვალი, რომლებიც იქვე დაცუნცულებდნენ, ყველა მათ ეფერებოდა და ესიყვარულებოდა.
ნინომაც ტკბილეული მიაწოდა ბავშვებს, ბიჭმა გამოართვა, მადლობა გადაუხადა და გაიქცა, გოგონა კი ქალს კალთაში ჩაუჯდა და ეტიტინებოდა… ნინოს პატარას ტიტინი ერჩივნა გურული თაყვანისმცემლის ოხუნჯობას…
იმ ღამეს ნინო სიძის ნათესავის სახლში რომ წაიყვანეს, ძლივს ააგლიჯეს პატარა ნინუცა. გული დაეწვა ნინოს, გოგონა მისკენ იწევდა, ტიროდა. ამასობაში ერთმა ქალმა ხელი დასტაცა ბავშვს და სასწრაფოდ მოაშორა იქაურობას.
მასპინძლებმა ნინოს და კიდევ რამდენიმე ქალაქელს კვლავ გაუშალეს სუფრა. უარობდნენ თბილისელი სტუმრები, დაღლილები ვართ, დაწოლა გვირჩევნიაო, მაგრამ გურულებს ასე იოლად არ სჩვევიათ დანებება.
სად იყო და სად არა, ის კაციც მათთან გაჩნდა. ნინოს უკვე აღიზიანებდა მისი გაუთავებელი ხუმრობა, ამიტომაც, დავიღალეო, – განაცხადა, ღამე მშვიდობისა უსურვა იქ მყოფთ და დასაძინებლად წავიდა.
ამასობაში, ჭიშკართან ატყდა ხმაური. ორ წუთში კარი გაიღო და ოთახში კაცი შემოვიდა, რომელსაც აზლუქუნებული ნინუცა ეჭირა ხელში. ბავშვი ვერაფრით დაეწყნარებინათ მამასა და ბებიას, ისტერიკულად გაიძახოდა, – ნინო დეიდა მინდაო.
კაცმაც ხელი დასტაცა მტირალ შვილს და მოაკითხა. ნინომ სიხარული ვერ დამალა, გულში ჩაიხუტა გოგონა და უნებლიეთ წამოსცდა – ნეტავ ჩემი შვილი იყოს ეს პაწია, არ გინდათ, მომაშვილოთო? ამის გაგონებაზე გურულებს სიცილი წასკდათ…
– იშვილე, თუ გინდა, მარა ამის გარდა კიდო ოთხის შვილობა მოგიწევს, ქვრივია მამამისი, ბარემ, მადლი ქენი და გაყევი ცოლადო, – უჩურჩულა ოჯახის დიასახლისმა.
მერეღა გაიგო ნინომ პატარა გოგონას ოჯახის ამბავი. გურამს ორი წლის წინ მოჰკვდომოდა ცოლი. შვილების მოვლა-პატრონობა მამამ და მოხუცმა ბებიამ ითავეს, მაგრამ დედის მაგივრობას ხომ ვერ გასწევდნენ, ამიტომაც სოფელი განსაკუთრებულად ზრუნავდა ობლებზე.
დაბნეული გურამი ებოდიშებოდა თბილისელ ქალბატონს. ნინო კი ისეთი მოსიყვარულე თვალებით შესცქეროდა პატარა ნინუცას, თითქოს თავისი ღვიძლი შვილი იყო. მერე კი მამიდაშვილს გადაუჩურჩულა, – ისეთ ჭკუაზე ვარ, ამ კაცს უნდა გავყვე ცოლადო.
გადაირია ნინოს მამიდაშვილი, – 45 წლამდე იმიტომ დარჩი გაუთხოვარი, რომ 5 შვილის მამას გაჰყოლოდიო? მაგრამ ნინოს თითქოს ეშმაკი შეუჩნდა.
მოკლედ, ვიღას ეცალა ახალგაზრდა ნეფე-პატარძლისთვის? მეორე დღეს მთელმა ოზურგეთმა იცოდა გურამისა და თბილისელი ნინოს ამბავი…
ასე გახდა შინაბერა ნინო 5 შვილის დედა. გარისკა, მაგრამ დღეს ძალიან ბედნიერია. მამასაც და ბავშვებსაც დედა-ნინო ძალიან უყვართ, თვალებში შესციცინებენ, მზრუნველ და მოსიყვარულე ქალს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია