დედა და მამა თანაკლასელები იყვნენ. ბავშვობიდან უყვარდათ ერთმანეთი და სკოლის ბანკეტიდან გაიპარნენ.
5 წლის ვიყავი, ერთმანეთს რომ გაეყარნენ. რამდენიმე თვეში მამამ მეორე ცოლი შეირთო, მალე იმასაც გაეყარა და მესამედ დაქორწინდა. დედა ათი წელი არ გათხოვილა.
ძალიან ლამაზი იყო და მთხოვნელიც და თაყვანისმცემელიც ბევრი ჰყავდა, მაგრამ არავის იკარებდა, რაღაცნაირად ჩაიკეტა საკუთარ თავში. პატარა კი ვიყავი, მაგრამ მაინც ვგრძნობდი, როგორ იტანჯებოდა დედა მარტოობით.
ერთხელ, შემთხვევით მოვისმინე დედაჩემისა და ბებიაჩემის საუბარი. ბებია ლამის კატეგორიულად სთხოვდა, გათხოვდი, ახალგაზრდა ქალს პატრონი უნდა ჰყავდეს, უქმრო ქალზე კი ენა ყველას მიუწვდება და მტერი და მოშურნე შენს სახელს ლაფში ამოსვრისო.
დედამ კი უთხრა, მე ისევ ისე მიყვარს ჩემი ქმარი და, ჩემთვის სხვა კაცი არ არსებობსო.
ახლა ვხვდები, რომ მთელი ეს ათი წელიწადი მამაჩემს ელოდა, მაგრამ იმას დედაჩემი აღარ ახსოვდა. ლამის ყოველ მეორე წელს ახალ ცოლს ირთავდა და გრიალებდა თავის გემოზე.
15 წლის რომ გავხდი, დედამ სახლში ვიღაც კაცი მოიყვანა და მე და ბებიას გაგვაცნო – ჩემი მეგობარიაო.
სიმპათიური კაცი იყო, სასიამოვნოდ მოსაუბრე, საკმაოდ მაღალი დონის, მაგრამ მე მაინც მტრულად შევხვდი, რადგან დედას არასდროს ჰყოლია მამაკაცი მეგობრები და ამიტომ ძალიან მეხამუშა ეს ამბავი.
თანაც, მაშინვე შევამჩნიე, როგორი ანთებული თვალებით შესციცინებდა დედაჩემს და მივხვდი, მათ შორის ჩვეულებრივი მეგობრობა არ უნდა ყოფილიყო. ის კაცი რომ წავიდა, ბებია აშკარად კმაყოფილი დარჩა და უთხრა კიდეც დედას, ღირსეული კაციაო.
მე კი ვერ მოვითმინე და მივახალე, არ მომეწონა-მეთქი. მერე არც ვაციე, არც ვაცხელე და პირდაპირ ვკითხე დედაჩემს, შენი საქმროა თუ საყვარელი-მეთქი. დედამ ტირილი დაიწყო, ბებია საშინლად მეჩხუბა – უზრდელი და ეგოისტი ხარ, დედაშენის ბედნიერება არ გინდაო.
არც უზრდელი ვარ და არც ეგოისტი, დედა მთელ ქვეყანას მირჩევნია, მაგრამ ნამდვილად ვერ გადავიტან იმას, რომ დედაჩემი ვიღაც კაცთან დადიოდეს.
გარდა ამისა, ამ კაცის გამო ვინმეს სახეზე ირონიული ღიმილის მსგავსიც კი რომ დავინახო, ან ორაზროვანი გადაჩურჩულება გავიგონო, ვიღაცა შემომაკვდება.
ახლა მალე 16 წლის ვხდები. დედაჩემი და ის კაცი ისევ ხვდებიან ერთმანეთს. დედამ ყველაფერი ამიხსნა.
მითხრა, რომ მათ ერთმანეთი უყვართ და ოჯახის შექმნა უნდათ. ბებია ცალკე მელაპარაკა.
მესმის, რომ ყველას აქვს პირადი ბედნიერების უფლება, მაგრამ მაინც ვერ ვეგუები იმ აზრს, რომ, შესაძლოა, დედაჩემი ვიღაცის, ჩემთვის აბსოლუტურად უცხო კაცის ცოლი გახდეს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
ლუკა, 16 წლის.