ზაფხულში მოწმენდილი ციდან თოვლის წამოსვლას უფრო ვირწმუნებდი, მაგრამ ჩემი მეზობელი და თანშეზრდილი მაია თუ მიღალატებდა, ან ოდესმე ჩემი შეშურდებოდა, ვერასოდეს დავიჯერებდი…
V კლასში ვიყავით, როცა მაიას მამა გარდაეცვალა. დარჩა საწყალი თინა დეიდა მარტო, ორ შვილთან ერთად. ოჯახს ძალიან გაუჭირდა.
ჩემი მშობლები და მეზობლები ეხმარებოდნენ ქვრივ ქალს, მაგრამ მაინც უჭირდათ. მერე, თინა დეიდამ საბნებისა და ლეიბების კერვა დაიწყო და მალე ბევრი კლიენტიც გაიჩინა.
იტალიურ ეზოში ვცხოვრობდით. თინა დეიდამ ერთი ოთახი გამოათავისუფლა და ატელიე გააკეთა, სადაც ნაირ-ნაირი საბან-ლეიბი იკერებოდა. ოჯახმა სული მოითქვა.
მე და მაიკომ ერთად ჩავაბარეთ უმაღლეს სასწავლებელში. ირაკლი პირველსავე კურსზე გავიცანით. ის ჩვენზე ორი წლით უფროსი იყო და ძალიან პოპულარული ბიჭი გახლდათ. ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, სპორტსმენი იყო და გიტარაზეც უკრავდა.
ყველას მოგვწონდა, მათ შორის მეც და მაიასაც. ირაკლი ჩვენთან ერთად დადიოდა ექსკურსიებსა და ლაშქრობებზე. გოგონები სულ იმის ფიქრში ვიყავით, – ვინ მოსწონდა ირაკლის.
ყველას თბილად და ყურადღებით გვექცეოდა, ამიტომაც ვერ ვხვდებოდით, ვის ეპრანჭებოდა. ერთ მშვენიერ დღეს კი კინოში მე დამპატიჟა.
სიხარულით მეცხრე ცაზე დავფრინავდი. მაიამ და სხვებმაც მომილოცეს. მესამე კურსზე ვიყავი, ირაკლის კი უკვე დამთავრებული ჰქონდა უნივერსიტეტი და ფიზიკის ინსტიტუტში მუშაობდა, როცა დავქორწინდით…
ქორწილში უამრავი საჩუქარი მივიღეთ. მაიკოს დედამ სამზითვოდ ულამაზესი საბნები შემიკერა. გავიდა ერთი წელი. ბავშვი არ მიჩნდებოდა და ჩემი ერთადერთი სადარდებელი ეს იყო.
დედამთილი მამშვიდებდა, – ნუ დარდობ, ჯერ მაინც სტუდენტი ხარ, რა გეჩქარებაო, მაგრამ დედობა სიგიჟემდე მინდოდა.
ამასობაში ჩემი მშვიდი და გაწონასწორებული, თბილი და მოსიყვარულე ირაკლი თანდათან გამოიცვალა, აგრესიული გახდა, შინ გვიან ბრუნდებოდა. საგონებელში ჩავვარდი. მეგონა, ბავშვს რომ ვერ ვაჩენდი, იმიტომაც აიცრუა გული ჩემზე, აღარ ვიცოდი, რა მექნა.
მალე ჩვენი ურთიერთობა დაიძაბა, ხშირად ვჩხუბობდით; დედამთილს არაფერს ვეუბნებოდი, არადა, ტირილით თვალები სულ დასივებული მქონდა. მამიდაშვილს ვერ დავუმალე ჩემი საწუხარი და ყველაფერი ვუამბე.
მითხრა, – ვიღაცამ ჯადო გაგიკეთა, თორემ სანაქებო ბიჭი ასე როგორ გადაგვარდებოდაო? მირჩია, მღვდელი მომეყვანა და ბინა მეკურთხებინა. ჯადო და მისთანები არ მწამდა და მაშინ მის ნათქვამს ყურადღება არ მივაქციე.
გავიდა რამდენიმე თვე და ირაკლიმ გამომიცხადა, შენ გვერდით ვეღარ ვწვები, სული მეხუთება, არ ვიცი, რა მჭირსო! ამჯერად თვითონაც გაოცებული ჩანდა. მე კი ჩავთვალე, რომ ეს ერთ-ერთი საბაბი იყო გასაყრელად. ვიწექი ჩემთვის მარტო და ღვარად ჩამომდიოდა ცრემლები.
იმ დილით, საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ირაკლისგან წამოვსულიყავი. ჩავალაგე ჩემი ნივთები, თინა დეიდას ნაჩუქარი საბნებიც დავკეცე და უცებ საბნის ერთ კუთხეში სიმაგრე ვიგრძენი. გამახსენდა ჩემი მამიდაშვილის ნათქვამი.
მაშინვე მაკრატელს დავტაცე ხელი. გავჭერი და ისეთი რამ ვნახე, ცუდად გავხდი. შავ ნაჭერში ნემსებგარჭობილი პატარა ნაჭრის თოჯინები (გოგო და ბიჭი) იყო გამოკრული… თინა დეიდასგან ეს წარმოუდგენელი რამ გახლდათ, არადა, ფაქტს ხომ ვერ გავექცეოდი? სანამ ჩემს სახლში მივედი, სული დამელია.
ჯერ დედაჩემს ვაჩვენე. მიტკლისფერი დაედო სახეზე. ძლივს გადავდგით ორივემ ფეხი და მაიკოს სახლის კარი შევაღეთ. მაია არ იყო შინ. თინა დეიდა სიხარულით შეგვეგება… როგორც იქნა, ამოვღერღე, რაც მაწუხებდა და ის თოჯინებიც წინ დავულაგე.
ქალი მოსაბრუნებელი გაგვიხდა, სიტყვის თქმა რომ შეძლო, ძლივს ამოილუღლუღა: ამას მე როგორ გავაკეთებდი, ნანა შვილივით მიყვარსო… მერე ისეთი რამ მოხდა, რაც ჩემთვის ყოვლად დაუჯერებელი და წარმოუდგენელი იყო.
საათ-ნახევარში მაია მოვიდა. ჩვენი გაფითრებული სახეები რომ დაინახა, არ ესიამოვნა, ხოლო როცა თოჯინებს მოჰკრა თვალი, ძალიან დაიბნა… მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა სიმართლის დამალვას და დაფქვა…
თურმე ირაკლი ჰყვარებია. იმან რომ მე ამირჩია, ვერ მოინელა და გადაწყვიტა, დავეშორებინეთ. ვიღაც ქალი გამოძებნა, რომელიც ამისთანა ცოდვაში უკან არ იხევდა და სანამ თინა დეიდა ჩემი საბნების შეკერვას დაასრულებდა, ერთ კიდეში ჩააკერა…
იმ დღესვე წავიღე ნაჭრის თოჯინები ქაშუეთის ეკლესიაში, ირაკლისაც ვაჩვენე საბანში ნაპოვნი თოჯინები. ორივე ერთად ვესწრებოდით დილისა და საღამოს ლოცვებს.
მერე ყველაფერი დარეგულირდა, ირაკლი ისევ ისეთი გახდა, როგორიც მახსოვდა. ეს ამბავი 17 წლის წინ მოხდა, ახლა მე და ირაკლის ორი შვილი გვყავს და ძალიან ბედნიერი ოჯახიც გვაქვს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია