მეექვსე კლასში ვიყავით, მედიკო რომ შემოგვიერთდა. ისეთი ლამაზი გოგო იყო, ყველა ბიჭს დანახვისთანავე შეგვიყვარდა. თურმე მედიკოს მშობლები საზღვარგარეთ იყვნენ სამუშაოდ, უმცროსი შვილი თან მიჰყავდათ, უფროსი კი ბებოს დაუტოვეს.
თავიდან ძალიან ენატრებოდა დედ-მამა, არ აქტიურობდა, ჩაკეტილი იყო, მერე თანდათან შეგვეჩვია და გახალისდა. მათემატიკა მასაც უჭირდა და ყველა საკონტროლოზე გიას გვერდით იჯდა ხოლმე.
ვატყობდი, ჩემს მეგობარსაც ძალიან მოსწონდა ახალი კლასელი და დიდსულოვნად დავუთმე ადგილი. სხვა კი არ აღმოჩნდა ჩემნაირი დამთმობი…
კვირაში სამჯერ მაინც სკოლის უკან გავდიოდით, მედიკოს გამო ხან გარჩევები იყო, ხან გაწევ-გამოწევა და ჩხუბი.
მაშინ დანის ხმარება დიდი სირცხვილი იყო, სისუსტედ ითვლებოდა, რადგან ვინც დანას იხმარდა, ცხადი იყო, თავისი თავის იმედი არ ჰქონდა… ყველა ჩხუბში გიას გვერდით ვიყავი, მის ნაცვლადაც ბევრჯერ მომხვედრია.
წუთითაც არ ვტოვებდი. ამ ბათქაბუთქში ჩაიარა სკოლის წლებმა. ბოლოს, თავად მედიკომ განაცხადა, – მე მხოლოდ გია მიყვარსო. მიუხედავად ამისა, სტუდენტები გავხდით თუ არა, მედიკოს კურსელის ძმამ უკან არ დაიხია და თბილისში ყველაზე ლამაზი გოგო მოიტაცა.
დღესაც ვერ გეტყვით, მაშინ რა მოხდა ისეთი, რომ მედიკომ გიას თხოვნას – მე გამომყევი ცოლადო, ყური არ ათხოვა, იმ კაცთან დარჩა და მთელი 10 წელი იცხოვრა.
გია ძალიან განიცდიდა ამ ამბავს, რა თქმა უნდა, ცოლის შერთვაზე არც კი ფიქრობდა, რაც ძალიან აწუხებდათ მის მშობლებს, მაგრამ იცოდნენ გიას ხასიათი და ვერაფერს ეუბნებოდნენ.
მედიკომ ორი ბავშვი გააჩინა. მესამეს ელოდებოდა, როცა გადაწყვიტა ქმარს გასცილებოდა, – არ იყო ბედნიერი იმ კაცთან.
ვერა და ვერ შეეჩვია მას. თითქმის არც კი ელაპარაკებოდა ქმარს. იმასაც, ეტყობა, მოჰბეზრდა მედიკოს ლოლიავი და საყვარელი გაიჩინა. ალბათ ფიქრობდა, ორი შვილის დედა არსად წამსვლელი აღარ არისო.
რაღა ბევრი გავაგრძელო და ახალი, უფრო დიდი ძალით იფეთქა სიყვარულმა. გიამ მედიკოს უთხრა, – უშენობა მიჭირს, სხვა ქალისკენ არ ვარ გამხედავი, სიკვდილამდე დაგელოდებიო და მედიკომაც აღარ ალოდინა.
ერთ დღესაც გიას სახლში მიაკითხა, დიდხანს საუბრობდნენ, წარსულიც გაიხსენეს და მომავლის გეგმებიც დასახეს. დამშვიდობებისას ერთმანეთს იმ იმედით დაემშვიდობნენ, რომ ძალიან მალე სამუდამოდ ერთად იქნებოდნენ.
მაშინ 29 წლისანი ვიყავით. ატყდა ერთი ამბავი. მედიკოს ბევრი ლანძღავდა, გიას კი, უტვინოსა და გამოშტერებულს ეძახდნენ. ქმარი რამდენჯერმე მიუვარდათ სახლში, მაგრამ გია მაგრად დახვდა. მერე მესამეც გაჩნდა, გოგონა.
გია თან ჰყვებოდა გერებს. ერთი წლის შემდეგ საერთო შვილიც გაუჩნდათ, ისიც გოგონა. მსგავსი ტკბილი ოჯახი, პირადად მე, არსად მინახავს. გია 3 წლის წინ გარდაიცვალა. უფროსი ბიჭები ბიზნესმენები გახდნენ, ხშირად საზღვარგარეთ უწევთ სიარული.
გოგონები ექიმები არიან. არც ერთს არ გამორჩებათ გიას დაბადების დღე. სადაც უნდა იყვნენ, იმ დღეს მაინც ახერხებენ თბილისში ჩამოსვლას და საფლავზე გასვლას.
თავიანთ ბიოლოგიურ მამასთანაც აქვთ ურთიერთობა, მაგრამ გია ძალიან უყვარდათ და ყოველთვის დიდ პატივს სცემდნენ.
მედიკო ახლაც ამბობს: ბედნიერი ქალი ვარ, რომ ამისთანა კაცის ცოლი ვიყავიო. დასანანია, გია რომ გამოგვაკლდა, მაგრამ ყველანი სიკვდილის შვილები ვართ, ცას ხომ ვერ გამოვეკერებით?
ხშირად, როცა მისი საახლობლო ვიკრიბებით და ვიხსენებთ წარსულს, ყველა აღვნიშნავთ, რომ ის უიშვიათესი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი იყო, ერთგული და უზარმაზარი გულის პატრონი, ამქვეყნად სიყვარულით იცხოვრა და იმ ქვეყნადაც სიყვარული გაიყოლა თან.
ბევრი ვერ შეძლებდა იმ ნაბიჯის გადადგმას, რაც მან გააკეთა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია