ახლა აღარაფერი მიჭირს, რადგან ბედმა ბოლომდე არ გამწირა და მართლაც, გადამრჩენელი გამომიგზავნა ქმრისა და მისი ოჯახის სახით. დედამთილმა გამზარდა და მაქცია ღირსეულ ქალად! ამიტომ მიმაჩნია ის დედად და ვეცდები გავაბედნიერო, სიხარული არ მოვაკლო, ვიდრე ერთმანეთი გვეყოლება.
მასაც შეეძლო ჩემთვის ხელი ეკრა და ქუჩაში მოვესროლე, მაგრამ ეს არ გააკეთა. შეიძლება იმიტომაც, რომ თავადაც ობოლი იყო და უდედოდ გაიზარდა ანუ კარგად იცოდა, რასაც ნიშნავს უპატრონობა..
მთელი ქვეყნის გასაგონად მინდა ვუთხრა: თალიკო ზარანდია, მიყვარხარ და შენზე მლოცველი ვიქნები მუდამ. ღმერთმა დაგლოცოს და დიდი ხნის სიცოცხლე მოგცეს..
დედაჩემი ჩემზე მშობიარობას გადაჰყოლია. რატომღაც, არც დედის და არც მამის მშობლებმა არ ისურვეს ჩემზე პასუხისმგებლობის აღება: მოხუცები ვართ და ჩვილის ფეხზე დაყენებას ვეღარ შევძლებთო. დაბნეულ და სასოწარკვეთილ მამაჩემს ხომ უნდა ემუშავა, რომ გვეარსება და სხვა რომ ვერაფერი მოახერხა, სხვების რჩევით, ჩვილ ბავშვთა სახლში მიმიყვანა.
ოღონდ, სულ კი არა – დროებით. მამა ყოველ შაბათ-კვირას მაკითხავდა და ასე გრძელდებოდა სამი წლის განმავლობაში. მერე ერთი ძიძა შეუყვარდა. მე არ მახსოვს, მაგრამ თავად მეუბნება – იმიტომ უფრო შემიყვარდა, რომ შენზე განსაკუთრებით ზრუნავდა და ვხედავდი, შვილივით უყვარდი. ცოლადაც იმ პირობით შევირთე, რომ შენ გაგიწევდა დედობასო.
მოკლედ, მამამ ნათელაზე იქორწინა და მეც წამომიყვანეს ბავშვთა სახლიდან, მაგრამ დაფეხმძიმდა და საკუთარი შვილი გაუჩნდა თუ არა, მაშინვე გამჟღავნდა, რომ არასოდეს ვყვარებივარ და მხოლოდ მამაჩემის ხელში ჩასაგდებად მეფერებოდა.
მამის დასანახავად ვერ ბედავდა, მაგრამ როცა ის შინ არ იყო, საშინელ დღეში მაგდებდა – არც საჭმელს მაჭმევდა, არც მიცვლიდა და სიბინძურისგან ტილებიც დამესია.
მამას უმტკიცებდა, რომ თავად ვიყავი ცუდი და გაბოროტებული. ვითომ უმცროს ძმასაც კი ვერჩოდი და ამიტომ, ჩემი მასთან მიკარება საშიში იყო.
არ ვიცი, როგორ, მაგრამ მამა დაარწმუნა, რომ ჩემთვის ბავშვთა სახლში დაბრუნება ჯობდა და ექვსი წლის გოგო ისევ მომაშორეს ოჯახს.
სხვათა შორის, არც მიდარდია, რადგან სახლში ცუდად ვგრძნობდი თავს. მამა ისევ ყოველ შაბათ-კვირას მაკითხავდა.
რომ წამოვიზარდე, მივხვდი – არც თავად იყო კმაყოფილი ჩემი დედინაცვლის ხასიათით და ქცევით, მაგრამ არ უნდოდა, მეორე შვილიც უდედოდ დარჩენოდა და ამიტომ უთმენდა ბევრს.
ბევრჯერ მითხრა: თუ გინდა, სახლში წაგიყვანო, მაგრამ ყოველთვის უარს ვეუბნებოდი. სამწუხაროდ, მამა უბედური შემთხვევის გამო მანამდე გარდაიცვალა, ვიდრე სკოლას დავამთავრებდი და დედინაცვალმა ყველაფერი გააკეთა, რომ მამისეული ქონებიდან არაფერი მრგებოდა.
სკოლა რომ დავამთავრე და უკვე სრულწლოვანი, ბავშვთა სახლიდან წამოვედი, ფაქტობრივად, ქუჩაში აღმოვჩნდი. მამიდას მივაკითხე და პირდაპირ არ მითხრა, მაგრამ მაგრძნობინა, რომ ჩემს პატრონობას და ატანას დიდხანს ვერც ის შეძლებდა.
არ ვიცი, რა დამემართებოდა იმ არეულ დროში, რომ არა ჩემი მომავალი დედამთილი, რომელიც მამიდას მეზობლად ცხოვრობდა. მას ერთი შვილი მკვდარი ჰყავდა – გოგონა, რომელსაც სისხლის კიბო გაუჩნდა და ოცი წლისა გარდაიცვალა.
რომ დაინახა, არც მამიდას ვეცოდებოდი, დამიახლოვდა და თავის სახლში ხშირად მეძახდა: ხან საჭმელს მაჭმევდა, ხანაც – თავისი ქალიშვილის ტანსაცმელს გადამიკეთებდა და მომარგებდა. მგონი, მას უფრო ადრე შევუყვარდი, ვიდრე მის შვილს. რეზო უნივერსიტეტში სწავლობდა და კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.
მიუხედავად ყველაფრისა, სადედამთილომ არ დამიწუნა და ქორწილიც გადაგვიხადა. თუკი დღეს რაიმე ვიცი და ჩემგან ქალი დადგა, თანაც ისეთი, რომ ქმარი ძალიან ამაყობს ჩემით, სულ დედამთილის დამსახურებით, რომელიც ახლა ჩემს სამ შვილს არ აკლებს სითბოსა და სიყვარულს.
სხვათა შორის, ისიც მადლიერებით იხსენებს თავის დედამთილს: დედობა იმან გამიწიაო და ალბათ, იმ ცხონებულის დამსახურებაცაა, თალიკო რომ ასეთი მადლიან-გემრიელია.
ჩემი დედინაცვალი კი როგორი ბოროტიც იყო, ბოლომდე ისეთად დარჩა და ჩემს ნახევარძმასაც გაუმწარა სიცოცხლე. ორი ოჯახი დაუნგრია იმიტომ, რომ ვერც რძლების სიყვარული და დაფასება შეძლო.
დაბოლოს, ყველა ქალს შევეხვეწები, ნუ გაჰყვებით ცოლად შვილიან კაცებს, თუ მათი ობლების სიყვარული არ შეგიძლიათ და ნუ გაუმწარებთ ცხოვრებას ისედაც დაჩაგრულ ადამიანებს. ობლობა ისეთი სიმწარეა, რომ ცხოველის ნაშიერსაც არ ვუსურვებ უდედოდ დარჩენას.
გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და დააკომენტარეთ სტატია.
წყარო: kvirispalitra.ge, ფოტო პირობითია