მაკა, 23 წლის: -საქმრომ ქორწილის დღეს მიმატოვა. ქუთაისელი გახლავართ. ჯვრისწერა გელათში გვქონდა დაგეგმილი, საქორწილო კაბაც მზად იყო, მაგრამ…
უკვე სარკესთან ვტრიალებდი, როცა დამირეკა და მითხრა: აღარ დამელოდო. შენთან დასამშვიდობებლად ვრეკავო. მას მერე აღარც მინახავს და აღარც მისი ხმა გამიგონია…
-მასთან ურთიერთობის გარკვევა არ გიცდია?
-ამის სურვილი დღემდე მაქვს, მაგრამ არავინ იცის, მიწამ ჩაყლაპა თუ ზღვის ფსკერზე უნდა ვეძებოთ. ადამიანი ისე გაქრა, მის შესახებ ვერაფერი შევიტყვეთ.
-ისიც ქუთაისელი იყო?
-არა, მაგრამ მის მშობლებს, სანათესაოს ვიცნობდი. სხვათა
შორის, მათთან დღემდე ვურთიერთობ. ერთადერთი, რაც ჭორის დონეზე გავრცელდა, ისაა, რომ ვიღაც ზესტაფონელ გოგოსთან ერთად გაიპარა.
თურმე, იმ გოგოსთან დროის სატარებლად, ხშირად დადიოდა.
მერე ის გოგო დაფეხმძიმებულა, ჩემი ყოფილი საქმროს მშობლებს კი მასთან დაქორწინების უფლება არ მიუციათ. არ მუშაობდა და იმის ფულიც არ ჰქონდა, რომ საყვარელთან ერთად გაპარულიყო, ოჯახი დამოუკიდებლად ერჩინა და ამიტომაც, ყველას ისე მოაჩვენა თავი, თითქოს იმ ქალთან ურთიერთობა გაწყვიტა და მე შევუყვარდი.
მისი მშობლები ამბობენ: ეტყობა, ეს ქორწინება იმიტომ დაგეგმა, რომ ჩვენთვის ფული დაეცინცლაო. თურმე მას, როგორც სიძეს, იმ დღეს საკმაოდ სოლიდური თანხა მისცეს, მან კი დრო იხელთა და “მოხია”…
-დავიჯერო, შენი ყოფილი საქმროს ოჯახს იმ ქალის ძებნა არ დაუწყია?
-როგორ არა, მაგრამ მის კვალსაც ვერსად მიაგნეს… გასაგებია, რომ მე კი არა, ის ვიღაც უყვარდა, მაგრამ თუ ასე იყო, მე რას მერჩოდა, რატომღა გამაუბედურა? მის ხელში იარაღი აღმოვჩნდი.
თითქმის უცნობი კაცის სიტყვები ვირწმუნე და ბრმად შევიყვარე -აი, ამაში ვარ დამნაშავე.
მე მესმის მიტოვებული გოგონების და მინდა, თითოეულ მათგანს ვუთხრა: ოდესმე ჩვენი დროც დადგება და შურს ვიძიებთ უღირს მამაკაცებზე!
ისინი ჩვენს ფეხებთან დაიწყებენ ფორთხვას და სწორედ მაშინ უნდა გამოვიჩინოთ სულის სიმტკიცე! მათ წარსულში ჩადენილი დანაშაული არამც და არამც არ უნდა ვაპატიოთ!
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
ჟურნალი “გზა”