ბოლო დროს გახშირდა წყვილებს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა. როცა მამაკაცსა და ქალს შორის 20-25 წელი “დგას”, ამაზე იმდენად მწვავე რეაქცია არ არის, ვიდრე მაშინ, როცა ქალია კაცზე უფროსი.
თუ უწინ 2-3 წელი ხდებოდა მთელი სანათესავოს განხილვის საგანი, ახლა ეს წლები კიდევ უფრო გაზრდილია და შესაბამისად, ვნებათა ღელვაც არ ცხრება. სწორედ ამ თემაზე შედგა ჩვენი საუბარი ქალბატონ ელენესთან…
– ქალ-ვაჟის დედა ვარ. ჩემი გოგონა 17 წლის ასაკში გაფრინდა. საბედნიეროდ, კარგ ოჯახში მოხვდა და დღეს სამი არაჩვეულებრივი
შვილის დედაა. სიძეც საოცარი ადამიანია. ჩემს ქალიშვილზე 7 წლით უფროსია, წყნარი, მშრომელი, დაუზარელი ბიჭია.
მამამისთან ერთად პატარა ხის საამქრო აქვს და ოჯახს არჩენს. ჩემს ქალიშვილს ასეთივე არაჩვეულებრივი დედამთილი შეხვდა. საქმე მის ხელში ისწავლა.
ხანდახან მასზე ისეთი სიყვარულით ლაპარაკობს, რომ ვეჭვიანობ, ნეტა მე უფრო მეტად ვუყვარვარ თუ დედამთილი-მეთქი (იღიმის). მოკლედ, ჩემი ქალიშვილის შემთხვევაში არაფერი მაქვს საწუწუნო; აი, ბიჭმა კი სისხლი გამიშრო.
– და რა არის ამის მიზეზი?
– მისი გატაცება უფროსი ასაკის ქალებია. სკოლის პერიოდშივე შევატყვე, რომ თვალი მასწავლებლებისკენ გაურბოდა.
მაშინ ვიფიქრე, ეს დროებითია და გადაუვლის-მეთქი, მაგრამ ყველაფერი უარესობისკენ წავიდა. არაოფიციალურ ურთიერთობებს ვინ ჩივის, ცოლადაც თუ თავისზე უფროს ქალს მოიყვანდა, არ მეგონა.
– არაოფიციალური ურთიერთობებიც უფროსი ასაკის ქალბატონებთან ჰქონდა?
– დიახ. სტუდენტობის დროს ერთ თავის ლექტორს გაუმიჯნურდა. სხვათა შორის, ძალიან ჭკვიანი ქალი იყო. ჩემს შვილზე 12 წლით უფროსი გახლდათ. ბიჭი მასთან სახლში დადიოდა და იშვიათად რჩებოდა კიდეც.
ეს ამბავი ვიცოდი, მაგრამ არ ჩავრეულვარ. ვიფიქრე, გადაუვლის-მეთქი. ამის გამო იმ ქალს არც სამსახურში მივვარდნილვარ და არც სახლში. პირველ რიგში, ჩემს შვილს ვეცი პატივი და მერე თავს. ის კი არა, მათი ურთიერთობის შესახებ ჩემს ქალიშვილსა და ქმარსაც კი არაფერს ვეუბნებოდი.
მართლაც, ეს ამბავი ხუთ წელიწადში, რეზიკოს სტუდენტური წლების დასრულებისთანავე წარსულს ჩავაბარეთ, მაგრამ რა ვიცოდი, რომ წინ უარესი მელოდა.
რეზიკომ მუშაობა რომ დაიწყო, წელიწადნახევრის შემდეგ გამოგვიცხადა, ცოლი მომყავსო და სახლში თავისზე 7 წლით უფროსი, ორი შვილის დედა მოგვიყვანა.
იმ ქალმა თავისი შვილებიც ჩვენთან გადმოაბარგა. თუ სისხლი არ ჩამექცეოდა, არ მეგონა, მაგრამ, საბედნიეროდ, მათი თანაცხოვრება ორ წელიწადში დასრულდა.
საერთო შვილი არ ეყოლათ. რაც ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, დავტრიალდი და ვისაც საახლობლოში კარგი გასათხოვარი გოგო ჰყავდა, ყველას ვახვედრებდი.
ზოგიერთი ჩემთან სახლშიც კი მომყავდა, მაგრამ რეზიკო მათ მიმართ არანაირ ინტერესს არ იჩენდა. ჩემმა ქალიშვილმაც სცადა, მისთვის რამდენიმე გოგონა გაეცნო, მაგრამ…
– და რას გეუბნებოდათ, ამ ამბავს არ აპროტესტებდა?
– როგორ არა, სულ გვეჩხუბებოდა. გვემუქრებოდა კიდეც, ბინას ვიყიდი და აქედან გადავალო. გოგონა ჩვენგან შორს ცხოვრობდა, შვილიშვილებს ხშირად ვერ ვნახულობდით და ახლა რეზიკოც რომ წასულიყო ჩვენგან, რისთვის უნდა გვეცხოვრა?! ამიტომ იძულებულები ვიყავით, გავჩუმებულიყავით.
რამდენიმე წლის მერე რეზიკო ისევ დაოჯახდა და ამჯერად საერთოდ სასწაულთან მაქვს საქმე – რძალი ჩემს შვილზე 18 წლით უფროსია. ნინო სახლში რომ მოგვიყვანა, თავიდან იმდენად დავიბენი, მეგონა, რომ საცოლის დედას მაცნობდა. რას წარმოვიდგენდი, ეს ჩემი ხნის ქალი რეზიკოს ცოლი თუ გახდებოდა.
– ეს ამბავი მათ წინაშე გააპროტესტეთ?
– არა, ხმა ვეღარ ამოვიღე, მაშინვე გულზე რაღაცამ მომიჭირა და ჩემს ქმარს ვუთხარი, სასწრაფოში დარეკე-მეთქი. სანამ ექიმები მოვიდოდნენ, გული წამივიდა. გონზე რომ მომიყვანეს, შინ აღარ დამხვდნენ.
ჩემი ქმარი თავთან მეჯდა და ვიშვიშებდა, ელენე, რა დავაშავეთ ასეთი, სად დავუშვით შეცდომა, იქნებ ბავშვობაში მშობლიური სითბო დავაკელითო. ჩემს მეუღლეს ვერ დავეთანხმები, რადგან ყოველთვის ყურადღებიანი დედა ვიყავი. რეზიკო არაფერში შემიზღუდავს, მის მიმართ ზედმეტი სიმკაცრე არასოდეს გამომივლენია.
– თავად რით ხსნის ამ ყველაფერს?
– ამ თემაზე არ მელაპარაკება. უფრო სწორად, მეუბნება, რომ მას, უბრალოდ, ასეთი ქალები მოსწონს და რა მნიშვნელობა აქვს, რატომ და რის გამო.
– მეორე მეუღლესთან შვილები ჰყავს?
– არა. იმ ქალბატონს თავისი შვილი ჰყავს. ბავშვი 12 წლის არის და ძირითად დროს მამის მშობლებთან ატარებს. მეგონა, რომ რეზიკო და მისი ცოლი ცალკე გადავიდოდნენ საცხოვრებლად, მაგრამ ჩემმა რძალმა არ მოისურვა. რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს და დილიდან ღამემდე გასულია.
მზამზარეული ხვდება ყველაფერი. არც სადილი აქვს საკეთებელი და არც დალაგება ევალება. რეზიკო სახლში 8-9 საათზე მოდის და მერე ცოლს ელოდება. ალბათ, ბავშვის გაჩენას არ აპირებენ, არ ვიცი, მე ამაზე არ მელაპარაკებიან.
არადა, როგორ მინდოდა, შვილიშვილები მყოლოდა. წლების განმავლობაში სკოლაში პედაგოგად ვმუშაობდი. ათი წელია, აღარ ვმუშაობ. სახლში ვზივარ და შვილიშვილები ჩემთვის შვება იქნებოდა…
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
ანა კალანდაძე; ჟურნალი “რეიტინგი”