მყუდრო და თბილი ოჯახი მქონდა. მე და ჩემი ქმარი ერთად ვზრდიდით ერთადერთ შვილს, რომელიც ქორწინებიდან ხუთი წლის შემდეგ გაგვიჩნდა. ისეთი გიჟი მამა იყო, ვერ აგიწერთ. სულ მეხვეწებოდა, მეორეც გავაჩინოთო, მერე კი უცებ შეწყვიტა ამ თემაზე საუბარი, ცოლ-შვილის მიმართაც რაღაცნაირი ინდიფერენტული გახდა.
ბავშვის სასეირნოდ გაყვანასაც კი პრობლემად ხდიდა. როცა სახლში იყო, ბიჭი სულ კუდში დასდევდა და ეხვეწებოდა, ან მეთამაშე, ან სადმე წამიყვანეო, ის კი გაღიზიანებული იშორებდა თავიდან და ბავშვს ცხარე ცრემლით ატირებდა.
ცოტა ხანში სახლში გვიან მოსვლას მოუხშირა. რომ ვეკითხებოდი, სად იყავი-მეთქი, ტყუილსაც კი არ იგონებდა, პირდაპირ მომახლიდა ხოლმე, ამ ჯოჯოხეთში საერთოდ რომ მოვდივარ, მადლობელი იყავითო.
ახლაც ვერ ვხვდები, რატომ იყო ჯოჯოხეთი – ბავშვი იყო და, აღმერთებდა, მე კი სულ თვალებში შევციცინებდი და მარტო იმაზე ვფიქრობდი, რა ესიამოვნებოდა. ჩემმა დაქალმა მითხრა მაშინ, ალბათ, ვიღაც გაიჩინაო.
მართალია, ჩემი სისულელითა და გულუბრყვილობით ამას გამოვრიცხავდი, მაგრამ მაინც მიკვირდა და ვამბობდი, სხვა თუ შეუყვარდა, შეიძლება, მე შემიძულოს, მაგრამ ბავშვს რას ერჩის-მეთქი.
ამიტომაც არ მჯეროდა და მეგონა, რამე ძალიან სერიოზული პრობლემა ჰქონდა სამსახურში, რასაც ვერ ამხელდა და ამიტომაც გახდა ასეთი აგრესიული.
მაგრამ, მოგვიანებით ყველაფერი გაირკვა. თურმე ჩემი დაქალი მართალი ყოფილა:
ჩემს ძვირფას ქმარს საყვარელი გაუჩენია, თანაც, თავისი უშუალო უფროსი, სამჯერ განათხოვარი, სამი შვილის დედა (ყველა შვილი სხვადასხვა ქმრისგან ჰყავდა), რომელიც, თურმე, სამსახურიდან გაგდებით ემუქრებოდა, თუ ცოლად არ შეირთავდა და ეს უტვინოც წამოეგო ანკესზე.
ეს ამბავი რომ გავიგე, მე თვითონ შევთავაზე გაყრა და მანაც შვებით ამოისუნთქა – ეგონა, სკანდალს მოვუწყობდი და, ასე იოლად რომ გადარჩა, გაუხარდა.
ზუსტად ათი წლის განმავლობაში ტელეფონითაც კი არ უკითხავს თავისი ერთადერთი შვილის ამბავი, იმ ქალის შვილებს კი თან ჰყვებოდა.
თურმე, იმასაც ეხვეწებოდა, შვილი გამიჩინეო, მაგრამ უარი უთქვამს ქალბატონს – საკმაო რაოდენობის შვილები მყავს და კიდევ ერთხელ ცხრა თვე გაბერილი სიარული ნამდვილად არ შედის ჩემს გეგმებშიო.
რა გადაიტანა ჩემმა ბიჭმა ამ წლების განმავლობაში, ენით არ გამოითქმევა. არც ჩემს დედამთილ-მამამთილს შეუწუხებია თავი ყურადღების გამოჩენით.
ერთხელ მოვიდა ჩემი დედამთილი, ვითომ შვილიშვილის სანახავად, მთელი სახლი დაიარა, რაღაც ხარახურა ჩაილაგა ჩანთაში – ეს ყველაფერი ჩემი შვილის ნაყიდიაო, კარგადაც გამომლანძღა და წავიდა.
კიდევ კარგი, ბინა ჩემი მშობლების ნაყიდი იყო, თორემ, ალბათ, ქუჩაში გაგვყრიდა. თუმცა, მცდელობა კი ჰქონდა, რომ თავის ძვირფას შვილს „კუთვნილი წილი“ წაეღო ჩემი ბინიდან.
მთელ ამ ისტორიას კი მელოდრამატული დასასრული ჰქონდა: ჩემი ქმრის მეორე ცოლმა ვიღაც მდიდარი უცხოელი გაიცნო და იმას გაეკიდა. კიდევ კარგი, შვილები მაინც წაიყვანა თან. ქმარი კი სახლიდან გააგდო.
ეს უთავმოყვარეო კაცი თავისმა მშობლებმაც მხოლოდ რამდენიმე დღით შეიფარეს, მერე კი ყველამ ერთად მე შემომიტია – აპატიე და შეურიგდი, ბიჭი ახლა იმ ასაკშია, მამა სჭირდებაო. მანამდე არ სჭირდებოდა მამა? სახეზე ვერ ცნობდა საკუთარ შვილს.
ძალიან ბევრი ვიფიქრე, ჩემი შვილის გამო ისევ დათმობაზე წავედი და მივიღე, თუმცა, არც განქორწინება გამიუქმებია და არც რაიმე ურთიერთობა გვქონია. ერთი ოთახი გამოვუყავი და ძირითადად იქ იყო. მერე კი თანდათან გათამამდა, ისევ ოჯახის უფროსად წარმოიდგინა თავი და მოუხშირა შენიშნვებსა და პრეტენზიებს.
მე არ მინდოდა, ჩემს ბიჭს ენერვიულა და ამიტომ არ ვყვებოდი, მაგრამ ერთხელ შვილმა მითხრა, თუ ამ კაცს აქედან არ გაუშვებ, მაშინ მე წავალო. ამ ვაჟბატონმა გაიგონა, გამოვიდა ოთახიდან და უყვირა, კისერიც გიტეხიაო.
აი, მაშინ კი გავგიჟდი და, შეიძლება ითქვას, კინწისკვრით გავაგდე. ჩემმა დედამთილმა კი ქვეყანა შემიყარა – საყვარლები ვეღარ მიჰყავდა სახლში და ქმარი იმიტომ გააგდოო. ეს ამბავი ჩემი შვილის ყურამდეც მივიდა, მიუვარდა ბებიამისს და სულ დაულეწა იქაურობა.
მან კი პატრული გამოიძახა და 16 წლის ერთადერთი შვილიშვილი დააჭერინა. რა დამიჯდა ბავშვის იქიდან გამოყვანა, ვერ აგიწერთ. ჩემი იდიოტი ქმარი კი მემუქრება, ბინა გამიყავი, თორემ ორივეს თავს დავაჭერინებო.
რას დაგვაბრალებს, არ ვიცი, მაგრამ, რომ ვიცოდე, კვდება, ერთი ჭიქა წყლის მიმწოდებელი არ ვარ. მე არ ვაგულიანებ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, მამამისი ჩემმა შვილმაც სამუდამოდ ამოირეცხა გულიდან.
მადონა, 42 წლის.