ცოლგანაშვებ კაცს მივთხოვდი. ცოდვას ვერ ვიტყვი, არც ის დაუმალავს, რომ პირველ ცოლთან ორი შვილი ჰყავს და ბავშვებს თან ყვება და, არც გაყრის მიზეზი: დედაჩემი და თინა ერთმანეთში ვერ მორიგდნენ, სულ ჩხუბი ჰქონდათო. ეტყობა, მეც ვერ აღმოვჩნდი სათანადო სიმაღლეზე, რომ მათი ურთიერთობა დამერეგულირებინა და, საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ოჯახი დამენგრაო.
დედაჩემი კი მეუბნებოდა, ცოლგანაშვებზე, მით უმეტეს, შვილებიან კაცზე გათხოვება რისკია, რა გჭირს საიმისო, რომ ეს ნაბიჯი გადადგა, ჯერ ახალგაზრდა ხარ (24 წლისა გავთხოვდი), რა გეჩქარებაო, მაგრამ არ დავუჯერე და ახლა ძალიან ვნანობ.
ვერ ვიტყვი, რომ ქმარი აღარ მიყვარს ან მას არ ვუყვარვარ, მაგრამ რაღაც უცნაური ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ჯერ ერთი, გეგამ გამომიცხადა, შვილი არ მინდაო.
ძალიან მეწყინა, მაგრამ გაჩუმება ვარჩიე, ვიფიქრე, ცოტას ვაცლი, დრო გავა, უფრო შევეჩვევით ერთმანეთს და ამ საკითხზე მერე დაველაპარაკები-მეთქი, მაგრამ, ორი წელი ისე გავიდა, ეს თემა არც კი წამოჭრილა, რადგან თვითონ უკვე გადაწყვეტილად ჩათვალა საკითხი.
ამ პრობლემის გარდა, ჩემი ქმარი რაღაცნაირი გაორებული (უფრო სწორად – გასამებული) ადამიანი აღმოჩნდა. ჯერ ერთი, ამხელა კაცმა ვერაფრით ვერ დააღწია თავი დედის გავლენას და, აქედან გამომდინარე, მთელი მისი ცხოვრება დედამისის მოწონება-არმოწონებაზე იყო აგებული.
სულ იმას ცდილობდა, ისე მოქცეულიყო, რომ დედიკოს გული მოეგო, რასაც, დიდი მცდელობების მიუხედავად, ძალიან იშვიათად აღწევდა; მეორე – გიჟდებოდა თავის შვილებზე და მეც, რომელსაც შვილის გაჩენა ამიკრძალა, მაიძულებდა, მასავით გადავრეულიყავი ბავშვებზე და დედის ფუნქციები ამეღო ჩემს თავზე;
მესამე – გრძნობდა, რომ ჩემ მიმართ მთლად მართალი არ იყო, მაგრამ იხტიბარს არ იტეხდა და, იმის ნაცვლად, ცოტა მეტად მომფერებოდა, რომ ჩემი გული მოეგო, სულ პრეტენზიებს მიყენებდა – ასე რატომ თქვი, ასე რატომ გამოიხედეო.
გეგას მართლა კარგი შვილები ჰყავს, ორივე მიყვარს, რაც შემიძლია, ყველაფერს ვუკეთებ და, სხვათა შორის, თვითონაც პატივს მცემენ, მაგრამ როგორ გავუწიო დედობა, როცა ცოცხალი დედა სახლში ჰყავთ?!
მაგრამ ეს ყველაფერი არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ჩემი დედამთილი მიკეთებს. რატომ ამითვალწუნა ასე, ვერ ვხვდები. სულ თვალებში ვუყურებ, მის უკითხავად ლამის წყალს აღარ ვსვამ, აღარ ვიცი, რით ვასიამოვნო, ზედმეტად ხმას არ ვიღებ, მაგრამ მისი გული მაინც ვერ მოვიგე.
ეტყობა, პირველ დღესვე უნდა ამეწია წარბი და ფეხი დამებაკუნებინა, მაგრამ ეს რომ გააკეთო, უნდა იყო ასეთი. არადა, თავიდან, სანამ ახალი რძალი ვიყავი, დამსვამდა ხოლმე და საათობით ჭორავდა ჩემთან გეგას პირველ ცოლს.
ლანძღავდა, თათხავდა, დასცინოდა. და, აი, ამ ყველაფრის შემდეგ, უცებ გამოაცხადა, რომ თინა არაჩვეულებრივი ქალია, რომ ისაა მისი ნამდვილი რძალი, მისი შვილიშვილების დედა და ზოგიერთივით ბერწი კი არ გამოდგა, რომ არაჩვეულებრივი პიროვნებაა და, მისი ნება რომ იყოს, ისევ თავისთან მოიყვანდა საცხოვრებლად (ანუ შვილთან შეარიგებდა).
ამ ყველაფერს ჩემი დედამთილი ხმამაღლა ამბობდა და აკეთებდა, სპეციალურად ჩემს გასაგონად. ცოტა ხნის შემდეგ კი თავისი ყოფილი რძლის სახლში მოპატიჟება და მისთვის სუფრის გაწყობა დაიწყო. ისიც კარგი უთავმოყვარეო და „ნაგლი“ აღმოჩნდა – ისე მოდიოდა და რჩებოდა საათობით, ვითომ მე იქ არც ვყოფილიყავი.
ჩემი ქმარიც ხმას არ იღებდა, ღიმილით ხვდებოდა და ერთი-ორჯერ თვითონ გააცილა. აღარ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. გული რომ არ გამხეთქვოდა, როცა ის ქალი მოდიოდა, ვიცვამდი და ხან დაქალებთან მივდიოდი, ხან – დედაჩემთან და მხოლოდ გვიან საღამოს ვბრუნდებოდი, რომ ის არ დამხვედროდა სახლში.
ერთხელაც, ასე რომ მოვიქეცი, ჩემმა დედამთილმა წარბი აწია და გამომიცხადა: ძალიან გთხოვ, პატივი ეცი ჩემს სტუმრებს, მით უმეტეს, ჩემს რძალს და როცა ის მოდის, ნუ გარბიხარ, შენი პროტესტები არავის აინტერესებსო.
ამის ატანა ჩემთვის უკვე შეუძლებელი იყო და იმავე საღამოს ჩემს ქმარს პირდაპირ დავუსვი საკითხი, მე ასე ცხოვრება აღარ შემიძლია, ან რამე შეცვალე, ან ცალკე გადავიდეთ საცხოვრებლად, ან – გაგეყრები-მეთქი. მანაც პირდაპირ მიპასუხა: თინა ჩემი შვილების დედაა, როცა უნდა მოვა და რამდენ ხანსაც უნდა, დარჩება.
ცალკე საცხოვრებლად კი არ გადავალთ, რადგან მე და დედაჩემი უერთმანეთოდ ვერ ვძლებთო. ესე იგი, მესამე ვარიანტს ირჩევ. კი ბატონო, ხვალვე შევიტან განცხადებას გაყრაზე-მეთქი. გეგამ კი, არც დაფიქრებულა, ისე მიპასუხა:
მე შენთან გაყრა არ მინდა, მაგრამ, თუ ეს შენი სურვილია, როგორც გინდა, ისე მოიქეცი. მე დედაჩემის გამო, პრაქტიკულად, ორი შვილი დავთმე და როგორმე შენც შეგელევიო.
ამ სიტყვების გაგონება ჩემთვის შოკი იყო. ოდნავი სინანული, ოდნავი წუხილი ან თანადგომა მაინც რომ მეგრძნო, შეიძლება, კიდევ მომეთმინა, მაგრამ მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი ოჯახი, ჩემი ბუდე; რომ ამ სახლში არავინ იყო ჩემიანი, საერთო შვილიც კი არ გვყავდა.
ამიტომ მეორე დღეს მართლა შევიტანე განცხადება და იმავე საღამოს დავიწყე ჩემი ნივთების ჩალაგება. როგორც ჩანს, გეგას არ ეგონა, თუ წავიდოდი ამ ნაბიჯზე და ცოტა შემკრთალი ადევნებდა თვალს ჩემ საქმიანობას, მაგრამ, ეტყობა, ისეთი შეუვალი სახე მქონდა, რომ ვერაფრის თქმა ვეღარ გამიბედა.
ორი დღის შემდეგ ჩემი ნივთებიანად დედაჩემთან დავბრუნდი. ერთი კვირის შემდეგ სასამართლოა დანიშნული და ქმარს უკვე ოფიციალურად ვეყრები.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
მადონა, 29 წლის.