უკვე შუა ხანს მიღწეული კაცი ვარ. ისე გამეპარა თვალსა და ხელს შუა წლები, პირადი ცხოვრება ვერ ავაწყვე. ძალიან დიდი სამეგობრო მყავდა და ახლაც მყავს. სანამ ყველანი ახალგაზრდები ვიყავით, რომ იტყვიან, უჩემოდ წყალს არ სვამდნენ.
მერე კი ნელ-ნელა ყველამ ოჯახი შექმნა. ზოგს გაუმართლა, ზოგს არა და „მეორე წრეზე“ წავიდა. მხოლოდ მე არ ვჩქარობდი ქალების მუსუსი ვიყავი, მეგონა, სულ ახალგაზრდა ვიქნებოდი და ქალებიც მუდამ ცვენაზე მეყოლებოდა, მაგრამ, დროთა განმავლობაში ის ჩემთან „ნაგულავები“ ქალებიც დათხოვდნენ და საკმაოდ რესპექტაბელურ კაცებს გაჰყვნენ ცოლად.
ისე, კაცმა რომ თქვას, აბა, რა უნდა ექნათ, როდემდე უნდა ელოდათ ჩემთვის, ხელს როდის ვთხოვდი?! თითოეულთან ცალ-ცალკე და ყველასთან ერთად თვეების განმავლობაში ურთიერთობის მიუხედავად, აშკარად არ ვაპირებდი, რომელიმეს ნიშნობის ბეჭდითა და თაიგულით მივდგომოდი კარზე და მათაც თავს უშველეს.
მერე თანდათანობით შემომეცალნენ და დღეს მარტო ვარ. ახლა ძალიან ბევრ რამეს ვნანობ და დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, სულ სხვანაირად მოვიქცეოდი. უამრავი შეცდომა მაქვს ჩადენილი.
შეცდომას ვინ არ სჩადის, მაგრამ ზოგი შეცდომის გამოსწორება შესაძლებელია, უმრავლესობისა – შეუძლებელი. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ჩემი ყველა შეცდომა სწორედ ამ უმრავლესობას ეკუთვნის, ანუ, ვერც ერთს ვეღარ გამოვასწორებ.
ამათგან კი ორს გამოვყოფ: ორჯერ მიყვარდა ნამდვილი სიყვარულით და ორივე დავკარგე, თანაც ისე „დურაკულად“, ახლა რომ მახსენდება, სიბრაზე მიპყრობს: სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ ის გოგონა აყვანილი ყოფილა.
ვინც მე ეს ამბავი მიამბო, მითხრა, რომ თვითონაც იცის ამის შესახებო და მეც, ჩემი სიბრიყვით, ვითომ დავამშვიდე – რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გაგაჩინა, მთავარი ის არის, რომ შენი გამზრდელები არაჩვეულებრივი ადამიანები არიან და შენზე ამოსდით მზე და მთვარე-მეთქი.
როგორც გაირკვა, თამუნას არაფერი სცოდნია და ჩემმა სიტყვებმა ისე გააგიჟა, დასაბმელი გახადა. ცხადია, ჩემი დანახვაც აღარ ისურვა და ჩვენ ერთმანეთს დავშორდით. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რაც მათ ოჯახში მოხდა ამ ყველაფრის შემდეგ.
ორიოდე წლის შემდეგ სხვა შემიყვარდა. სულ ერთად ვიყავით და დღე-დღეზე ქორწილსაც ვგეგმავდით, მაგრამ ისე მოხდა, რომ ერთი წლით საქართველოდან წასვლა მომიწია რუსეთში სამუშაოდ.
შევთავაზე, ხელი მოვაწეროთ და შენც წამოდი-მეთქი, მაგრამ სტუდენტი იყო და სწავლას თავი ვერ მიანება. მისმა მშობლებმაც მითხრეს, ერთი წელი უცბად გაივლის, რომ ჩამოხვალ, ნანასაც დამთავრებული ექნება უმაღლესი და მერე რაც გინდათ, ის ქენითო.
სხვა რა გზა მქონდა, დავეთანხმე. მეგობრებმა დიდი ზარ-ზეიმით გამაცილეს, ნანაც ცრემლების ღვრით გამომეთხოვა და წავედი. ცხადია, როგორც ხდება ხოლმე (ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე ხდებოდა), ასე რომ, თვითონ ამის შესახებ არაფერი იცოდა, ნანა ჩემს რამდენიმე ძმაკაცს „ჩავაბარე“ – ყურადღება მიაქციეთ-მეთქი.
ახლა რომ ვუფიქრდები მათ საქციელს, სადღაც ვამტყუნებ-კიდეც, ასე რომ მოიქცნენ, თუმცა მაშინ მადლობებიც ვუხადე ერთგულებისთვის.
მათი ერთგულება კი იმაში მდგომარეობდა, რომ ყოველი კვირის ბოლოს წერილებს მიგზავნიდნენ სრული ანგარიშით, ან საქალაქთაშორისო ტელეფონით მირეკავდნენ და დაწვრილებით მიყვებოდნენ ნანას ყოველ ნაბიჯს – ვის ხვდებოდა, ვისთან დადიოდა, ვისთან მეგობრობდა.
სწორედ მათგან შევიტყვე იმის შესახებაც, რომ ჩემს საცოლეს, თურმე, ვიღაც თაყვანისმცემელი გამოუჩნდა, რომელსაც ნანა ჯერ სიახლოვეს არ იკარებდა, მერე კი მაინც შეხვდა რამდენჯერმე. ძალიან „მაყუთა როჟაა“ და, ეტყობა, მაგით „შეაბაო“, – მწერდნენ.
მერე ისიც შემატყობინეს, რომ ნატა იმ ბიჭს (უფრო სწორად, იმ კაცს, რადგან ბევრით უფროსი ყოფილა) დაშორებია და ვიღაცისთვის უთქვამს, ძუნწი და ეჭვიანია, მაგისი ცოლი არასოდეს გავხდები, ისევ ჩემს შეყვარებულს უნდა დაველოდოო.
ამ ამბავმა ჩემზე ძალიან იმოქმედა და, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ყოფნის ერთი წლის განმავლობაში მე თვითონ რამდენიმე ქალთან მქონდა ურთიერთობა (მათგან ერთი შვილის გაჩენასაც კი აპირებდა და ძალით გავაკეთებინე აბორტი), ნანას დავდე ბრალი ღალატში და შევუთვალე, დამივიწყე-მეთქი.
ვითომ მე უარესი არ გავაკეთე. ნანამ ცრემლებით დასვრილი წერილი გამომიგზავნა, რაღაცეებს მიხსნიდა და პატიებას მთხოვდა, მაგრამ მე ძალიან შეუვალი ვიყავი.
მივწერე – „რეზერვის“ კაცი არც არასდროს ვყოფილვარ და არც ვიქნები-მეთქი. ასე დავკარგე მეორე სიყვარულიც.
იმის მერე ქალების მეტი რა მყოლია, მაგრამ ნამდვილი სიყვარულით არავინ მყვარებია.
ჰოდა, ვზივარ ახლა მარტო, ვასკდები გულს და ჩემს უიღბლობაში ყველას ვადანაშაულებ, საკუთარი თავის ჩათვლით. იმ პერიოდში ერთი ჭკვიანი ადამიანი მაინც რომ აღმოჩენილიყო ჩემ გვერდით და ჭკუა დაერიგებინა, ასე ხომ არ დამემართებოდა?!
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
კახა, 55 წლის.