დარწმუნებული ვარ, ბევრი გამკიცხავს და უშვერ სიტყვებსაც არ დაიშურებენ ჩემი მისამართით, მაგრამ ნურავინ დაიქადნის, ასე არ ვიზამო. მეც ასე ვამბობდი, მაგრამ ყველაზე ზნედაცემული ქალი აღმოვჩნდი, რადგან დაქალს ოჯახი დავუნგრიე.
არ გეგონოთ, ამას არ ვდარდობდე, ისიც ვიცი, რომ სხვისი გაუბედურების ხარჯზე ბედნიერებას ვერ მივაღწევ. მაგრამ, არჩევანი, სამწუხაროდ, უკვე აღარ მაქვს.
მე და თაკო კლასელები ვიყავით. ძალიან შევეჩვიეთ ერთმანეთს და განუყრელი დაქალები გავხდით. თაკო ჩემზე კარგი გარეგნობით გამოირჩეოდა და ბიჭებსაც ის მოსწონდათ, რაც შინაგანად მაღიზიანებდა.
მაგრამ, მარტო მე კი არა, ყველა ქალი ასეა და ქალური შური რომ ბევრისთვის უცხო არაა, ამაში დამეთანხმებით. ისე მოხდა, რომ ჩემი დაქალი გათხოვდა, მართლა კარგი ქმარი შეხვდა, მარტო იმის შეხედვა ერთ რამედ ღირდა.
თაკოს გათხოვების მერე მეც გამიჩნდა ოჯახის შექმნის სურვილი. აბა, მას ხომ არ ჩამოვრჩებოდი, ამიტომ ჩემს სიძეს ვეხუმრებოდი, კარგი ძმაკაცები თუ გყავს, გამაცანი-მეთქი. ისიც მპირდებოდა, დღეს რაღაა და ხვალ მოდი, ჩემს ძმაკაცებს დავიბარებ და რომელიც გინდა, ის ამოირჩიეო.
იმ პერიოდში ერთ მეზობელ ბიჭს ვუყვარდი, სულ აჩრდილივით უკან დამდევდა, მაგრამ გარეგნობით არ მომწონდა და იმას ვფიქრობდი, რატომ უნდა გავყვე ამას და ხალხს ვათქმევინო, თაკოს უკეთესი ქმარი ჰყავსო.
არ ვიცი, ეს შურიანობა იყო თუ ჯიბრში ჩადგომა, მაგრამ ვატყობდი, როგორ ვიყავი აღფრთოვანებული ჩემი დაქალის ქმრით. არც მას გამოჰპარვია ეს. რადგან ამბობდნენ, მექალთანე ბიჭიაო და მეც ხშირად შემინიშნავს, როგორ ეფლირტავებოდა გოგონებს.
როცა ფიქრებთან მარტო დავრჩებოდი, სულ მასზე ვფიქრობდი და გული მწყდებოდა, რომ მან არჩევანი ჩემ მაგივრად თაკოზე გააკეთა. თავში ათასი ბინძური აზრი მიტრიალებდა, რომ იტყვიან, წერას ვყავდი ატანილი და ვგრძნობდი, შარში გავეხვეოდი.
მაგრამ ამოვიჩემე დაქალის ქმარი და ოღონდ მისი გავმხდარიყავი, მეტზე არაფერზე ვფიქრობდი. მთავარია მონდომება და მეც ამ გეგმის განსახორციელებლად დავიწყე მზადება. უფრო მოვუხშირე თაკოსთან სიარულს, გარდერობი გამოვცვალე და გამომწვევად დავიწყე ჩაცმა.
ქუჩაში რომ გამოვდიოდი, ბევრი მამაკაცის დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი და ეს მახარებდა. ჩემი ახალი სტილით ჩაცმა არავის გამოპარვია, ყველა მიწონებდა და კომპლიმენტს მეუბნებოდა, მათ შორის ჩემი სიძეც, რომელმაც ცოლის თანდასწრებით ამათვალიერ-ჩამათვალიერა და მერე დამაბზრიალა.
გოგონი, რა კარგი ვინმე ყოფილხარ და აქამდე რატომ ვერ გამჩნევდიო – მითხრა. მე ცას ვეწიე სიხარულით, შოთასგან ასეთი სიტყვა რომ გავიგე. სამაგიეროდ, შევნიშნე, თაკო დაიბოღმა, მაგრამ არაფერი უთქვამს. იმ დროს თაკოს მშობლები მოვიდნენ და დაბლიდან დაუძახეს, ჩამოდი, რაღაც უნდა მოგაწოდოთო.
სახლში მარტო დავრჩი შოთასთან ერთად. ის დროს არ კარგავდა, მეფლირტავებოდა. მეც არანაკლებ ვიქცეოდი. რადგან შოთამ შემნიშნა, რომ მის მიმართ გულგრილი არ ვიყავი, გაჩერებას აღარ აპირებდა.
თაკოს არყოფნაში მომიახლოვდა, წელზე ხელი შემომაჭდო და მითხრა, რა სექსუალური გოგო ხარ, აწი ასე ჩაცმული აღარ მოხვიდე, თორემ საკუთარ თავზე პასუხს აღარ ვაგებო. მეც გამეცინა, საქმე იქითკენ მიდიოდა, როგორც მე მაწყობდა.
ამასობაში თაკოც შემოვიდა და დამთავრდა ფლირტიც. ზუსტად 5 დღის მერე თაკომ დამირეკა, ნათესავი გარდამეცვალა, სოფელში უნდა წავიდეთ, სახლის მარტო დატოვება არ მინდა და შენ დარჩიო. ასეც მოხდა. მეორე დღეს, თაკოს სახლში რომ ვნებივრობდი, კარი გაიღო და შოთა შემოვიდა.
სამსახურიდან დამირეკეს და გამოვიქეცი, თაკო კი სოფელში დავტოვე კიდევ სამი დღითო. როცა დამინახა ლოგინში ნახევრად შიშველი ვიწექი, თვალები გაუფართოვდა და აღელვება შევნიშნე. ამის მიუხედავად არ მოვერიდე, არც ზეწარი დამიფარებია.
მითხრა კიდეც, მაინც კაცი ვარ, რატომ არ მერიდები და მიწვევო. მეც ეშმაკურად გავუცინე და მერე ყველაფერი თავისთავად მოხდა. როცა შოთა გონზე მოვიდა, ძალიან განიცადა. თან შეეშინდა, რადგან მე ქალიშვილი ვიყავი და შარში რომ ამოყო თავი, მიხვდა.
მე კი ტირილი დავიწყე, ეს რა მიქენი, ახლა რომ გაიგონ ჩემმა მშობლებმა, ან თაკომ, იცი, რა მოჰყვება ამ ფაქტს-მეთქი? შოთა ბოდიშებს მიხდიდა, მაგრამ რაღა დროს? ძალიან მოვისაწყლე თავი, თითქოს არ მინდოდა მასთან დაწოლა და მან ძალა იხმარა ჩემზე.
თუმცა, ერთად ყოფნა მოგვწონდა და თაკოს ჩამოსვლამდე კიდევ რამდენჯერმე დავამყარეთ ურთიერთობა. მე გაჩუმება გადავწყვიტე, ნამუსი მაინც მქენჯნიდა, რომ დაქალს ოჯახს ვუნგრევდი. ორი თვის მერე აღმოვაჩინე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი
უზომოდ გამეხარდა, თან მეშინოდა, წარმოდგენაც არ მინდოდა, რა გამოხმაურება მოჰყვებოდა ამ ამბავს. შოთას დავურეკე და ვუთხარი ეს ამბავი. სახე წაეშალა, როცა ეს მოისმინა. მე გავაფრთხილე, გირჩევნია აბორტის გაკეთებაზე არაფერი მითხრა, ამ ამბის დამალვას აზრი არ აქვს და თუ არ გინდა, ციხეში გიკრა თავი, გაშორდი ცოლს და მე შემირთე-მეთქი.
ჯერ უარზე იდგა, მაგრამ როცა ჩემი ძმა დაელაპარაკა, ან მოიყვან ჩემს დას ცოლად, ან არადა, რაც მოხდება, მერე შენს თავს დააბრალეო, ასეთი მუქარის ასრულებას, ჩემი ცოლად მოყვანა არჩია.
ახლა რვა თვის ფეხმძიმე ვარ. ჩემი საყვარელი მამაკაცისგან შვილს ველოდები და ეს ამბავი ძალიან მახარებს, მაგრამ გულს ის მტკენს, ვიცი, მას ისევ თაკო უყვარს და ჩემთან იძულების წესითაა.
ბავშვი შემანარჩუნებინებს თუ არა შოთას, ეს ძნელი სათქმელია. მას თაკოსთან არ ჰყავს პატარა და უხარია, მამა რომ ხდება, მაგრამ თვალებში ის სიხარული არ უბრწყინავს, როგორიც მე მინდა. ამ ეტაპზე თავს ბედნიერად ვგრძნობ, ჩემი გეგმა სისრულეში მოვიყვანე და გვერდით საყვარელი მამაკაცი მყავს, მაგრამ იმდენი წყევლა მივიღე თაკოსგან, რომ ეჭვი მეპარება, დიდხანს შევინარჩუნო ქმარი.
ვგრძნობ, ის მე არ მეკუთვნის და სხვისია, მაგრამ გულს ვერ ვუბრძანებ, შოთა ნამდვილად შემიყვარდა და სიყვარულის შესანარჩუნებლად ამგვარი მსხვერპლის გაღება, ალბათ, ღირს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ნფოტო პირობითია
თამთა, 27 წლის.