დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, თქვენთვის მომეწერა. ვიცი, ეს ვერ მიშველის ჩემი პრობლემის მოგვარებაში, მაგრამ, სხვა თუ არაფერი, გულს მაინც მოვიოხებ.
საქმე ისაა, რომ შემიყვარდა ჩემი მეზობელი, ჩემზე რვა წლით უფროსი და, რაც მთავარია, გათხოვილი ქალი, რომელსაც ქმარიც ჰყავს და შვილიც
ჩემი არსებობის შესახებ მხოლოდ ის შეიძლება იცოდეს, რომ ვიღაც ბიჭი („ვიღაც“ – იმიტომ, რომ ჩემი სახელიც კი არ იცის), რომელიც მის მეზობლად ცხოვრობს, დილას და საღამოს ხვდება და ესალმება ხოლმე.
ცხადია, იმასაც ვერ ამჩნევს, როგორ ვწითლდები და რა დღეში ვვარდები ამ რამდენიმეწამიანი შემთხვევითი შეხვედრების დროს.
თუმცა, შემთხვევითიც აღარ ჰქვია, რადგან ჩემი ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად დავადგინე მისი დილით სახლიდან გამოსვლისა და საღამოთი შინ დაბრუნების ზუსტი დრო და ასე ვახერხებ ხოლმე მის ნახვას დღეში ორჯერ.
იმდენად მიუწვდომლად მიმაჩნია, რომ მის გაცნობასაც კი ვერ ვბედავ. მის ქმარსაც მხოლოდ სალმით ვიცნობ.
ჩვენს კორპუსში ახალი გადმოსულები არიან და მეზობლებთან დიდი ურთიერთობა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, არ აქვთ. როცა ის კაცი მხვდება, ღიმილითა და ხელის აწევით მესალმება.
რა იცის, რა მიდუღს გულში, თორემ, ღიმილი კი არა, იქნებ, ტყვიაც კი არ დაიშუროს ჩემთვის.
რა თქმა უნდა, ჩემი გრძნობების შესახებ არავინ იცის – არც მშობლებმა და არც უახლოესმა ძმაკაცებმა, რადგან, მშობლები, ალბათ, გაგიჟდებიან, ძმაკაცები კი დამცინებენ.
სწორედ ამიტომ, არავის ვუმხელ ჩემს გასაჭირს და ყველაფერს გულში ვიკლავ. მიუხედავად ყველაფრისა, მზად ვარ, ცოლად შევირთო.
მე ჯერ 20 წლის ვარ, ის ქალი – 28-ის, მაგრამ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ერთად ძალიან ბედნიერები ვიქნებით, თუმცა, ისიც ვიცი, რომ ეს შეუძლებელია, აუხდენელი ოცნებაა, რადგან, გარდა ზემოთ ჩამოთავლილი და კიდევ სხვა (ანუ ჩამოუთვლელი) მიზეზებისა, ჩემს მიუწვდომელ სატრფოსა და მის ქმარს აშკარად კარგი ურთიერთობა აქვთ,
რაც მე ხან ძალიან მაღიზიანებს და მაცოფებს, რომ იმ კაცის ადგილას მე არ ვარ, ხან კი მიხარია, რომ ჩემი ოცნების ქალი ბედნიერია და ღირსეული ქმარი ჰყავს.
გამოგიტყდებით, ჩემი დიდი სიყვარული უკვე ტვირთად მექცა და წარმოდგენა არ მაქვს, როდემდე შევძლებ ამ ტვირთით ცხოვრებას.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია..
გიორგი, 20 წლის.