სკოლის პერიოდში ძალიან ცელქი და აწყვეტილი ბავშვი ვიყავი. კლასის დამრიგებელი და დირექტორი კვირაში სამჯერ მაინც იბარებდნენ დედაჩემს, მაგრამ ვერ მომერივნენ.
თავიდან დედა მამაჩემს უმალავდა ჩემს „საგმირო საქმეებს“, რადგან მამა საკმაოდ პასუხსაგებ თანამდებობაზე მუშაობდა, არც ეცალა და, თანაც, რომ გაეგო, როგორ ვარცხვენდი, არ მაპატიებდა. მეც ამით ვსარგებლობდი და პირველი ამრევი გავხდი სკოლაში.
მაგრამ, ერთხელ ისეთი რამ ჩავიდინე, დედამ აღარ მაპატია და ყველაფერი მამაჩემს უამბო. მამა გადაირია, მეორე დღესვე მივიდა სკოლაში, ნახა სკოლის დირექტორიც, სასწავლო ნაწილის გამგეებიც და დამრიგებელიც.
ერთად მოილაპარაკეს, რომ ჩემს ყოველ ნაბიჯს გააკონტროლებდნენ და საჭიროების შემთხვევაში, მამას მდივანს დაურეკავდნენ. ამ შეთანხმების წყალობით, ცოტა მოვჭკვიანდი, რადგან ჩემი კლასის დამრიგებელი უკვე მდივანს კი არა, პირდაპირ სახლში რეკავდა, თანაც ისეთ დროს, მამაც შინ რომ იყო და კაკალ-კაკალ აბარებდა ანგარიშს ჩემი საქციელის შესახებ.
რამდენჯერმე სკოლაშიც კი დაიბარა, თანაც, პრაქტიკულად, უმიზეზოდ: გუშინ პირველ გაკვეთილზე დაიგვიანაო;
დღეს ისტორიაში გაკვეთილი არ იცოდაო. თავიდან ვერაფერს ვხვდებოდი და მეგონა, დამრიგებელი გადამეკიდა და ამომიჩემა-მეთქი, მაგრამ, ერთ საღამოს, შემთხვევით შევესწარი მამაჩემის მასთან საუბარს და, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა მამაჩემის დათაფლული და მოარშიყე ტონი.
იმ მომენტში ის ესაუბრებოდა არა შვილის კლასის დამრიგებელს, არამედ ქალს, რომლის მოხიბვლასაც ცდილობდა. მაშინ უკვე მეცხრე კლასში ვიყავი, ბიჭობაში შევდიოდი და თვითონაც ვეარშიყებოდი და თავს ვაწონებდი გოგონებს.
ამიტომ ასეთი რამ არ შემეშლებოდა. ეს რომ შევამჩნიე, მამაჩემს დავუწყე თვალთვალი. დაწვრილებით აღარ მოგიყვებით, როგორ დავდევდი კუდში ჩრდილივით, როგორ ვუსმენდი ჩუმ-ჩუმად ტელეფონზე საუბრისას და სერიოზული ეჭვი რომ გამიჩნდა, მერე ჩემს დამრიგებელს დავაკვირდი.
ქალი აშკარად დაუმსახურებლად მაქებდა და მეფერებოდა, თანაც საკმაოდ ხშირად მოიკითხავდა ხოლმე ჩემს მშობლებს და ახლა იმათ ქებას იწყებდა.
ცხადია, ეს მოკითხვაც და შექებაც სინამდვილეში მხოლოდ მამაჩემს ეხებოდა, მაგრამ, რომ არ „გაყიდულიყო“, დედაჩემსაც „დაამატებდა“ ხოლმე.
ერთი სიტყვით, ამდენმა რეკვამ, სკოლაში დაბარებამ და ჩემზე ზრუნვამ, ის შედეგი გამოიღო, რომ ერთ დღეს მამაჩემმა დედაჩემს გამოუცხადა, სხვა შემიყვარდა და მასთან გადავდივარო.
ვინ იყო ეს „სხვა“, დედამ არ იცოდა, მაგრამ, ისე ვიყავი მამაჩემზე გაცოფებული, დედას ვუთხარი, მე ვიცი, ვისთანაც დაბრძანდება შენი ქმარი და ორივეს მწარედ ვაზღვევინებ-მეთქი.
ვაპირებდი, სკოლის დირექტორთანაც მივსულიყავი და ყველაფერი მეთქვა, მამაჩემისთვის კი თავის სამსახურში მომეჭრა თავი, მაგრამ, ბოლო მომენტში ვერ შევძელი. ისევ დედაჩემი შემეცოდა.
თან, ასეთი საქციელის შემდეგ, მეც ვეღარ გამოვიდოდი ქუჩაში. ჩემმა დამრიგებელმა ინამუსა და იმ სკოლიდან სხვაგან გადავიდა სამუშაოდ.
მამაჩემი კი დღემდე ცდილობს, შემომირიგოს, მაგრამ, არ არსებობს, ჩემს სიცოცხლეში ვერ ვაპატიებ, რომ ასე უსინდისოდ მოგვატყუა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში,..
ყურადღება: ფოტო პირობითია
ვანიკო, 16 წლის.