მყავს შეყვარებული, უფრო სწორად, საცოლე, რომელსაც ორი წელი ვხვდებოდი. დაქორწინებას არც ერთი ვჩქარობდით, რადგან თამთა სტუდენტი იყო, მეც ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა და ვფიქროდით, ცოტა მყარად რომ დავდგებოდით ფეხზე, მერე შეგვექმნა ოჯახი.
ბოლოს შევთანხმდით, რომ თამთა დაამთავრებდა თუ არა უნივერსიტეტს, იმ ზაფხულს მოგვეწერა ხელი. მაგრამ, ზაფხულში ეს საქმე ვერ მოვაგვარეთ, რადგან თამთამ მაგისტრატურაში ჩააბარა.
ბოლოს დავთქვით, ძველით ახალ წელს გადაგვეხადა ქორწილი და სექტემბრიდან ორივე ამის სამზადისში ვიყავით.
ზუსტად 31 დეკემბერს კი ჩემმა საცოლემ გამომიცხადა, 10 იანვარს ამერიკაში უნდა ვიყო, სწავლის გასაგრძელებლად მივდივარო. არ ვიცი, მართალი თქვა თუ მომატყუა, მაგრამ, როგორც საუკეთესო სტუდენტს, მაგისტრატურამ გაუწია რეკომენდაცია და ამერიკის რომელიღაც უნივერსიტეტიდან თანხმობა მოსულა.
მერე ჩვენი ქორწილი-მეთქი? – ვკითხე შოკირებულმა. ასეთი შანსი ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ ეძლევა და ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებ. ორ-სამ წელიწადში ჩამოვალ და ქორწილზე მერე ვილაპარაკოთო.
ამ პასუხმა ყველაფერი ნათელი გახადა. ესე იგი, არ ვუყვარვარ. მართალია, ცდუნება დიდია, მაგრამ ამერიკაში წასვლის გამო მთელი შენი ცხოვრება შეცვალო – ეს ჩემთვის მიუღებელია.
პროტესტი რომ გამოვთვქვი, ნიშნის მოგებით მკითხა, – შენ რომ ყოფილიყავი ჩემს ადგილას, როგორ მოიქცეოდიო. მე ვუთხარი, არ წავიდოდი-მეთქი.
ირონიულად გაიცინა და მითხრა, ამას ახლა ამბობ, თორემ, ერთი წუთითაც არ დაფიქრდებოდი, ისე გაიქცეოდიო.
არადა, გულწრფელად გეუბნებით, თამთას ნამდვილად ვერ ვანაცვალებდი ვერსად წასვლას.
თვითონაც კარგად იცის, რომ ორი-სამი წელი ის დროა, როცა ადამიანს შეიძლება ტვინი გადაუბრუნდეს, ან ვიღაც ისეთი შეხვდეს, საცოლე და საქმრო კი არა, ყველა დაივიწყოს. რატომ უნდა შევაგდოთ სასწორზე ჩვენი სიყვარული.
ხომ იცი, თვალი თვალს რომ მოშორდება, გულიც გადასხვაფერდება-მეთქი, – ვუთხარი. ამაზე თავხედურად მიპასუხა, ეტყობა, შენ შენი თვალისა და გულის იმედი არ გაქვსო.
მოკლედ, კარგა გვარიანი ჩხუბი გამოგვივიდა და შესაბამისად, „ძვირფასი“ ახალი წელი გამითენდა. მთელი კვირა ისე გავიდა, აღარ დამირეკავს.
გაჯიბრება არ მჩვევია, მით უმეტეს, თამთას მიმართ, მაგრამ, იმიტომ არ დავურეკე, იქნებ იგრძნოს, რომ ძალიან მატკინა გული და, სხვა თუ არაფერი, დამირეკოს და მომიბოდიშოს-მეთქი.
მაგრამ, როგორც ჩანს, ისე იყო მისი გული და გონება ამერიკით დაკავებული და წასვლის სამზადისით გართული, არც გავხსენებივარ. რვაში თუ ცხრაში კი ჩემი საცოლე ამერიკაში გაფრინდა, თან ისე, რომ არც დამემშვიდობა.
ძალიან მაინტერესებს, იქ მაინც თუ გავახსენდები და რამდენიმე დოლარს თუ გაიმეტებს ჩემთან დასარეკად. ჯერ ერთი, ისედაც განვიცდი, რაც მოხდა; მეორეც, საშინლად დამამცირა ყველას წინაშე.
ჩემი ოჯახის წევრებისთვის თვალი ვერ გამისწორებია, აღარაფერს ვამბობ მეგობრებზე, ჩვენი ქორწილისთვის რომ ემზადებოდნენ.
2 იანვრიდან, პრაქტიკულად, არავინ მინახავს – ყველას ვემალები და თავს ვარიდებ. რა უნდა ვუთხრა, ვის როგორ ავუხსნა, რაც მოხდა?!
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
დათო, 25 წლის.