ცოლი სიყვარულით არ შემირთავს, მაგრამ გრძნობა ურთიერთობაში გაჩნდა. უაღრესად მოსიყვარულე და კარგი მეოჯახე ქალი გამოდგა. შეგვეძინა ერთი ვაჟი, რომელიც უკვე 7 წლის გახდა.
ბედნიერებისგან ცაში დავფრინავდი და ჩემს ცოლ-შვილს შევხაროდი, მაგრამ, ადამიანმა არასდროს არ იცის, საიდან მოელის განსაცდელი.
რას წარმოვიდგენდი, რომ ჩვენს მყუდრო ოჯახს რამე დაანგრევდა. არადა, ასე მოხდა. ერთმა, ერთი შეხედვით, სრულიად ჩვეულებრივმა გარემოებამ, ჩემი ნაფერები შვილი უდედოდ დატოვა.
საქმე კი ისაა, რომ შარშან გაზაფხულზე მთელი ოჯახით წავედით ნათესავის ქორწილში. უკან დაბრუნებისას დეიდაჩემმა მთხოვა თავის შვილიშვილზე: დედით ობოლია, მე აღარ მიჯერებს, იქნებ, შენთან წაიყვანო და რამე სამსახური უშოვო, თორემ, მეშინია, უსაქმურობისგან აქ რამე შარს არ გადაეკიდოსო.
დეიდას უარი ვერ ვუთხარი და წავიყვანე. სამსახურშიც მალე მოვაწყვე და თან ვყვებოდი. თავიდან გელა კარგად იქცეოდა, თუმცა, მერე რაღაც უცნაურობა შევნიშნე. ჯერ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, მაგრამ, მალე გაირკვა, რომ გელას ჩემს ცოლთან სასიყვარულო ურთიერთობა გაეჩაღებინა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
19 წლის ბიჭი და ასეთი ნაძირალა – ცხოვრებაში არ შემხვედრია, მაგრამ, უფრო მეტად ჩემი ცოლის საქციელმა აღმაშფოთა. 28 წლის ქალმა, ქმარ-შვილის პატრონმა, როგორ დაიჭირა საქმე ამ ლაწირაკ გარეწართან, დღესაც ვერ გამიგია.
იძულებული გავხდი, ცოლი თავის მშობლებთან გამეგზავნა რაიონში. გელამ ბებიამისს რამდენიმე თვის პენსია გამოსძალა და ჩემს ცოლს ჩააკითხა. მერე ცოლი ჩემს მშობლებთან გავგზავნე ბავშვიანად, მაგრამ გელამ იქაც მიაგნო და უკვე არავის აღარ ერიდებოდნენ.
აგვისტოს ბოლოსთვის ცოლ-შვილი ჩამოვიყვანე, რადგან ბავშვი სკოლისთვის უნდა მოგვემზადებინა, მაგრამ, იმის ნაცვლად, შვილისთვის მიეხედა, საათობით ელაპარაკებოდა ტელეფონზე გელას, მე კი მატყუებდა, დედაჩემი მირეკავსო.
იქამდე მივიდნენ, რომ სასტუმროში ხვდებოდნენ ერთმანეთს, რაც გაუგებარი არ რჩებოდა. დედაჩემმა, ჩემს ჩუმად, რამდენჯერმე დასვა და დედაშვილურად დაარიგა,
ჩემმა დეიდაშვილმაც დაურეკა და დაემუქრა, ოჯახს ნუ ანგრევ, თორემ, ცოცხალი ვერ გადამირჩებიო, მაგრამ, თავისას მაინც არ იშლიდა. ისიც გვიან გავიგე, რომ გელას გიჟის საბუთი ჰქონია და, თურმე, ყველას უყვებოდა, მანანა ჩემზე გიჟდება და ცოლად უნდა შევირთოო.
ერთ დღესაც, მანანამ რამდენიმე ჩანთაში ჩააწყო ყველაფერი, რაც ოჯახისთვის იყო საჭირო და გელასთან ერთად გაიპარა, შვილი კი ქუჩაში მიატოვა.
საწყალი ბიჭი შუაღამემდე სახლში არ მომყვებოდა – დედიკოს ველოდებიო. ღამის 12 საათზე მესიჯი მომივიდა – თურქეთის საზღვარი გადავკვეთეთო, არადა, ვიცი, რომ თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს გელასთან ერთად.
ბავშვი ისე განიცდიდა ამ ამბავს, საჭმელს არ ჭამდა და საავადმყოფოშიც კი მეწვინა. საწყალმა ბიჭმა დედამისს მესიჯი გაუგზავნა, საავადმყოფოში ვარ, წვეთოვანი ჩამიდგეს და მოდიო, მაგრამ დედამისმა მოკლე პასუხი გამოუგზავნა – ვერ გნახავო.
ამის მერე რაღა უნდა ელაპარაკო. მაგრამ, მე ის მაოცებს და ვერ გამიგია, როგორ მოხდა ამ ადამიანის ასეთი გადასხვაფერება, რა ჯადო გაუკეთა იმ ნაგიჟარმა გელამ ისეთი, რომ მზრუნველი დედა და ცოლი ასეთ უზნეო არსებად იქცა?!
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
დიმიტრი, 40 წლის.