გავთხოვდი მრავალსულიან ოჯახში. ჩვენთან ცხოვრობდნენ: ნიკას მშობლები, გაუთხოვარი და და ცოლშვილიანი ძმა. წლების განმავლობაში ხმა არ ამომიღია ზედმეტად, რომ უსიამოვნება არ მომხდარიყო.
ცხადია, როცა ერთ ოჯახში (მით უფრო – ერთ ბინაში) ამდენი სული ცხოვრობს, „ბომბის“ აფეთქება ყოველ წუთსაა მოსალოდნელი, მაგრამ ასეთი რამ ჩვენთან არ მომხდარა, ყოველ შემთხვევაში, ჩემ გამო.
რა თქმა უნდა, ბევრი რაღაც არ მომწონდა, ბევრის საქციელი ან სიტყვა მაღიზიანებდა და ხშირად ცრემლებამდეც კი მივსულვარ, მაგრამ, ჩემი ქმრის ხათრით ყველაფერს ვუძლებდი და ვიტანდი.
ჩემი გათხოვებიდან ხუთი წლის შემდეგ მული გამითხოვდა, კიდევ ორი წლის მერე მაზლმა იყიდა ბინა და თავისი ოჯახით ცალკე გადავიდა, ნიკას მშობლებმა კი, პენსიაზე გასვლის შემდეგ, სოფელში გადაწყვიტეს წასვლა (მცხეთის რაიონში არაჩვეულებრივი სახლი აქვთ, ბაღითა და პატარა მეურნეობით) და, როგორც იქნა, დავრჩით მე და ჩემი ქმარ-შვილი მარტო.
მაშინ ვიგრძენი, რამხელა ბედნიერება ყოფილა, როცა მხოლოდ შენს პირად ოჯახზე ხარ პასუხისმგებელი.
ახალმა სიტუაციამ ნიკას თითქოს ახალი ენერგია და სიხალისე მისცა, მეც და ბავშვებსაც განსაკუთრებული ყურაღდებით გვექცეოდა, თან, სულ იმაზე მიხდიდა მადლობას, ამდენი წლის განმავლობაში ასე უკონფლიქტოდ რომ უძლებდი ჩემიანებს, თან ჰყვებოდი ყველას და ჩვენც გვივლიდიო.
მერე ისე მოხდა, რომ მამა გარდამეცვალა, დედას ნერვიულობის გამო დამბლა დაეცა და ლოგინად ჩავარდა. მართალია, მშობლები ჩემი ძმის ოჯახთან ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ ჩემი რძალი მეოთხე შვილზე იყო ფეხმძიმედ, ის სამიც ძალიან პატარები ჰყავდა და, თავისთავად ცხადია, დედაჩემს ვერ მოუვლიდა.
ბინაც არ ჰქონდათ იმხელა, რომ მე გადავსულიყავი მათთან (თუმცა, ამასაც ვერ ვიზამდი, რადგან მეც ხომ ჩემი ოჯახი მყავდა მოსავლელი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილები უკვე წამოზრდილები იყვნენ), არც იმის საშუალება გვქონდა, მომვლელი დაგვექირავებინა.
ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი ის იყო, დედა ჩემთან გადმომეყვანა, მით უფრო, რომ ერთი პატარა ოთახი თავისუფალი გვქონდა. ეს ვუთხარი კიდეც ჩემს ძმას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ნიკასაც უნდა შევთანხმებოდი.
ეს შეთანხმებაც ზრდილობის გამო გადავწყვიტე, რადგან, დარწმუნებული ვიყავი, მეტყოდა, ასეთ რამეს როგორ მეკითხები, ცხადია, ჩვენ უნდა წამოვიყვანოთო. მაგრამ, თურმე, თორმეტწლიანი თანაცხოვრების მიუხედავად, აბსოლუტურად არ მცნობია ჩემი ქმარი.
თავისი კატეგორიული უარი დედაჩემის გადმოყვანაზე ასე ამიხსნა: ის ოთახი იმისთვის მჭირდება, სტუმარი რომ მომივა, ღამე გავათენებინო; ან, იქნებ სულაც, ჩემმა მშობლებმა მოინდომეს რამდენიმე დღით ჩვენთან ჩამოსვლა და დარჩენა.
რა ვუპასუხო, სიდედრი შევასახლე იმ ოთახში, თქვენთვის ადგილი აღარ დამრჩა და არ ჩამოხვიდეთ-მეთქი?! არ გამოვა ეგ საქმე, რამე სხვა მოიფიქრე.
ძლივს მარტო დავრჩით ბინაში და ახლა ლოგინად ჩავარდნილი სიდედრის კვნესის მოსმენის თავი ნამდვილად არ მაქვსო. ისე მეწყინა, ისე მეტკინა გული, რომ ნიკას დანახვაც აღარ მინდოდა.
თითქმის მთელი დღე დედაჩემთან ვიყავი, ხანდახან ღამითაც იქ ვრჩებოდი, მერე უთენია სახლში მოვრბოდი, ამათ დავხედავდი და ისევ დედასთან გავრბოდი.
ერთ დღეს კი, გამთენიისას რომ მოვქანდი დედაჩემისგან, რომ ოჯახისთვის მიმეხედა, სახლში სტუმარი დაგვხვდა – სოფლიდან ჩამოსული ვიღაც ხნიერი კაცი.
ნიკამ მითხრა, მამაჩემის მეზობელია მცხეთაში, ფეხი მოაჭრეს და ერთი თვე ჩვენთან უნდა იყოს, რადგან თბილისში არავინ ჰყავს ნათესავიო.
მერე, ვინ უნდა მოუაროს-მეთქი, – ვკითხე ჭკუიდან გადასულმა. ხან მისი ცოლი ჩამოვა რამდენიმე დღით და ხან ქალიშვილი და ისინი მიხედავენ, შენ კი, როცა სახლში იქნები, ცოტა ხელს წააშველებ.
ამ კაცისგან ისეთი პატივნაცემია მამაჩემი, ჩვენგან უფრო მეტიც ეკუთვნისო ისე გავცოფდი, მთელი ხმით ავყვირდი. აღარც კი მახსოვს, რას ვამბობდი, იმაში კი დარწმუნებული ვარ, საშინელი სიტყვები ვუწოდე.
იმ საწყალმა კაცმა ყველაფერი გაიგონა, მაგრამ სხვაგან გადასვლა აზრადაც არ მოსვლია. ნიკამ კი ჩემი ყვირილისა და ჩხუბის დასრულების შემდეგ მოკლედ მიპასუხა: ეს ბინა ჩემია, ამ ოჯახში მე ვარ უფროსი და ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მინდა.
თუ არ მოგწონს, შეგიძლია, მიბრძანდეო. ეს სიტყვები უკვე ბოლო წვეთი იყო – მეორე დღესვე შევიტანე განცხადება გაყრაზე და, რაც იურიდიულად გვეკუთვნოდა მე და ჩემს შვილებს, ყველაფერი მოვითხოვე.
დიდი ბრძოლისა და წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, ვაჟბატონი იძულებული გახდა, ბინა დაეშალა და ნახევარი ჩვენთვის მოეცა.
მართალია, ორ ოთახში მთლად თავისუფლად ვერ ვეტევით ოთხი სული (მე, დედაჩემი და ჩემი ორი შვილი), მაგრამ, სამაგიეროდ, საცოდავ დედაჩემს, რომელსაც დიდი დღე აღარ უწერია, სიცოცხლის ბოლო დღეებში მაინც მოვუვლი ისე, რომ მერე სინანულმა არ შემიპყროს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
დალი, 38 წლის.