იმ ასაკში აღარ ვარ, წერილები ვწერო, თანაც, პირად ცხოვრებაზე, მაგრამ, უსაქმურობა რას არ გააკეთებინებს კაცს. უსაქმურობაში კი იმას ვგულისხმობ, რომ, ორი წელია, არსად აღარ ვმუშაობ – ჩვენს სამსახურში ახალი დირექტორი მოვიდა და, როგორც ხდება ხოლმე, ძველი და გამოცდილი თანამშრომლები იძულებით პენსიაზე გაგვიშვა (თუმცა ერთი რვა წელი მაინც მაკლია საპენსიო ასაკამდე) და ჩვენ ნაცვლად თავისი მეგობარ-ნათესავები მიიღო.
მაგრამ, ახლა ამაზე არ გწერთ. ეს, უბრალოდ, იმიტომ გავიხსენე, რომ ამის გამო აღმოვჩნდი სახლში, უფუნქციოდ. მართალია, ცოცხალ კაცს საქმეს რა გამოულევს, მაგრამ, ხომ იცით, კაცი მაშინ აღარ არის ოჯახის უფროსი, როცა ოჯახს აღარ (თუ ვეღარ) არჩენს.
ამიტომ, თავისუფალი დრო საკმაოზე მეტი მრჩება და, ხშირად, როცა მარტო ვარ, ვზივარ ბუხართან და ჩემს აწმყოსა და წარსულზე ვფიქრობ (მომავალზე ფიქრს აზრი აღარ აქვს; ყოველ შემთხვევაში, პირად ცხოვრებაში რომ არანაირ მომავალს აღარ ველი, ეს ზუსტად ვიცი).
არ გაგეცინოთ და, ჩემი ფიქრები ძირითადად ისევ ქალებს დასტრიალებს, ოღონდ, იმ ქალებს, ვისაც ჩემი სიჭაბუკიდან დღემდე, რაღაც კვალი (დადებითი ან უარყოფითი) დაუტოვებიათ ჩემს ცხოვრებაში.
ამჟამად ცოლიც მყავს, შვილებიც და შვილიშვილებიც, მაგრამ, მაინც მარტოსულად ვგრძნობ თავს, რადგან, შვილები გათხოვდნენ და ცალკე ცხოვრობენ, შვილიშვილებს თვეში ერთხელ თუ გავახსენდები, ცოლი კი დილიდან საღამომდე მუშაობს და ისეთი დაღლილი მოდის სახლში, ლაპარაკის თავიც აღარ აქვს.
თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ, ჩემთან ლაპარაკის, თორემ, თუ რომელიმე დაქალმა დაურეკა, საათობით ქაქანებს ტელეფონზე. მე კი, რაზეც არ უნდა ჩამოვუგდო სიტყვა, მარტო „ჰო“ და „არა“ ემეტება ჩემთვის. ამას წინათ ვუსაყვედურე კიდეც – სახლში რომ არ დაგხვდე, ალბათ, ამასაც ვერ შეამჩნევ.
მე მთელი დღე გელოდები, რომ რაღაც ვუთხრათ ერთმანეთს, აზრები გავუზიაროთ, შენ კი კეთროვანივით გამირბიხარ. მეც ადამიანი ვარ, დავიღალე მარტო ყოფნით, საუბარი, თანაგრძნობა, თანადგომა და ზრუნვა მჭირდება-მეთქი.
ამ სიტყვების გაგონებაზე ცოლმა ირონიულად გადმომხედა და ნიშნის მოგებით მიპასუხა: აბა, გაიხსენე, რამდენი წელი გელოდებოდი დილიდან საღამომდე; რამდენი წელი გეხვეწებოდი საუბარს, ზრუნვას, თანადგომას;
რამდენჯერ მითხოვია, თუნდაც კვირაში ერთხელ, ნახევარი საათი მაინც დაგეთმო ჩემთვის, ან, თუნდაც, ელემენტარული ყურადღება გამოგეჩინა, სადმე ერთად წავსულიყავით, ან, ერთხელ მაინც შეგექე, რამით გაგეხარებინე…
მაგრამ, შენ ყველა ის წელი, რაც შენი ცოლი ვარ, მარტოობაში გამატარებინე და მეც შევეჩვიე, რომ სიკვდილამდე სულ მარტო უნდა ვიყო.
ამიტომ, ნუ გიკვირს, აღარც კი ვიცი, ელემენტარული საუბრის გაბმა, როგორ ხდება. რაც შემიძლია, გემსახურები: გაჭმევ, გასმევ, გაცმევ, გახურავ, გირეცხავ, გიუთოებ და, ახლა, გამრთობის როლსაც ნუღარ შემათავსებინებ, მაინც არ გამომივაო.
საშინლად გავბრაზდი და ისე ვეჩხუბე, მერე თვითონვე დავლიე ვალერიანის წვეთები, მაგრამ, ცოტა რომ დავწყნარდი და მისი სიტყვები გავაანალიზე, საკუთარ თავს გამოვუტყდი, რომ ყველაფერი მართალი მითხრა და, ახლა ასე მარტო რომ ვაგდივარ კუნძივით, ჩემი ბრალია.
სულ მეგობრებს, ძმაკაცებს, ქალებს ვიყავი გადაყოლილი, ცოლისთვის მართლაც არასდროს მეცალა. ისიც გამახსენდა, რომ ორივე ფეხმძიმობის დროს ექიმმა დილა-საღამოს ფეხით სიარული გამოუწერა და მე ვერც ერთხელ ვერ მოვიცალე, გავყოლოდი.
საწყალი, მარტო სეირნობდა ხოლმე ამხელა მუცლით, საღამოობით კი ჩუმად ტიროდა. მე ვხვდებოდი, რა იყო მისი ტირილის მიზეზი, მაგრამ, არ ვიმჩნევდი, ის კი არა, იქით ვუტევდი – ტვინი ნუ წაიღე შენი წკმუტუნით-მეთქი.
თავი მაგარ კაცად მიმაჩნდა, ცოლს სურვილებს რომ არ ვუსრულებდი. მეგონა, თავიდანვე უნდა შეჩვეოდა იმას, რომ მე ჩემი ცხოვრება მქონდა, რომელშიც არავის ჩავრევდი, მას კი მორჩილი ცოლის როლში ბედნიერ ქალად უნდა ეგრძნო თავი.
კიდევ ბევრი მსგავსი რაღაც გამახსენდა და ისე შემძულდა საკუთარი თავი, მზად ვიყავი, ფანჯრიდან გადავმხტარიყავი.
მერე წარმოვიდგინე, ვაითუ, ჩემს გოგოებსაც ასე ექცევიან ქმრები და შვილები მე არ მიმხელენ-მეთქი. ამის გაფიქრებაზე ისე გადავირიე, კინაღამ სახლში მივუვარდი სიძეებს.
ერთი სიტყვით, ძალიან დიდხანს და ბევრს ვფიქრობდი ჩემს განვლილ ცხოვრებაზე, ჩემს დამოკიდებულებაზე ცოლ-შვილის მიმართ და საოცრად შემეცოდა ჩემი ცოლი, რომელიც ოჯახსაც არჩენდა, ჩვენც გვივლიდა, ჩემს ხუშტურებსაც უძლებდა და ჩემს უყურადღებობასაც იტანდა,
თანაც ისე, ერთხელაც არაფერი წამოსცდენია არც თავის მშობლებთან, არც დაქალებთან, არც მეზობლებთან. ის კი არა, ისე მაქებდა ყველგან და ისეთ ლეგენდებს თხზავდა ჩემს კარგ ქმრობაზე, ყველას რომეო და ჯულიეტა ვეგონეთ.
ეს ყველაფერი რომ გამახსენდა, გადავწყვიტე, ბოდიში მომეხადა მისთვის, მომენანიებინა ყველაფერი და რამე კარგი საჩუქრით გამომესყიდა ჩემი დანაშაული, მაგრამ, მან არც ჩემი ბოდიში მიიღო, არც მონანიება დაიჯერა და საჩუქარიც უკან დამიბრუნა – მე ეს მაშინ გამიხარდებოდა, როცა მიყვარდი და თვალებში შემოგციცინებდი;
როცა შენი ყურადღებისა და ზრუნვის ნატვრაში ამომდიოდა სული, ახლა კი მოსმენაც მაღიზიანებს. სიმართლე გითხრა, უკვე აბსოლუტურად სულერთია, გიყვარვარ თუ გძულვარ, ნანობ თუ არა. ამდენი წელია, გათხოვილი ვარ და, ისიც კი არ ვიცი, კაცი რა არისო.
მაშ, რატომ არ გამეყარე-მეთქი, – ვკითხე გაწბილებულმა. იმიტომ, რომ ბავშვებს არ უნდოდათ. მითხრეს, მამა სულ მთლად „გაბრადიაგდება“ და ისევ ჩვენი სირცხვილიაო (მაშინ ძალიან ბევრს ვსვამდი, თითქმის ყოველდღე გატიალებული მივდიოდი სახლში და სკანდალსაც ვაწყობდი).
აი, ასე, ჩემო კარგებო. ახალგაზრდობაში, მაპატიეთ, მაგრამ, ცოლი ფეხებზე დავიკიდე და სიბერეში მივიღე პასუხი, თანაც, ისეთი, რომ ბოლომდე ჩამიწიხლა ჩემი მამაკაცური თავმოყვარეობა. მაგრამ, ვერაფერი ვუპასუხე, რადგან აბსოლუტურად მტყუანი ვიყავი მის წინაშე და ხმა არ ამომეღებოდა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია; წყარო: თბილისელები
ალე, 57 წლის.