ძალიან მკაცრად გამზარდეს. მთელმა ახალგაზრდობამ ისე ჩაიარა, ჩემი მშობლების შიშით, ბიჭს არ შევხვედრივარ პაემანზე. ცოლადაც იმას გავყევი, ვინც ოჯახმა შემირჩია.
სიმართლე გითხრათ, თავიდანვე არ მინდოდა მასზე გათხოვება, მაგრამ, რადგან ბინა და სამსახური ჰქონდა და არ იყო კრიმინალი (მაშინ ეს იყო მთავარი კრიტერიუმები), ჩემებმა ჩათვალეს, რომ საუკეთესო ვარიანტი გამომიჩნდა და უარი არ უნდა მეთქვა.
თუმცა, უარის ალბათობა არც დაუშვიათ, ჩათვალეს რომ, რადგან თვითონ მოეწონათ კანდიდატურა, მე უფლება არ მქონდა, არ მომწონებოდა. როგორც იტყვიან, „ზრდილობის გულისთვის“, რამდენიმე თვე ვხვდებოდით ერთმანეთს და მთელი ამ ხნის განმავლობაში დედაჩემი მარტო იმას მეკითხებოდა, ხომ არაფერი უთქვამს ქორწილის შესახებო.
რომ ვეტყოდი, არა-მეთქი, მეუბნებოდა, მაშინვე უთხარი თანხმობა, დროს ნუღარ გაწელავო. ერთხელაც არ უკითხავს, მე თუ მომწონდა, ან, საერთოდ, რაიმე გრძნობა გამაჩნდა თუ არა იმ კაცის მიმართ, რომელსაც ცოლად უნდა გავყოლოდი.
ამ თვეების განმავლობაში დავრწმუნდი, რომ მალხაზი არ იყო ის კაცი, რომლის გვერდითაც მე ბედნიერ ქალად ვიგრძნობდი თავს. ვერაფერს განსაკუთრებულს (ცუდს ვგულისხმობ) მასზე ვერ ვიტყოდი, მაგრამ, შინაგანად ვგრძნობდი (თან, რამდენჯერმე, წვრილმან ეპიზოდებში „გაიყიდა“), რომ აბსოლუტურად სხვადასხვა ტიპები ვიყავით.
მთავარი უარყოფითი თვისება, რაც მე მასში დავინახე, იყო სიძუნწე. ყველაზე ძუნწი კაციც კი (მით უმეტეს, ახალგაზრდა კაცი) ცოლად შერთვამდე მაინც ცდილობს, ამ ქალთან ასე თუ ისე ხელგაშლილი იყოს, მალხაზი კი სულ იმას „ჩალიჩობდა“, თუ სადმე ერთად წავიდოდით, ნაკლებ ხარჯში გამოსულიყო.
მაგალითად, ერთხელ კინოში დამპატიჟა და სალაროსთან დიდი რიგი დაგვხვდა. მეორე სალაროსთან კი, საიდანაც შეკვეთილ ბილეთებს ყიდდნენ, არავინ იდგა. თუ ამ სალაროში ლარით მეტს გადაიხდიდი, ურიგოდ აიღებდი ბილეთს, სამაგიეროდ, მთელი საათი რიგში აღარ დადგებოდი. რომ ვუთხარი, იმ სალაროში მივიდეთ-მეთქი, მიპასუხა, 4 ლარი რატომ გადავყარო, როცა იქნება, ხომ მოგვიწევს რიგიო.
მთელი ორი საათი ჩამოვწყდით ფეხზე დგომით და, როგორც იქნა, აიღო ბილეთები, მაგრამ სულ ბოლო რიგის განაპირა ადგილები შეგვხვდა და, პრაქტიკულად, ვერც კი ვხედავდი ეკრანს.
მე მეგონა, რომ კარგი ადგილები გაყიდული იყო, მაგრამ, რამდენიმე დღის შემდეგ სრულიად შემთხვევით, მისგანვე გავიგე, რომ მაშინაც ეკონომია გააკეთა, რადგან უკეთესი ადგილები ოდნავ მეტი ღირდა.
ერთხელ კიდევ, სასწაული მოხდა და 8 მარტს რესტორანში დამპატიჟა. მართალია, მხოლოდ ხილი და ერთი ბოთლი შამპანური შეუკვეთა, მაგრამ, ეს ისეთი გმირობა იყო მისი მხრიდან, ვიფიქრე, რაღაცაშია საქმე-მეთქი. მოკლედ, დავსხედით, დავიწყეთ საუბარი, მადღეგრძელა, მერე რაღაც ამბავი გაიხსენა…
რესტორანი კი სავსეა ხალხით, უკრავს მუსიკა, ყველა ცეკვავს, არის ერთი ხმაური, სიცილ-კისკისი. ვთხოვე, ვიცეკვოთ-მეთქი და, კინაღამ გადაირია – გამორიცხულიაო, ისე მკაცრად მითხრა, შიშით მთელი საღამო აღარ ამომიღია ხმა. ამ დროს დარბაზში ახალგაზრდა ქალი შემოვიდა ყვავილებით სავსე კალათით.
ყველა მაგიდასთან სათითაოდ იხმობდნენ კაცები და თავიანთი თანმხლები ქალებისთვის ყვავილებს ყიდულობდნენ (შეგახსენებთ, რომ 8 მარტი იყო). ის ქალი ჩვენს მაგიდასაც რამდენჯერმე მოუახლოვდა, ყოველ მოსვლაზე კარგა ხანს ჩერდებოდა და თვალებში შეჰყურებდა ჩემს კავალერს, ანუ, თვალებით ეკითხებოდა, რამდენი ვარდი, ია ან მიხაკი მივართვა შენს ქალბატონსო,
მალხაზი კი ვითომ ვერ ამჩნევდა და მის ყოველ მოახლოებაზე ხან ჩანგალი უვარდებოდა იატაკზე და იმას ეძებდა, ხან სიგარეტს უკიდებდა, ხან ვითომ დარბაზში ეძებდა ვიღაცას – აქეთ-იქით იყურებოდა, სანამ მეყვავილე არ გაგვეცლებოდა. ჩვენს მაგიდასთან მესამედ თუ მეოთხედ მოსვლის შემდეგაც იგივე რომ გაიმეორა, მეყვავილემ უთხრა:
კარგი, გეყო, დამწვარო, ნუ იკლაკნები და იტანჯები, აღარ მოვალ შენს მაგიდასთან, არც ასეთი ნაყიდი ყვავილები არ სჭირდება ამ გოგოსო – და წავიდა. იმის ნაცვლად, რომ შერცხვენოდა, შვებით ამოისუნთქა, ფულის დახარჯვას რომ გადაურჩა.
კიდევ უამრავი ეპიზოდი შემიძლია, გავიხსენო, მაგრამ, რა აზრი აქვს გახსენებას, მთავარი ის არის, რომ, მალხაზს მაინც გავყევი ცოლად და, მიუხედავად იმისა, რომ ვერაფრით ვერ შევიყვარე, დღესაც მასთან ერთად ვცხოვრობ, ვუზრდი შვილს და ვემსახურები, რაც შემიძლია, თუმცა, პასუხად ერთი თბილი სიტყვის ღირსიც კი ვერ გავხდი.
ის კი არა, რომ ვთხოვო, ხვალამდე ორი ლარი მასესხე-მეთქი და, შემთხვევით, დროზე ვერ დავუბრუნო (რა თქმა უნდა, თუ მომცა) ათასჯერ შემახსენებს, ჩემი ორი ლარი როდის უნდა მომცეო.
თვითონ კი ას ლარს ისე შეიტყაპუნებს, არც იფიქრებს დაბრუნებას. სამაგიეროდ, თავის მეგობრებთან და მათ ცოლ-შვილთან ისე გამოიდებს თავს, იმდენს დაახარჯავს, ისე გადაჰყვება თან, ყველას ჰგონია, რომ ასეთი დარდიმანდი, ხელგაშლილი და კეთილი კაცი თბილისში არ დადის და, ვგრძნობ, რომ ყველას შურს ჩემი. მაგრამ, ვინ რა იცის, რა „ფრთიანი ანგელოზი“ მყავს სახლში.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
დოდო, 38 წლის.