32 წლის გავთხოვდი. მე და კოკა ათი წელი ვმუშაობდით ერთ დაწესებულებაში. ჯერ დავმეგობრდით, მერე კი ისე შევეჩვიეთ ერთმანეთს, ცოლობა რომ მთხოვა, არც გამკვირვებია და არც უარი მითქვამს – მაშინვე დავეთანხმე, თითქოს ველოდი კიდეც, ასე რომ უნდა მომხდარიყო.
რომ იტყვიან, თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე ვიცნობდით ერთმანეთს და ამიტომ ერთად ცხოვრება არ გაგვჭირვებია. არც მე ვარ კონფლიქტური, მაგრამ, კოკა მთლად მშვიდობის მტრედი იყო. თხუთმეტი წელი ისე ვიცხოვრეთ ერთად, ერთი უბრალო წაკინკლავებაც კი არ მოგვსვლია.
მე პატარაობიდანვე დამოუკიდებელი ვიყავი და, თავისთავად, ისე მოხდა, რომ ოჯახის სადავეები მე ავიღე ხელში, რასაც ჩემი ქმარი სიამოვნებით დათანხმდა და წლების განმავლობაში ჩვენს სახლში ყველაფერი ისე კეთდებოდა, როგორც მე ჩავთვლიდი საჭიროდ.
თავიდან მიხაროდა კიდეც, კოკა სულ თვალებში რომ შემომციცინებდა და ლამის ყველაფერზე ჩემგან იღებდა ნებართვას, მაგრამ, მერე ეს თანდათან მომბეზრდა და მივხვდი, რომ ძალიან დავიღალე არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ, მორალურადაც, რადგან კოკა არასდროს არაფრის ინიციატორი არ ყოფილა.
ამ ერთფეროვანმა მშვიდობიანობამ ისე მომაბეზრა თავი, რომ უკვე ვნატრობდი, ნეტავი რამეზე იყვიროს, მეჩხუბოს, მუშტი დაარტყას მაგიდას და რაღაცაზე პრეტენზია გამოთქვას-მეთქი, მაგრამ, თქვენც არ მომიკვდეთ.
ის კი არა, რამდენჯერმე სპეციალურად გავაკეთე რაღაც ისეთი, რომ წყობიდან გამომეყვანა, მან კი, გაბრაზების ნაცვლად, მითხრა, რა კარგად მოგიფიქრებიაო.
ხომ გახსოვთ ქართული ფილმი „წკიპურტები“. იქ ერთ-ერთ ნოველას „არმაწყენინე“ ჰქვია და თითქმის იმ მდგომარეობაში ჩავვარდი, ზურაბ ქაფიანიძის გმირი ღრიალით რომ გარბის.
ჩემი დაქალები გიჟდებიან კოკაზე და თეთრი შურით შურთ ჩემი, რადგან თავიანთი ქმრების პოხონდრიებისგან მოსვენება აღარ აქვთ. შემომნატრიან და მეუბნებიან, ასეთი ქმრის ხელში რა დაგაბერებსო, მაგრამ, ახლა მე მკითხონ.
მთელი თხუთმეტი წლის განმავლობაში ერთ ტალღაზეა, ერთნაირად კმაყოფილი და ბედნიერია ყველაფრით, მაგრამ, რომ ჰკითხო, პური რა ღირს ან ბაზარი სად არის, არ იცის – არასდროს წასულა რამის საყიდლად და იმიტომ. ახლა, წლების შემდეგ რომ ვფიქრობ და ვაანალიზებ, ვრწმუნდები, რომ ჩვენგან წყვილი არ შედგა.
ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, ქმარზე რომ ამას ვამბობ, მაგრამ, კოკამ ცოლი კი არ შეირთო, გათხოვდა, პატრონი გაიჩინა და ახლა მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობს.
მე კი, შემიძლია ვთქვა, დავცოლშვილდი და, გადამწვარი ნათურის გამოცვლით დაწყებული, აგარაკის მშენებლობითა და მანქანის ყიდვით დამთავრებული (ეს ყველაფერი ჩემი ნაგროვები და მამაჩემის მოცემული ფულებით გვაქვს),
ყველაფერი ჩემი სარბენ-საზრუნავია. ახლა ვხვდები, რომ მე არასდროს მყოლია ქმარი, ჩემს შვილებს კი – მამა, რადგან, მარტო „გენაცვალოს მამიკო“ ორი გოგოს და ერთი ბიჭის გაზრდასა და აღზრდას არ ჰყოფნის.
ჩემს შვილებს ასეთ ქმარს ნამდვილად არ ვუსურვებ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზაირეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
ქეთი, 47 წლის.