ავტობუსმა გააჩერა, როცა ავედი და ცარიელი სკამი ვნახე, გამიკვირდა. ირგვლივ მიმოვიხედე, სინდისი დავიმშვიდე, ასაკოვანი, ორსული, პატარა – ფეხზე არავინ იდგა და ცარიელ სკამზე, ფანჯრის მხარეს მოვკალათდი.
მძღოლმა ხილიანის ქუჩის კუთხის ასახვევამდე რომ გაჩერებაა, იქ გააჩერა და ჩემს თვალწინ იმ ქალმა ჩაიარა, რომლის ნახვასაც მუდმვად ვარიდებ თვალს, განა იმიტომ, რომ რამე დამიშავა, ან კონკრეტულად მე დავუშავე რამე…
სტუდენტობიდან მოყოლებული არაერთხელ დამინახავს, როგორ იქექებოდა ნაგვის ურნებში, როგორ იწვა ამა თუ იმ შენობის კედელს მიყრდნობილი ქუჩაზე, ასფალტზე… სახეზე წამოსული ჭუჭყნარევი, გაქვავებული წვერი ქალის იერსახეს შესამჩნევად უკარგავდა.
დაძონძილ ტანსაცმელში, რომლითაც წელიწადის ოთხივე დროს ერთნაირად ხვდებოდა ალბათ, ძალიან უმწეო, მიუსაფარი ჩანდა და ცოტათი საშიშიც, რადგან ახლოს მისვლა ვერ გავბედე, მხოლოდ მწერლის მდიდარი ფანტაზიის ხარჯზე თუ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი გარეგნობით დღისით, მზისით ვინმე ქუჩაში შეიძლებოდა დამენახა…
მას შემდეგ, რაც ის პირველად ვნახე, სამი წელი გავიდა… დღეს კი ავტობუსის ფანჯრიდან თავიდან ხილვა იმ ქალის, რომელიც შიშველი ფეხების, ჩამოფხრეწილი ტანსაცმლის ამარა ქუჩის აღმართს მიუყვებოდა, თან ისე გაურკვევლად, რომ არც იცოდა, სად სრულდებოდა მისთვის განკუთვნილი გზა, სად ელოდა მას თავშესაფარი, საკუთარ თავში აღმოჩენილი სისუსტე მთრგუნავდა…
ვერ ვეხმარებოდი… ჩემთან ერთად ყველა იმ ადამიანს გავუბედე ფიქრებში საყვედური, ვინც მას ამდენი წლის განმავლობაში ასეთს უყურებს და არაფერს აკეთებს მისი ყოფის შესაცვლელად.
წლებია მის სხეულს არ მიჰკარებია თბილი წყალი, არ მიჰკარებია სუფთა საჭმელი, სამოსი და ის ცოცხლობს ღია ცის ქვეშ, სრულიად მარტო, ბედის ანაბარა… გულწრფელად ვამბობ მიკვირს, როგორ უძლებს…
ფიქრებით დამძიმებულს უცებ ხმა შემომესმა: “საზღვარგარეთ ასეთ მდგომარეობაში ადამიანს, რომ დაინახავენ ეგრევე გამოუჩნდებიან პატრონად, ექიმს ანახებენ და შესაბამის ადგილებში მიჰყავთ საცხოვრებლად“… მივხდი, რომ ავტობუსში ჩემთან ერთად მყოფ ქალბატონსაც აუშალა ფიქრები იმ უპოვარმა, რომელიც თვალს ტრანსპორტის დაძვრისთანავე მიეფარა.
– თქვენ სად ცხოვრობდით?
– გერმანიაში და საბერძნეთში. გაქცევაზე ვარ, ისევ უნდა წავიდე.
ერთი ქალის ტრაგიკული ცხოვრების ისტორია წამიერად ჩაანაცვლა ავტობუსში შემთხვევით გაცნობილმა ქალის ამბავმა.
– იქ მომვლელად მუშაობდით?
– ჰო. ძალიან მძიმე ავადმყოფი მყავდა მოსავლელი, თუმცა შრომას და მონდომებას ვერავინ მიწუნებდა. პირიქით, ყველას უკვირდა, ქართველს მთელი სახლის გასაღებს როგორ განდობსო. სხვა გზა არ მქონდა, ვმუშაობდი, ცხრა მთას იქით გადახვეწილი ვარჩენდი ოჯახს.
ორი შვილი და ქმარი დავტოვე საქართველოში. ახლაც ვმუშაობ, მაგრამ ოჯახს მხოლოდ ჩემი ხელფასი არ ჰყოფნის. ჩემი შვილი რასაც შოულობს, მის პატარას და ცოლს სჭირდება. უნდა წავიდე, უნდა წავიდე…
– ქმარი არ გყავთ?
(ჩემ მიერ თანმიმდევრულად დასმული კითხვების მერე მკითხა, ჟურნალისტი ხომ არ ხარო და მთხოვა, მისი ნამდვილი სახელი და გვარი არ მეხსენებინა, თუკი ამ ამბის გასაჯაროებას დავაპირებდი, რადგან სამსახურში შეექმნებოდა ამის გამო პრობლემები. მეც პირობა შევასრულე და ტრანსპორტში აღმოჩენილ რესპონდენტს პირობითად ადელინა დავარქვი).
– აღარ. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ასეთ დღეში ვარ. მის გამო ჩამოვედი სასწრაფოდ საბერძნეთიდან. დამირეკეს, სახლს გიყიდიან აუქციონზეო. საკუთარი სახლი თავიდან გამიხდა 40 000$ დოლარად საყიდი. ჩემმა ქმარმა წააგო კაზინოში. ასე დამიტრიალდა ბედის ბორბალი.
– ქალბატონო ადელინა, ქმარს რა ბედი ეწია?
– თავიდან მოვიცილე. არც მე და არც ჩემს შვილებს ახლოს ვერ მოგვეკარება. ბავშვებს ხსენებაც არ უნდათ მისი. რომ წავალ საზღვარგარეთ სამუშაოდ, ცოტა ხანში შვილებსაც წავიყვან. აქ ვშრომობ და სარგებელს ვერაფერს ვხედავ, ჩემი ხელფასის იმედად, ხან გაზს მიკეტავენ, ხან დენს მიჭრიან…
ყველა მეცოდება, ვისაც ცხოვრებაში ასეთი გზის გავლა უწევს… ამიტომაც ამალაპარაკა იმ მათხოვარი ქალის დანახვამ… ვინ იცის, ვინ იყო, როგორ ცხოვრობდა და რა ულხინდა…
მინდოდა მეკითხა, ოდესმე თუ შეძლებდა ქმრისთვის პატიებას, მაგრამ ავტობუსის ბოლო გაჩერებაზე ხალხი კარებისკენ დაიძრა და დიალოგიც შეწყდა…
სამწუხაროდ, ჩვენი საუბარივით მალე არ დასრულდება იმ ორი ქალბატონის ტკივილი, რომლებსაც უნდათ არსებობა და სურთ ადამიანად ყოფნის, ბედნიერების განცდის დაბრუნება… ისინი იბრძვიან არსებობისთვის…
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
რუსკა კილასონია, მშობლები.გე