კაცები ვარაუდობენ, რომ ქალები შინაბერებად ძირითადად ცუდი ხასიათის გამო რჩებიან. ამასთან, ფიქრობენ, რომ მათი მარტოობის მიზეზი ცუდი კაცები არიან. ჩვენი ამბის გმირიც მარტოხელა ქალია, ის მიიჩნევს, რომ გაუთხოვარი უფროსის გამო დარჩა.
30 წლის ვიყავი, ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობა რომ დავიწყე. უფროსი ჩემი ასაკის იყო. სანამ მასთან მუშაობას დავიწყებდი, მანამდე გავიცანი. ერთხელ, საქმიან ვახშამზე ვიყავი ძველი სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად.
თარჯიმნობას ვუწევდი და ისიც იქ მოვიდა, ძალიან მომეწონა. როდესაც გავიგე, ასეთი ახალგაზრდა უკვე სერიოზული კომპანიის მფლობელი იყო, უფრო აღვფრთოვანდი. ვფიქრობდი, თუ ვაკანსია გამოჩნდა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მიმიღოს-მეთქი.
ერთ დღესაც ვაკანსიების განცხადებებს ვათვალიერებდი და უცებ მისი კომპანიის სახელს წავაწყდი, სწორედ ჩემი პროფილის ვაკანსია ჰქონდათ. სიხარულით გავუგზავნე განაცხადი და სამოტივაციო წერილი. მალე გასაუბრებაზეც დამიძახეს.
კანდიდატებს თავად გურამი არჩევდა. აღნიშნა, რომ გასაუბრების დროს ჩემი თავდაჯერებულობა მოეწონა (რომელმაც მოგვიანებით დამღუპა), შეგიძლიათ ხვალიდანვე შეუდგეთ საქმესო, – მითხრა ღიმილით. ასეც მოვიქეცი…
– არ თქვა, რომ ერთი ნახვით შეგიყვარდა.
– ასე იყო. მხოლოდ მასზე ვლაპარაკობდი, ვფიქრობდი. არავინ მახსოვდა, მხოლოდ მის გვერდით მინდოდა ყოფნა.
– ვერ გამჩნევდა?
– უფრო სწორად, არ იმჩნევდა. მე კი ოცნების კოშკებს ვდგამდი, ვნეტარებდი იმაზე ფიქრში, როგორ დავქორწინდებოდით, წავიდოდით ეგზოტიკურ ქვეყანაში და მსოფლიოში ყველაზე ლამაზ თაფლობის თვეს გავატარებდით.
ერთ დღესაც თავზე დამემხო ყველაფერი. იმ დღეს სამსახურში არ მოსულა. უცებ ყიჟინა – თანამშრომლები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ – Gგურამმა ცოლი შეირთოო. Eეს მეხის გავარდნას ჰგავდა.
ვფიქრობდი, ვინ, როგორ, როდის შეიყვარა, როგორ გამომეპარა-მეთქი? იმ საღამოს სიცოცხლე აღარ მინდოდა, შხამის, თუ დარიშხანის დალევასაც კი ვაპირებდი. მერე თავს შევუძახე, უნდა იბრძოლო-მეთქი!
– ცოლ-ქმრის დაშორება განიზრახე?
– უჩემოდაც დაშორდნენ. წელიწად-ნახევარში მათი ოჯახი დაინგრა. გურამი ძალიან ნერვიულობდა, რომ მასთან ვერ ააწყო ცხოვრება, ჩემი შვილი უჩემოდ უნდა გაიზარდოს და ვერ გადავიტანო. ვამშვიდებდი, რომ შეეძლო შვილზე ეზრუნა, ახალი ოჯახიც შეექმნა, სხვა ბავშვებიც გეყოლებათ და ყველაფერი დალაგდება-მეთქი.
– ფიქრობდი, რომ მეორე შენ იქნებოდი?
– დიახ, რას აღარ ვაკეთებდი, მისი გული რომ დამეპყრო. სექსუალური ქალის იმიჯიც მოვირგე და ისიც ვიკადრე, საქმიან შეხვედრაზე მაგიდის ქვეშ შარვლის ტოტში ფეხი შემეცურებინა…
არც შეიმჩნია, დაბნეულად შემომხედა, ისე მიიღო, თითქოს შემთხვევით მომიხვდა ფეხი… მოკლედ, ყველაზე გულუბრყვილო ქალი აღმოვჩნდი – მან მეორე ცოლიც შეირთო, შვილებიც ჰყავს და ბედნიერია. მე კი…
– ამის შემდეგ კიდევ გქონდათ რაიმეს იმედი?
– ვიმედოვნებდი, რომ ჩემს ერთგულებას იმით მაინც უპასუხებდა, რომ თბილად მაინც მომეპყრობოდა, წამახალისებდა, სამსახურში დამაწინაურებდა. ის კი ისევ ვერ მამჩნევდა. მაინც არ ვიტეხდი გულს. ვფიქრობდი, რომ ერთ დღესაც მიხვდებოდა, ჩემი სახით რა ერთგული მეგობარი ჰყავდა.
– მიხვდა?
– ხომ გითხარით, არა. მშვენივრად იცოდა, რომ მიყვარდა, მაგრამ მას არ ვუყვარდი. ერთ დღეს კორპორაციული ვახშამი გვქონდა. ერთად რომ ვიცეკვეთ, ვიგრძენი, რომ მისი ხელი უგრძნობლად მომხვეოდა წელზე და მტკივნეულად გამაჟრჟოლა.
მერე ტუჩები ყურთან მომიტანა (ეს წამებში მოხდა, იმ მცირე დროში იმდენი რამ გავიფიქრე), მეგონა მაკოცებდა და მეტყოდა, რომ შეცდა, ამდენ ხანს რომ არ გამენდო, რომ ჩემსავით ვერავინ უერთგულებდა და ეყვარებოდა…
მაგრამ, ჩემი ფიქრები წამში დაიმსხვრა, – მითხრა, რომ არასოდეს მოვწონდი როგორც ქალი, მაგრამ თურმე მაფასებდა როგორც მეგობარს. ვიგრძენი, სისხლი როგორ გამეყინა, მერე შევტორტმანდი, მაგრამ გონს მაინც მოვეგე.
არადა, მინდოდა იატაკზე გავწოლილიყავი და მეღრიალა, ისე, როგორც ბავშვობაში ვღრიალებდი ხოლმე, როდესაც რაღაცას ვერ ვაღწევდი, როდესაც სურვილებს არ მიკმაყოფილებდნენ უფროსები. მოვერიე თავს, მეტიც, გამეცინა, საიდან დაასკვენი, რომ ჩემთვის, როგორც კაცი მნიშვნელოვანი ხარ-მეთქი? აბა, რატომ არ თხოვდებიო, უგულოდ ჩაიცინა…
სულელი ვიყავი, უნდა მეთქვა, რომ სწორედ მის გამო დავრჩი მარტოდმარტო, რომ მასთან ცხოვრებაზე ოცნებაში გავლიე წლები. იქნებ ამას ელოდა?! ვერ მოვერიე სიამაყეს და ვარ ახლა მარტოსული და მარტოხელა.
ვერავინ შევიყვარე მის მეტი. ამ ხნის ქალი ისევ ოცნებებში დავფრინავ, არადა, ვიცი, ვერასოდეს დავსკუპდები იმ ტოტზე, რომელიც დიდი ხანია დაკავებულია. ნუ გაიმეორებთ ჩემს შეცდომას, ნუ გახდებით სიყვარულის მონა!
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
სოფო გამრეკელი