ეს უცნაური ამბავი ამერიკაში, ოკლაჰომას შტატში მოხდა. მარკეტინგული ფირმა GuRuStu-ის მფლობელმა სტიუარტ მაკდანიელმა კომპანიის ოფისში თაგვი შენიშნა და კატის მიყვანა გადაწყვიტა.
სტიუარტი მაშინვე ადგილობრივ ცხოველთა თავშესაფარში წავიდა და ოფისისთვის 6 თვის კნუტი შეარჩია.
ფისო ახალ საცხოვრებელს მალე შეეჩვია. მთელი დღე თაგვებს იჭერდა, კომპიუტერების კლავიატურებზე დასეირნობდა და დაუსრულებელ ელექტრონულ წერილებს გაურკვეველი მიმართულებით აგზავნიდა.
ერთხელ, ფირმის თანამშრომელმა ოფისის შენობიდან გამავალ, დაკეტილ მინის კართან დოლარების გროვა და იქვე მჯდარი კატა შენიშნა.
როცა მეორე დღესაც იგივე განმეორდა, კომპანიის თანამშრომლებმა კატის თვალთვალი დააწესეს. გაირკვა, რომ ფისო მინის კართან, მზეზე ხშირად თბებოდა. მარკეტინგული ფირმა GuRuStu გასართობი ცენტრებით დატვირთულ რაიონში მდებარეობს, ამიტომ კართან ყოველდღიურად, უამრავი ადამიანი ხვდებოდა.
როგორც ჩანს, ზოგიერთებს მზეზე მონებივრე ფისოსთან თამაშის სურვილი უჩნდებოდა და კარის ღრიჭოდან ფულს აწვდიდნენ. კატის რეაქცია იმდენად საინტერესო იყო, რომ მასთან გათამაშების სურვილი სხვებსაც უჩნდებოდათ და დღის ბოლომდე მინის კართან უამრავი ფული გროვდებოდა.
კომპანიის მფლობელმა, ფირმის თანამშრომლებთან შეთანხმებით, გადაწყვიტა, კატის „გამომუშავებული“ ფული უსახლკარო ადამიანების დასახმარებლად გადაერიცხა და ოფისის კარზე შესაბამისი წარწერა განათავსა.
ქველმოქმედი კატის შესახებ ინფორმაცია მალე გავრცელდა და ადამიანებმა ფულის გადარიცხვა ინტერნეტითაც დაიწყეს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.