ძალიან მინდა, ეს წერილი იმ ადამიანებმა წაიკითხონ, რომლებიც სხვების შვილებს ზრდიან ან ამისთვის ემზადებიან. თქვენში თუ დიდი სიყვარული არ არის, ამ ტვირთს ნუ აიღებთ საკუთარ თავზე. ობოლი ბავშვის გაზრდა დიდი მადლია და ასევე დიდი ცოდვაა, თუ გაამწარებ.
3 წლის ვიყავი, დედაჩემი რომ გარდაიცვალა. ავად გახდა, დიაგნოზი გვიან დაუდგინეს და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. 7 წლამდე მამა, ბებია და მამიდა მზრდიდნენ. როგორც ბებო მეუბნებოდა, თურმე მამაჩემს ეხვეწებოდნენ, ცოლი მოიყვანე, ბავშვს დედა სჭირდებაო.
ჩვენ მეზობლად ერთი ახალგაზრდა ქალი სოფლიდან ნათესავთან ჩამოდიოდა თბილისში სტუმრად. მეც მახსოვს, რომ ძალიან მეფერებოდა. დაქალს ვეძახდი. ისე ჩამიკრავდა ხოლმე გულში და ისე მკოცნიდა, ნამდვილი დედა რომ მოგეფერება.
სოფელში როცა ბრუნდებოდა, ტირილით ვაცილებდი. იქიდან ხშირად მეხმიანებოდა. ერთხელ ქუდი და კაშნე მომიქსოვა და მთელი ზამთარი არ მომიხსნია. საჩუქრებით მანებივრებდა.
ჩემ მიმართ ასეთი სიყვარული რომ გამოიჩინა, ბებიის და მამიდის გული მოიგო. ისინი მამას უჩიჩინებდნენ, რომ ცოლად მოეყვანა. ეს ქალი ძალიან შეუხედავი იყო, მაგრამ მამამ ჩემ გამო მსხვერპლი გაიღო, დაუახლოვდა და ცოლად მოიყვანა.
ძალიან ბედნიერი ვიყავი. მამიდა მაშინ უკვე გათხოვილი იყო, ტყუპები ჰყავდა და ბებო მასთან გადავიდა, რომ ბავშვების მოვლაში დახმარებოდა. იმედიანად დამტოვეს ამ ქალთან, რადგან ეგონათ, მეორე დედა მიშოვეს.
თავიდან მართლაც დედასავით მექცეოდა და ამით მამაჩემი ძალიან მოხიბლა. მერე დაორსულდა და იქიდან დაიწყო ყველაფერი. სულ იწვა, უხასიათოდ იყო. ყურადღებას საერთოდ აღარ მაქცევდა. მამას ეუბნებოდა, რომ ცუდად იყო და ჩემი მოვლა არ შეეძლო.
არდადეგებზე თავის მშობლებთან წამიყვანა. ახლაც მიკვირს, ასეთი ტკბილი ადამიანების შვილი ასეთი უგულო როგორ გამოვიდა. საოცარი მშობლები ჰყავდა და ასეთივე არიან ძმა, რძალი და ძმისშვილები. იქ თავს პრინცესად ვგრძნობდი.
რამე თუ ჰქონდათ, პირველად ჩემთვის უნდა მოეცათ. საძოვრებზე სიარული მომწონდა და, როცა დავიღლებოდი, მამამისი მომიკიდებდა ზურგზე და ისე მატარებდა.
დედინაცვალმა ერთი ბიჭი და ერთი გოგო გააჩინა. ჩემი და-ძმა რომ დაიბადნენ, მაშინ კიდევ მეტად გაავდა. ხომ წაგიკითხავთ ზღაპრები დედინაცვლებზე, ზუსტად ასეთი იყო.
არც ჩემს ცემას ერიდებოდა, არც ლანძღვას. ზოგჯერ საჭმელს რომ დავისხამდი, თეფშიდან ხორცს ამაცლიდა, ამხელა გოგო ხარ და არ გესმის, რომ ესენი პატარები არიან, უკეთესი კვება სჭირდებათო.
გაჭირვებულები კი არ ვიყავით, მამაჩემს იმდენი მოჰქონდა, მეც შემეძლო მეჭამა და ჩემს და-ძმებსაც, მაგრამ დედინაცვალს უბრალოდ ვძულდი. ვერ იტანდა, რომ მათთან ერთად ვცხოვრობდი. ბოროტი იყო, თორემ მართლა არაფერს ვუშავებდი.
ერთი რამ იყო მხოლოდ: როცა ჩვენს სახლში მოვიდა, ბებომ უთხრა, 9 ბიჭი რომ გაგიჩნდეს, ეს ბინა მაინც ჩემი პირველი შვილიშვილის იქნება, ანდერძი მის სახელზე დავწერეო. შეიძლება სწორედ სახლი იყო მიზეზი, ასე რომ ამომიჩემა და გამამწარა. ალბათ ეს ვერ მაპატია.
მამა ზოგჯერ ჩემს დაცვას ცდილობდა, მაგრამ ისე ეჩხუბებოდა, თავზე ალეწავდა ყველაფერს. ამის შემდეგ კი მე უარესად მექცეოდა. მაბრალებდა, რომ და-ძმას ვერ ვიტანდი და ათასნაირ ცილს მწამებდა. ბებია და მამიდა ჩვენს საქმეში არ და ვერ ერეოდნენ.
მათ ჩვენს სახლში მოსვლა აუკრძალა. მამაჩემი წააქეზა, საკუთრი დისთვის ცუდი რაღაცები ეთქვა და და-ძმამ ერთმანეთი დაკარგა.
გაგიკვირდებათ, მაგრამ ჩემთვის ყველაზე დიდი შვება დედინაცვლის მშობლებთან წასვლა იყო. არდადეგები იწყებოდა თუ არა, მათთან გავრბოდი. დედინაცვლის ძმისშვილები ჩემი თანატოლები იყვნენ და ისე მექცეოდნენ, როგორც დას.
ერთი სული ჰქონდათ, იქ როდის ჩავიდოდი. დედინაცვლის მშობლებს შვილთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ. ძმის ცოლი კი საერთოდ ვერ იტანდა. ბევრჯერ მომისმენია, რომ უთქვამს, საწყალი ბავშვი მის ხელშიო.
სწორედ სოფელში გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე. მეორეკურსელები ვიყავით, როცა დავქორწინდით. ქორწილიც მათ სოფელში გვქონდა – დედინაცვლის მამამ გადამიხადა. ღმერთმა არ გამწირა და საოცარ ოჯახში შევედი. ჩემი ქმარი ხომ არაჩვეულებრივია და გარშემო ყველა ასეთი ჰყავს. რაც კი დედინაცვალმა სიყვარული დამაკლო, მათ შემივსეს.
დედინაცვალმა ჩემებს მაშინვე ჩხუბი დაუწყო, თუ იმიტომ მოიყვანეთ ცოლად, რომ გგონიათ, ბინიანი გოგოა, ძალიან ცდებით. ჩემს შვილებს სახლს ვერავინ წაართმევსო. ჩემმა დედამთილმა უთხრა, დამშვიდდი, ყველა შენნაირი ნუ გგონიაო. მამამთილმა თბილისში ბინაც გვიყიდა და არც არასოდეს რამე დამკლებია ცხოვრებაში.
დედინაცვალს თავისი სიბოროტე უკან დაუბრუნდა. ისეთი შვილები გაზარდა, მამაჩემს გული გაუხეთქეს და მოკლეს. მერე ის ბინაც გაყიდეს და დედამისი სადღაც სოროსავით ბინაში შეაგდეს. უფროსმა ციხე მოიარა, მეორე ორჯერ გათხოვდა და ქმარი ისევ არ ჰყავს. დედა თუ არსებობს, არც ახსოვთ.
დედინაცვალი რომ დაბერდა და მარტო დარჩა, მაშინ დამიტკბა. მომეკედლა, შენ უნდა მიპატრონოო. ჩემმა შვილებმა მითხრეს, რაც მაგისგან სიმწარე გახსოვს, ყურადღება არ უნდა გამოიჩინოო, მაგრამ ასე არ მოვიქცევი.
ეს ქალი იმ ადამიანების შვილია, რომლებმაც შვილიშვილივით შემიყვარეს. იმდენი სითბო მაჩვენეს, მათ გამო ყველაფერს გავუკეთებ. მის ძმისშვილებს დღემდე დასავით ვყავარ და ან მათ როგორ არ ვცემ პატივს და მათ მამიდას ლუკმაპურის გარეშე როგორ დავტოვებ?!
ჩემს საკუთარ ბებიაზე და მამიდაზეც ძალიან მწყდება გული. რომ ნახეს, დედინაცვალი როგორ საშინლად მექცეოდა, მასთან როგორღა დამტოვეს?! მამიდას ხომ შეეძლო თავისი შვილების გვერდით გავეზარდე, მაგრამ პასუხისმგებლობა ყველამ აირიდა თავიდან და ასეთი მწარე ბავშვობა გამატარებინეს.
კიდევ ერთხელ ვამბობ, დედინაცვალს უპატრონოდ არ დავტოვებ, თუმცა ეს მას ნამდვილად არ დაუმსახურებია.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.
ყურადღება: ფოტო პირობითია