სოციალური ქსელის მომხმარებელი, თამუნა ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ის წარსულში თავს გადამხდარ ერთ ამბავს იხსენებს.
ბუდაღაშვილს საკუთარი ისტორია დღეს თბილისში მომხდარმა 12 წლის მოზარდის ტრაგედიამ გაახსენა.
„რამდენიმე წლის წინ ჩემს სახლთან, დიდ დიღომში, საღამოს ცხრა საათზე ავადმყოფი ამეკიდა. გულისმარევი კაცი ზოლიანი მაისურით.
სახლში რომ შევედი, პოლიციაში დარეკვამდე პანიკით პირველი რაც გავაკეთე, დიდი დიღმის ჯგუფში დავპოსტე, მეთქი ჯერ საღამოა, ბავშვები არიან და შეაშინებენ გოგონებს, ესე და ესე აცვია და ფრთხილად იყავით მეთქი.
იცით რა მოხდა? დამცინეს. პლიაჟზე გადაღებული ფოტო მედო პროფილზე და “ოჰ შემოგყვებოდა აბა რას იზავდა”, “მანიაკი სერიული თუ ისე?”
“გაიგეთ? მანიაკების უნიფორმა ზოლიანი მაიკა ყოფილა”… აი ამ უბანში ბავშვი მოკლეს გუშინ.
12 წლის… “ , – წერს ის.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 12 წლის გოგონა, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. შემდეგ კი ის გარდაცვლილი იპოვეს.
ბოლოს ის პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერში საქანელაზე შენიშნეს, გამთენიისას კი, სკვერიდან მოშორებით, ბნელ ადგილზე გარდაცვლილი აღმოაჩინეს.
შსს-მ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა საგამოძიებო უწყება ახლა კიდევ ერთ ვერსიაზე – სასუნთქ გზებში საკვების გადაცდენით გამოწვეულ ასფიქსიაზე მუშაობს.
“კურიერის” ინფორმაციით, საუბარია, ერთ-ერთი კომპანიის მშრალ სუპზე, რომელსაც მოზარდი გზად მიირთმევდა და გადაცდენამ საბოლოოდ ბავშვის გარდაცვალება გამოიწვია. დილიდან ვრცელდებოდა სხვა ვერსიებიც. თვითმხილველები სავარაუდო ძალადობაზე, ბავშვის სხეულზე არსებული დაზიანების გამო მიუთითებდნენ.
საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში უკვე გამოიკითხა გარდაცვლილი ბავშვის დეიდაშვილი, რომელიც საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა.
შსს ექსპერტიზის ბიუროს პირველად დასკვნას ელოდება. თუ ასფიქსია დადასტურდება, საგამოძიებო უწყება, სავარაუდოდ კვალიფიკაციას შეცვლის.