“თქვენი ერთგული მკითხველი ვარ და სხვა რუბრიკებთან ერთად, ამ რუბრიკასაც აქტიურად ვკითხულობ. ბევრი გოგო უჩივის დედამთილს და დედამთილებიც ხშირად წერენ რძლებზე. თუმცა ასე მგონია, არ აქვს მნიშვნელობა, მეორე ქალი ოჯახში თუ სამზარეულოში დედამთილია თუ დედა.
შეიძლება პირიქითაც კია, დედა მეტსაც უბედავს შვილს და მეტადაც არ ერიდება მის წყენინებას. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვგრძნობ… ასე რომ, თქვენ, ვინც ამას კითხულობთ, დედამთილებს დარდობთ და მე დედამ გამიმწარა ცხოვრება… ას დედამთილს უდრის.
საქმე ისაა, რომ გათხოვების შემდეგ სულ რამდენიმე თვე ვიცხოვრე ქირით მეუღლესთან ერთად. ჩემს მეუღლეს ძალიან პატარა ბინა აქვს – ორ ოთახში ბევრნი ცხოვრობენ, უმცროსი დედმამიშვილები ჰყავს, მრავალშვილიანი ოჯახიდანაა. ამიტომ იქ ცხოვრება თავიდანვე გამოირიცხა. ქირით რამდენიმე თვე გავქაჩეთ, მერე კი ჩემმა მშობლებმა შემოგვთავაზეს, რამდენ ხანსაც გინდათ, აქ იცხოვრეთო.
ოთახი დაგვითმეს და ჩემს მეუღლეს კი ძალიან ერიდებოდა, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტეთ. თან ვიფიქრეთ, იმ ფულს, რასაც ქირაში ვიხდიდით, მოვაგროვებდით და ნელ-ნელა ბინას ვიყიდდით.
ასე დაიწყო ჩვენი ერთობლივი ცხოვრება, რომელიც დედაჩემმა მალე სატანჯველად მიქცია. ბავშვობიდან ძალიან აქტიური, ძალაუფლების მოყვარული და ავტორიტარი ქალია. მე და ჩემს დას თავის ჭკუაზე გვატარებდა სულ და ნაბიჯს არ გვადგმევინებდა ჩვენს ნებაზე.
მამაჩემსაც ხმას არ აღებინებდა არაფერზე, ყველა მისი ნებასურვილების გარშემო ვტრიალებდით. ჩემი და მალე გაექცა – უცხოეთში წავიდა სასწავლებლად და იქვე დარჩა. მეც ვითომ გავექეცი, მაგრამ როგორც გითხარით, ისევ მომიწია დაბრუნება…
თანაცხოვრებიდან ძალიან მალე დაიწყო ჩარევა საერთოდ ყველაფერში – ამას ნუ ჭამ, ეს მოამზადე, ასე მოამზადე, ასე დაჭერი, ოთახი დაალაგე, ასე დაალაგე, ისე გაასწორე, რა ფეთხუმები ხართ…
მე ისეთი დიასახლისი ვიყავი, ისეთი ცოლი ვიყავი… ვის გავხარ ასეთი… ნელ-ნელა ჩემს ქმარზეც დაიწყო – როგორი უბადრუკია, უკეთესს როგორ ვერ გაყევი, სად მოძებნე ეს შეუმდგარი და არარეალიზებული…
თავიდან ვითმენდი, არ ვპასუხობდი, მერე შეპასუხება დავიწყე და როცა ჩემი ქმარი სახლში არ იყო, სულ კამათი და დავა გვქონდა. ერთი პერიოდი ვიფიქრე, გადავალ და ისევ ქირა ვიხადო, მირჩევნია-თქო, მაგრამ დავორსულდი და ასეთ მდგომარეობაში სხვაგან წანწალს, ისევ ამის მოთმენა ვარჩიე…
მაგრამ მართლა აღარ შემიძლია, უკვე ისე ვარ. რამდენიმე თვეა დედა გავხდი და დამაკომპლექსა – სულ ხელებში მივარდება, ყველაფერს მიწუნებს, ყველაფერზე მაკრიტიკებს, ასე მგონია, საშინელი დედა ვარ და ვერ შევდექი ქალადაც, დიასახლისობასაც მიწუნებს – თუ დამაცდის რამის გაკეთებას ჩაურევლად, მერე სულ მაკრიტიკებს.
ჩემს ქმართანაც არ იკავებს თავს უკვე და მეც მამცირებს მის თვალში და მასაც გადაჰკრავს ხოლმე საყვედურებს. ვატყობ, მასაც ევსება მოთმინების ფიალა და მეშინია, სულ არ გაიქცეს და ოჯახი არ დამენგრეს….
არადა, დედაა. ვეჩხუბები, გავებუტები, მაგრამ მერე ისევ მიბრუნდება გული, შემეცოდება, რომ უკვე ასაკშია ან უბრალოდ ვერ ვძლებ დიდხანს ნაჩხუბარი… ფინანსურადაც არ ვარ ისე გამართული, რომ მარტო ვიცხოვრო და რა გამოსავალია ამ დროს?”
გთხოვთ მოიწონეთ და გაზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
ანანო, 24 წლის