ქალაქ ოზურგეთის მერიის თანამშრომელი ქეთი კუჭუხიძე, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ემოციურ წერილს აქვეყნებს. ქეთის დედა წლებია, რაც მოსკოვში ცხოვრობს და მუშაობს. კუჭუხიძის პოსტში იმ მოგონებებზეა საუბარი, როცა დედა ომში წავიდა, ასევე ჰყვება, როგორ გამოხატავს რუსი ხალხი პროტესტს სახელმწიფოს წინააღმდეგ.
„9 წლის ვიყავი, როცა პირველად გავიგე ომის შესახებ, რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა..
ერთ დღეს დედაჩემი სამსახურში წავიდა (მაშინ რაიკომი ერქვა) და საღამოს სახლში აღარ დაბრუნებულა.. იმ დროს არ არსებობდა არანაირი კომუნიკაციის საშუალება (სოციალური ქსელები და ფიჭური კავშირი).
მეორე დღეს, ტელევიზიით აჩვენეს, რომ ქალთა ორგანიზაცია ,,მანდილი” შეუერთდა ქართველ ჯარისკაცებს და ომში წავიდა.
ის კადრი დღემდე მახსოვს, როგორ ადიოდა დედაჩემი ავტობუსში. ის ერთ-ერთი მათგანი იყო ოზურგეთიდან, ვინც ომში წავიდა/გაიპარა ისე, რომ ჩვენთვის არ უთქვამს. იცოდა, რომ შევეწინააღმდეგებოდით. მაშინ ჩემი ხედვით, ომში მხოლოდ კაცები დადიოდნენ.
მახსოვს, როგორ ვბრაზობდი მასზე, რომ დამტოვა და თავისი სიცოცხლე გარისკა. ღამეები არ მეძინა, ვტიროდი და ვლოცულობდი, რომ ცოცხალი დაბრუნებულიყო..
ასეც მოხდა, ის რამდენიმე დღეში სახლში დაბრუნდა, რადგან მატარებელი უკან გამოაბრუნეს, საფრთხე იყო, რომ ამ მატარებელს დაბომბავდნენ. სახლში დაბრუნებული მიყვებოდა იქ ნანახ უბედურებაზე…. ამ ისტორიიდან ყველაზე მკაფიოდ მახსოვს ,,გიორგი დიდი მწვანე თვალებით”, რომელსაც მშობლები ომში მოუკლეს და როგორ უნდოდა შვილად აყვანა და სახლში წამოყვანა, მაგრამ სამწუხაროდ საჭირო დოკუმენტაციის არ ქონის გამო ვერ მოხერხდა.
დედაჩემი მაშინ გახდა ჩემი გმირი!
ის ახლა მოსკოვშია და ისევ მიყვება ისტორიებს, რომ იქაც არსებობს ადამიანები, რომელიც ემიჯნება მათი დიქტატორი მმართველის საქციელს, ისინიც ტრაგიკულად განიცდიან დღევანდელ ომს, უძლურნი არიან და ვერ ცვლიან ამ საშინელ მოცემულობას, სწორედ ამიტომ პროტესტის ნიშნად ტოვებენ თავის ქვეყანას, არ უნდათ ისეთ ქვეყანაში ცხოვრება სადაც ,,კლავენ”.“ – წერს ქეთი კუჭუხიძე.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..