ნინა სუბლატი ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში პოსტ სამშობიარო დეპრესიის შესახებ ჰყვება. მომღერლის თქმით, ორი წლის განმავლობაში ებრძოდა მძიმე დეპრესიას და მდგომარეობიდან გამოსვლაში საკუთარი თავი დაეხმარა.
ნინა სუბლატსა და გიორგი შამანაურს პირველი შვილი, ვაჟი, 2020 წლის აგვისტოში შეეძინათ. წყვილი 2013 წლიდან იყვნენ დაქორწინებულები. თუმცა როგორც ნინა ინტერვიუში ამბობს, ახლა დაშორებულები არიან. გადაწყვეტილებას დეპრესიაში ყოფნას არ აბრალებს, მისი თქმით, როდესაც მძიმე მდგომარეობა დაძლია და გამონათდა, მაშინ განქორწინდა.
– ძალიან კარგად ვარ, ბავშვი იზრდება, ძალიან საინტერესო ხდება მისი ცხოვრებაც, უსაყვარლესია, მეც, სხვანაირად დავიწყე სამყაროს აღქმა, მისი თვალებიც, რაც ძალიან საინტერესოა და ჩემთვისაც მოულოდნელია. ძალიან კარგ დროს ვატარებთ ერთად. მთელი დღე ერთად ვართ. არ მქონდა დაგეგმილი ძიძა მყოლოდა.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ამერჩია ისეთი დრო შვილის გასაჩენად, რა დროსაც მე ვიქნებოდი თავისუფალი და არ მექნებოდა იმის შეგრძნება, რომ რაღაცას გამოვაკლდი და ვერ ვაკეთებ. 4 წლის ხდება, ისევ არ მყავს ძიძა, მე ვზრდი და შესანიშნავად ვატარებთ დროს.
რაღაც მხრივ კარიერასთან დამაშორა, იმის მიუხედავად, რომ უსაზღვრო ენერგია მაქვს, მაგრამ ბავშვი რომ მეყოლა, ერთ წელში მივხვდი, რომ დავიღალე, დავბერდი, ისე დავიღალე, აღარ შემეძლო. ყველაზე უცნაური მომენტი იყო ჩემთვის, რომ ბაღს ველოდებოდი დიდი ხანი, იქნებ დავისვენო.
დავგეგმე, ბაღში რომ მივიდოდა, ამოვიდოდი სახლში და მუსიკას გავაკეთებდი. პირველი ექვსი თვე დაახლოებით ბავშვს რომ ბაღში ვტოვებდი, სახლში ამოვდიოდი და უბრალოდ ვიჯექი. ვერაფერს ვაკეთებდი, შოკური მდგომარეობაა. ამდენი გამოუძინებლობა, სიახლეები, სტრესი, მაინც თავისას შვრება. თან ამას დაერთო დეპრესია. მე ვფიქრობ, ეს იყო პოსტსამშობიარო დეპრესია. ძალიან იშვიათად საუბრობენ ამაზე.
ვინც ორსულად არის ან შვილის ყოლას გეგმავს, აუცილებლად უნდა წაიკითხოს ამაზე ინფორმაცია. დეპრესია გაქვს იმიტომ რომ ეს არის ძალიან ბუნებრივი სინამდვილეში. არ ვიცი, პროცენტულად რამდენს შეიძლება დაემართოს ეს, მაგრამ გაცნობიერებულად რომ იცი, რომ ამის გამო გაქვს, შეიძლება ეს ცოდნა არ დაგეხმაროს.
დაახლოებით ორ წლამდე გაგრძელდა ეს ეტაპი. ყველაზე მძიმედ რაც მახსოვს, უენერგიობა და რაც ამას მოჰყვება ხოლმე. იყო ნეგატიური ხმა, რომელიც არასოდეს არ ჩერდებოდა. ალბათ ეს იყო ყველაზე მძიმე. ამ ნეგატიურ ხმას მოჰყვება დისბალანსი ყველაფერში, ცხოვრებაში რასაც აკეთებ, საქმეში, იმ როლში რასაც აკეთებ. თან ორი წელი არ არის ცოტა დრო იმისთვის, რომ დეპრესიაში იყო.
ახლა გამოვედი, მაგრამ არ მჯეროდა, რომ გამოვიდოდი. არ მეგონა… ჩემი პირადი პერსპექტივა და გამოცდილება ასეთია, რომ როდესაც ასე მძიმედ ხარ, ქვეცნობიერად თუ ცნობიერად ელოდები რომ ვიღაც ან რაღაც დაგეხმარება, ვიღაც მოვა… შეიძლება წლები გაგრძელდეს ეს მოლოდინის რეჟიმი. წელიწადნახევრის შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან მარტო ვარ ამ სიტუაციაში, არაფერი იქნება რაც აქედან გამომიყვანს, გარდა ჩემი თავისა. ვარ სრულიად მარტო ამ მოცემულობაში და ერთადერთი პასუხისმგებელი საკუთარ თავზე. ალბათ ეს ფიქრები იყო, რომ ძალიან დამეხმარა. იმის მიუხედავად რომ ძალიან მძიმედ ვიყავი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩაიძირები და ელოდები ფსკერზე ჩახვალ. არასოდეს მოვიდა ეს ფსკერი, მაგას მივხვდი და გავაანალიზე, რომ მოდი, მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც ჩემს თავს ამოიყვანს და გამომივიდა.
ოჯახი ამ მიზეზით არ დამნგრევია. როდესაც გამოვედი ამ მდგომარეობიდან და გამოვნათდი, მერე მივიღე ეს გადაწყვეტილება.