მიხეილ ცაგარელმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, 18-25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი გააცნო.
ვერძი – ეს კვირა ვერძებს კარგ შესაძლებლობებს აძლევს, თუმცა, უმჯობესია, ამ ზოდიაქოს წარმომადგენლები ინდივიდუალური საქმეებით დაკავდნენ და არა – კოლექტიური ძალისხმევით, ვინაიდან, ვერძებში მატულობს ეგოიზმი, იკვეთება სულსწრაფობის ელემენტი, რამაც, შესაძლოა, პარტნიორებთან ურთიერთობები დაძაბოს.
საჭიროა მეტი ტაქტი და მხარდაჭერა, თუმცა, საქმიანი კუთხით, ლიდერული თვისებების გამოსავლენად და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად – პროექტების რეალიზაციის, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით, შესაძლებლობები იქნება. მთლიანობაში კარგი პერიოდია, თუმცა, უმჯობესია, მცირედი სიფრთხილის გამოვლენა.
კურო – მზე კუროს ზოდიაქოს ნიშანს უახლოვდება, ამ კვირიდან, მისი ენერგოტონუსი მომატებას იწყებს, რის გამოც უფრო აქტიური და ენერგიული ხდება. გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მხარს დაუჭერენ მის იდეებს, პერსპექტივებს, გვერდით დაუდგებიან. შეიძლება, კურო ძალიან აქტიურად ჩაერთოს ქველმოქმედებაში, საქველმოქმედო აქციებში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში. წინა კვირასთან შედარებით, ნაკლებად იღლება.
საუკეთესო თვისებების გამოვლენის შესაძლებლობები ერთიორად მოიმატებს. ამ პერიოდში, კუროსთვის ძალიან კარგია ეზოთერიკა – რელიგიური, ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური საკითხები მისთვის ძალიან აღქმადი იქნება. 20 აპრილის შემდეგ, მისთვის იწყება წლის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო ერთთვიანი პერიოდი, რომელიც ყოველმხრივ შეუწყობს ხელს მათ წინსვლასა და წარმატებას.
ტყუპები – მათი ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მდგრადია, თუმცა, შემდეგი კვირიდან, ის შემცირებას დაიწყებს. ახლა აქტიური მოქმედებების პერიოდია – სოციალურ პროექტებში, საზოგადოებრივ ინსტიტუტებში ჩართვის, კომუნიკაციისა და საინტერესო იდეების რეალიზაციის შესაძლებლობა უდავოდ იქნება, მაგრამ ყურადღება უნდა მიაქციონ საქმიან პარტნიორებს.
თუ მათთან დელიკატურობას, დიპლომატიას, თავდაჭერას არ გამოავლენენ, არაა გამორიცხული, რომ საქმიანი კონტაქტების კუთხით, ურთიერთობა დაიძაბოს. ზედმეტი სიხისტე და არადიპლომატიურობა, შეიძლება, პარტნიორებთან დაპირისპირების მიზეზი გახდეს.
კირჩხიბი – თუ რაიმე ჯარიმაა გადასახდელი, ვალდებულებაა გასასტუმრებელი, მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, ისინი კვირის პირველ ნახევარში, 20 აპრილამდე მოიშოროთ. არაა სასურველი მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, რადგან ამას პრობლემები მოჰყვება. ხელს ნუ მოჰკიდებთ ახალ, სარისკო საქმეებს. 20 აპრილიდან ენერგოტონუსი მოიმატებს, განწყობა გაუმჯობესდება. მეტად ენერგიულები გახდებით, ისე აღარ დაიღლებით, როგორც აქამდე იღლებოდით.
ენერგოტონუსის მომატება იღბლიანობის ზრდას ნიშნავს, წარმატების შესაძლებლობები ერთიორად მოიმატებს. 20 აპრილის შემდეგ, კარიერული განვითარებისთვის, საკმაოდ კარგი პერიოდია.
ლომი – სამსახურში, ბიზნესსაქმიანობაში, შეიძლება, საკადრო ცვლილებები მოხდეს. ამ ცვლილებებმა თქვენსა და პარტნიორებს შორის დაძაბულობა არ უნდა გამოიწვიოს. ეს ყველაფერი მეტი ტაქტით, მეტი თავდაჭერითა და დიპლომატიურობით გააკეთეთ და არა ზედმეტი პირდაპირობითა და ეგოისტური გამოვლინებებით. ამ კვირის მთავარი პრობლემა ესაა. სხვა მხრივ, ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მაღალია, ორგანიზატორული ნიჭი – მშვენიერი…
ეს პერიოდი ძალიან კარგია უცხოეთთან აქტიური კონტაქტებისთვის, უცხოელებთან თანამშრომლობისთვის, უცხოეთში სტაჟირების ან სწავლისთვის. ლომს უდავოდ აქვს პოზიტიური შესაძლებლობები, მთავარია, არ იყოს ზედმეტად ეგოისტური და ხისტი.
ქალწული – ამ ნიშნის წარმომადგენლები გამოცოცხლდებიან და მათი გაჩერება სულ უფრო რთული გახდება, რადგან ეს ის ნიშანია, რომელიც მუდმივად მუშაობს. ქალწულისთვის წარმოუდგენელია გაჩერება. ეს პერიოდი მისთვის კარგია, რადგან ენერგია მატულობს. თუ რაიმე გასასტუმრებელი ვალდებულება გაქვთ, უახლოეს 3 დღეში გაისტუმრეთ, რათა 20 აპრილის შემდეგ, აღმავლობის პერიოდს ზედმეტი ვალდებულებებისა და ჯარიმების გარეშე შეხვდეთ.
პარტნიორული თანამშრომლობის კუთხით, საკმაოდ კარგი პერსპექტივა არსებობს. ეს პერიოდი ხელს შეუწყობს ახალი იდეების, პროექტების ჩამოყალიბებას. თქვენი შრომისუნარიანობა, სისუფთავის, წესრიგისადმი მიდრეკილება და ნებისყოფა ძალიან კარგ შედეგებს გამოიღებს. წინ საკმაოდ კარგი მთელი თვეა.
სასწორი – ენერგოტონუსი მაღალია, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, კონტაქტურია, მაგრამ პრობლემაა ის, რაც მათ არ ახასიათებთ – ცოტა დიქტატორია, მეტია ძალაუფლებისადმი ლტოლვა, რამაც, შეიძლება, საპასუხო რეაქციები გამოიწვიოს და ცვალებადმა სიტუაციებმა კალაპოტიდან ამოაგდონ.
ესაა ის მთავარი ტენდენციები, რომელთაც უნდა გაუძლოს, თუ ამდაგვარი ტენდენციები შეიქმნება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ შემოქმედებითი კუთხით, ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. თუ მას პოეზიის, ლიტერატურის, ხელოვნების, დიზაინის, არქიტექტურის ნიჭი აქვს, შეუძლია, ძალიან კარგი რაღაცები შექმნას. ერთობლივი პარტნიორული ურთიერთობა, ამ კუთხითაც, ძალიან წარმატებული და მატერიალური კუთხითაც მომგებიანი იქნება.
მორიელი – კვირის პირველი ნახევარი, 20 აპრილამდე, ყურადღება და სიფრთხილეა საჭირო. პარტნიორული დაპირისპირების ტენდენცია არსებობს. ამ ნიშანს ახლა განსაკუთრებული მიდრეკილება აქვს ზღვარგადასული სიამოვნებისადმი, რაც ფინანსურ ხარჯს ითხოვს. 20 აპრილამდე ყურადღებაა საჭირო, რათა ეს არ გახდეს მისი პარტნიორისთვის გამაღიზიანებელი.
20 აპრილის შემდეგ, პერიოდი გაცილებით უკეთესია – ეს ნიშანი უფრო მშვიდდება, უფრო სტაბილური ხდება, წარმატების შანსი რადიკალურად მატულობს და კოლეგებთან ურთიერთობაც უმჯობესდება. კოლეგებთან, პარტნიორებთან თანამშრომლობა, შეიძლება, ძალიან კარგად წარიმართოს. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა გაცილებით მეტია. ამასთან, ინტუიცია მზარდია. 20 აპრილის შემდეგ, ინტუიციაზე დაყრდნობით, შეუძლია, გაცილებით სწორად იმოქმედოს და მეტად წარმატებული იყოს.
მშვილდოსანი – ახლა მათი მთავარი პრობლემა ფინანსებს უკავშირდება – ხარჯი, მათ შორის, მოულოდნელი ხარჯიც, ძალიან დიდია და შემოსავალი ნაკლებია. მთავარია, მშვილდოსანი არ ჩაერთოს რაიმე ავანტიურულ პროექტში, სადაც დაპირებებს მისცემენ, რადგან შეიძლება, თავი ძალიან ცუდ ყულფში გაყოს. ამ პერიოდის მშვიდად, წყნარად გავლაა საჭირო, მინიმუმამდე უნდა შემცირდეს ფინანსური ხარჯი. ნელ-ნელა, ენერგოტონუსი შემცირებას იწყებს, თუმცა, ჯერჯერობით, ეს კვირა იძლევა აქტიურობის შესაძლებლობას.
თხის რქა – ეს ნიშანი გამოცოცხლდება, აშკარად მატულობს შარმი, უფრო შრომისუნარიანი და აქტიური ხდება, აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები, მათ შორის, პროფესიული, ბიზნესსაქმიანობის, შემოქმედებითი კუთხით. თუ ის საბანკო, ეკონომიკურ, კომერციულ, სავაჭრო სექტორში მოღვაწეობს, ძალიან კარგი შესაძლებლობები აქვს.
აქ იგულისხმება პოლიტიკის სფეროც, რადგან ერთ-ერთი ყველაზე კარგი პოლიტიკური ნიშანია. პოლიტიკასაც აქვს თავისი ზოდიაქოს ნიშნები – პირველ რიგში, ესენი არიან თხის რქა და მშვილდოსანი. თხის რქებს ამ სფეროშიც შეუძლიათ ძალიან აქტიურად მოქმედება და წარმატების მიღწევა.
მერწყული – ენერგეტიკულად, მაღალ დონეზეა, ძალიან მიმზიდველია, საინტერესო, ორიგინალური იდეები აქვს, ძალიან კონტაქტური, კომუნიკაბელურია, ბრწყინვალე ორატორია, კარგი შესაძლებლობები აქვს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ , მორიელის მსგავსად, ახლა მასაც აქვს მიდრეკილება ზღვარგადასული სიამოვნებისკენ.
ეს ფულის ხარჯვასთანაა დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის საუკეთესო პერიოდი მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებებისთვის, ახალი ინფორმაციის მისაღებად, სიამოვნებისკენ მიდრეკილება ძალიან დიდ ფულს ახარჯინებს.
ეს ოჯახის წევრების უკმაყოფილებას იწვევს, რამაც შეიძლება, ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვიოს. მერწყულს ისიც უნდა ახსოვდეს, რა ხდება ზურგს უკან – მოშურნეებსა და ინტრიგან ადამიანებს არ სძინავთ, რომელთაც შეიძლება, ათასი საშინელება მოუგონონ და პრობლემები შეუქმნან.
თევზები – ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლების ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იწყება – რომანტიკული და ძალიან საინტერესო. საუკეთესო პერიოდია სიყვარულისთვის, ქორწინებისთვის, რომანტიკული კავშირებისთვის, ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, კაპიტალდაბანდებებისთვის, შემოქმედებითი მუშაობისთვის. მზარდი ინტუიცია წარმატებისა და წინსვლის საშუალებას მისცემს.