2010 წელს წელს მომხდარ ტრაგედიას სასწაულებრივად გადარჩენილი თეონა ჭინჭარაული, 14 წლის შემდეგ, საბედისწერო ავარიის დეტალებს გადაცემაში “როგორ გადავრჩი”, იხსენებს.
ცნობისთვის, . მუცოს ხეობაში მანქანა, რომელშიც 10 ადამიანი, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები ისხდნენ, ხევში გადავარდა და 7 მგზავრი დაიღუპა. თეონა ჭინჭარაულთან ერთად, ტრაგედიას სასწაულებრივად გადაურჩნენ გელა დაიაური, მისი ცოლისძმა. ხოლო დაღუპულებს შორის იყვნენ გელა დაიაურის მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.
„2010 წელი იყო. ჩვენთან, ხევსურეთში დღესასწაული, ათენგენობა იწყებოდა. გელა დაიაური თავისი ოჯახით და მძღოლი ასევე თავისი ოჯახით ამოვიდნენ. მცირეწლოვანი, 4 თვის პატარა ჰყავდათ. მეორე დღეს წავედით ზემოთ, სოფელში, სადაც დღესასწაული იწყებოდა. მოსალოცად მივდიოდით. შატილიდან 22-24 კილომეტრშია. დღესასწაული ჩატარდა და უკან როდესაც ვბრუნდებოდით, ეს უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა. საღამოს 4-5 საათი იქნებოდა. მძღოლი ჩვეულებრივი სიჩქარით მიდიოდა. თუმცა, გზა ცუდი იყო, შესახვევი ადგილებით. ტრაგედია სიჩქარის გამო არ მომხდარა. იმ მომენტში რაც დამამახსოვრდა, იყო ის, რომ თავიდან ბერდოს მეუღლემ, სოფომ მომაწოდა ბავშვი. ბავშვის ჩანთაში რაღაც ნივთს ეძებდა და ვერ პოულობდა. მე მძღოლის უკან ვიჯექი. ჩემს გვერდზე იჯდა თეო, თეოს გვერდზე კი მისი და. მათ ბავშვები ჰყავდათ. სოფომ პატარა მე მომაწოდა. ნივთს რომ ეძებდა, ბავშვი მე მეკავა. სამივე ტიროდა და მე ბავშვს დავყურებდი. უცებ, ხმა შემომესმა: “ბერდო, რას აკეთებ?!” რომ ავიხედე, ბერდიამ საჭეს ხელი ჩამოარტყა და მანქანა გვერდზე გადაიწია. შემდეგში როცა ვიხსენებდი, მას გული გაუჩერდა. ჩვეულებრივ გზაზე მიდიოდა, მაგრამ ბერდიას გადავარდნა მეხსიერებაში დამრჩა. საჭეს ხელი ჩამოარტყა და გადაიწია. მანქანაც ხევში, მდინარეში ჩავარდა. იქამდე ჩვეულებრივ მივდიოდით, ვსაუბრობდით, არანაირი დაძაბულობა, არც შიში. ამ ამბის მერე გავიგეთ, რომ მძღოლს გულზე პრობლემები ჰქონდა და ოპერაციას აპირებდა კიდეც“, – ამბობს თეონა ჭინჭარაული.