გამოცემა პრაიმტაიმი მამა გაბრიელის სულიერ შვილთან, მანანა ხორბალაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. მისი თქმით მისი წინასწარმეტყველება, რომელიც 1995 წელს არის დაწერილი ჯერ თავის მოძღვარს მოუყვა, რომელმაც სასწრაფოდ ამ წინასწარმეტყველების დაწერა ურჩია და მამა გაბრიელთან გააგზავნა.
მანანა ხორბალაძე: – ამ ხილვაზე პირველად ჩემს მოძღვარს, მამა არჩილ მინდიაშვილს ვუამბე. მითხრა, ახლავე დამიწერე და წადი მამა გაბრიელთან ერთი კვირით, მონასტერშიო. ეს ხილვა მამა გაბრიელსაც ვუამბე. მონასტრიდან რომ დავბრუნდი, უწმინდესთან მივედი. მანაც მთხოვა დამეწერა…
მერე ქალბატონ მანანას, ავადმყოფობების სახით, დიდი განსაცდელი ეწვია. (პრაიმტაიმმა მანანა ხორბალაძის ცხოვრებაზე საოცარი სტატია შემოგთავაზათ) შესაბამისად პატრიარქის თხოვნის შესრულება, ცოტა, დაუგვიანდა. ამიტომ მისი წერილი ასე იწყება.
წერილად ქცეული წინასწარმეტყველება კი, უჯრაში, ახლახან იპოვა და “პრაიმტაიმის” მკითხველს ექსკლუზიურად უზიარებს. “მაპატიეთ, დროზე ვერ შევასრულე თქვენი კურთხევა. მეოთხე წელია, რაც საქართველოს მომავალი ვიხილე. რა თქმა უნდა, ზუსტად აღარ მახსოვს ყველაფერი. ვეცდები, ღვთის მადლით, მთავარი აზრი გადმოგცეთ.
გიორგობის წინა კვირა იყო. ჩემს სოფელში (სამთავისში) ვიდექი გზაჯვარედინზე, ტაძართან ახლოს. უამრავი ხალხი ირეოდა ქუჩაში. ზეცა რუხის ფერი იყო. უეცრად ცა გაიხსნა და დედა ღვთისმშობელი გამოჩნდა, გულზე ხელებგადაჭდობილი. ტიროდა. მწუხარედ დაჰყურებდა საქართველოს.
ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა. მე პირჯვარი გადავიწერე და ლოცვა აღვავლინე. შემდეგ გამოჩნდა უფალი და საქართველოს მომავალი მაუწყა. მესმა ხმა: “ის, რაც ახლა ხდება, არაფერია იმასთან შედარებით, რაც გელით.”
ცა უფრო გაიხსნა და ფერადი ფილმივით ვუყურებდი ყველაფერს. დასაბამიდან რომ არ ყოფილა, ისე გაუსასტიკდებათ გულები ადამიანებს…
ვხედავდი, დაიწყო საშინელი არეულობა, ძარცვა, მრუშობა, მკვლელობა. ქუჩებში დახეტიალობდნენ გვარდიელები. ხალხს იარაღის მუქარით ძარცვავდნენ. იყო წყევლა-კრულვა, გაუთავებელი გოდება. ისმის ხმა – “დაიწყება გაჭირვება, საყოველთაო შიმშილი”. ვხედავდი უამრავ მათხოვარს, დაუძლურებულ ხალხს, რომლებიც ქუჩებში ვარდებოდნენ. ქუჩები გაივსო გვამებით.
გაისმა უფლის ხმა – “ომი მოედება ქვეყნის ოთხივე კიდეს, დასავლეთიდან გადაინაცვლებს აღმოსავლეთში. მაგრამ საიდანაც ეს უბედურება მოდის, მე მათ დავსჯი – რუსეთს. გადარჩება მხოლოდ კიევის რუსეთი.” ცაზე მთელი რუსეთი გამოჩნდა. დაიწყო საშინელი ომი. ყოველივეს მუსრს ავლებდნენ.
უეცრად ცეცხლის ალით დაპატარავდა რუსეთი. გამოჩნდა მხოლოდ კიევის რუსეთი, როგორც დასაბამიდან იყო. ისევ მესმის უფლის ხმა: “დაგატყდებათ ჩემი რისხვა. იწყება წარღვნა”.
დაიწყო საშინელი წვიმა. ცა გაშავდა. ჩამოწვა წყვდიადი. აბობოქრებულმა ღვარცოფმა წალეკა ადამიანები, ქუჩები, სახლები… დამხრჩვალი ბავშვები რომ დავინახე, მუხლი მოვიდრიკე, დავიწყე მხურვალე ლოცვა და უფალს შევღაღადე – ბავშვებმა რა დააშავეს, უფალო… უეცრად ცა განათდა. გამოჩნდა დამშვიდებული დედაღვთისმშობელი, უფალი, გუნდი ანგელოზებისა და წმინდანებისა. გახარებული წამოვდექი. ტალახი ჩამოვიფერთხე და… კაბა გათეთრდა. ირგვლივ მიმოვიხედე და კანტიკუნტად მდგარ ადამიანებს სულ თეთრები ემოსათ.
მესმა მგრგვინავი ხმა უფლისა – “ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა გარწყინდება. მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებს გაუტოლდება. კი არ გაუტოლდება, პირველი იქნება მსოფლიოში. ჩემი წყალობა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას” – და მუჭით სხივები სამჯერ გადმოაფრქვია. წამოვიდა საოცარი სხივი და ნათება. ირგვლივ ყველაფერი გაბრწყინდა, თვით ხალხიც, რომელთაც თეთრი სამოსი ემოსათ. გაქრა სიძულვილი და სისასტიკე და ყველას თვალებიდან და სახიდან, სიკეთე და სიყვარული გამოსჭვიოდა.”
მხევალი ღვთისა მანანა ხორბალაძე. 10.11.1995 წელი
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…