საემიგრაციო საკითხებს მედიამაუწყებელი exclusivetv.ge ინტენსიურად აშუქებს. დღეს გთავაზობთ ქართველი ემიგრანტის ირა სოფრომაძის წერილს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
„მე მგონი გამოგადგება, ჩემო არჩეულო და მოწონებულო მთავრობა.!
ეს ჩემი ბებიაა… არც დედაჩემის დედაა და არც მამაჩემის და არც ახლო ნათესავი, მაგრამ ის შენ გახადე ჩემი ბებია.
რა უჭირს მერე? კარგი, იყოს.
ახლა მეტს გეტყვი. დღეს მოვიდა ბებიას ქალიშვილი და მეუბნება: იცი, დღეს სამსახურში ვთქვი, დედაჩემის მომვლელს სამი უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. 11 წელი სკოლის დირექტორი ყოფილა, არის ფსიქოლოგი და ადვოკატი… არ დამიჯერესო. მე თავი გამოვიდე, ჩემი თვალით ვნახე მისი დიპლომები იტალიურად ნათარგმნიო.
მერე ჩემმა მეგობარმა მითხრაო, არ მიკვირს,
დედაჩემის მომვლელსაც უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, მასწავლებელიაო. ისიც ქართველიაო.
მერე ვიღაცას უთქვამს, ეს ქართველები ყველა განათლებულები და დიპლომიანები არიანო. საინტერესოა,
რატომ ვერ პოულობენ თავიანთ ქვეყანაში სამსახურსო.
მართლა მიკვირსო – მომიბრუნდა მერე მე ბებიას ქალიშვილი.
მე… მე რას ვიზამდი, ცუდს ხომ არ ვიტყოდი ჩვენი ქვეყნის მთავრობაზე, მმართველ გუნდზე, ავდექი და ყველაფერი ეკონომიკურ კრიზისს დავაბრალე და არა თქვენს უნიათობას. იმდენი ვილაპარაკე, კინაღამ მეც დავიჯერე.
ინტელიგენცია ჩაგვრეცხესო, ვწუხდით წინა მთავრობაში, დღეს ჩასარეცხადაც აღარ დავრჩით მგონი.
რამდენმა ახალი შექნმილი ოჯახი დატოვა. დატოვა მეუღლე და მცირეწლოვანი ბავშვი და გადარჩენისთვის აქ წამოვიდა. ქმარ-შვილის მონატრებით ბევრი დაავადმყოფდა. სულის ტრავმის გარდა სხვა დაავადებებიც შევიძინეთ, რომელიც ნერვოზმა დაღად დაგვასვა.
ბევრს ოჯახი დაენგრა. ბევრს უკან დაბრუნებულს შვილი ვეღარ ცნობს და ქმარი გაუცხოების თვალით უყურებს, ზოგი რძალმა ზედმეტად ჩათვალა უკან დაბრუნებული.
ასე აირია და დაინგრა ოჯახები.ასე განადგურდა მათი მომავალი. ბევრი დავიტირეთ და ისე გამოვაცილეთ მონატრებულ სამშობლოში.
აქ მარტო უმაღლეს განათლებაზე არ მაქვს საუბარი. ეს იმიტომ მოვიტანე, რითაც ამათ თავს ვაწონებთ და ქვეყანას კი ვსაყვედურობთ… ბევრი ქალბატონი ისედაც უმაღლესი განათლებითაა, ცხოვრების სკოლამ მისცა მას ეს დიდება. ოჯახი, შვილები, შვილიშვილები – ეს აკადემიაა… და ამ სიმდიდრეს მონატრებულები ცხოვრების ულამაზეს წლებს მათზე მონატრებაში ატარებენ.
ეს ჩვენ. ჩვენ ვართ ამ დღეში, ემიგრანტობაში. ვინც მანდ დავტოვეთ… ჩვენზე უარეს დღეში არიან… რას ფიქრობ, მთავრობავ, ქვეყანა შიმშილის ზღვარზეა… დაცარიელდა ქვეყანა.
ვატყობ, მალე დაკეტილი სახლების მთავრობა იქნები. საქართველო ქართველების გარეშეო, ნატრობდა მტერი და შენ ეხმარები ხომ??
ვერ მოგართვი, ჩვენ დავბრუნდებით და ჩვენს სანატრელ სამშობლოს მტერს არ დავუთმობთ.
მეტყვი, რომ ახალგაზრდა აღარ ვარ?? ჩემზე ახალგაზრდები ბევრი გყავს პარლამენტში?? მერე იმას გეტყვი, რომ ბევრს განათლებითაც ვჯობივარ და ქართული ღირებულებების სიყვარულით. თქვენ ხომ მართლა დაბოლილები ხართ, თუ ვერ ხედავთ, რა დღეშია ხალხი. ამ მარიხუანაზე ლაპარაკიც აღარ მინდა, თქვენ მე მგონი მართლა მოგზავნილი ხართ, ქვეყნის გასანადგურებლად…
ვაი, ჩვენ პატრონს…
და უი თქვენსას…
p.s. კარგად გამოიყურებიო, მწერენ, რა გიჭირსო. მარტში ელექტროშოკით ამიმუშავეს გული, ჩერდებოდა და ახლა ალბათ მიხვდით, როგორ გამოვიყურები. მზე მეჯავრება, იმის გამო, რომ ბებია ქუჩაში უნდა ვატარო.
არ შემიძლია და იმიტომ.“ – წერს ირა სოფრომაძე.
გთხოვთ გააზიარეთ სტატია და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…