როგორ უნდა მოამზადოთ ბავშვი ზიარებისთვის და რა უნდა იცოდეთ ჩვილის ზიარებაზე?
როდის უნდა დაიწყოს ბავშვმა ეკლესიური ცხოვრება, უნდა წაიკითხოს თუ არა ლოცვა ზიარების წინ და ა.შ. ამ საკითხებზე გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):
– რომელი ასაკიდან ჯობია ბავშვების ეკლესიაში ტარება?
– თუ იმის საშუალება არა გვაქვს, ყოველ კვირას ტაძარში ვატაროთ, ჩვილობის ასაკში შეგვიძლია თვეში ერთხელ მივიყვანოთ ბავშვი და ვაზიაროთ. ადამიანის სული ღვთაებრივი ენერგიით განიმსჭვალება,
როდესაც უფალს შემოუშვებს საკუთარ სხეულში.
– შეიძლება თუ არა ჩვილი ბავშვების სისტემატურად ზიარება?
– დასაშვებია და აუცილებელიც. ნათლობის შემდეგ, პატარა, შვიდ წლამდე აუცილებელია სისტემატურად ვაზიაროთ აღსარების გარეშე. სულის საკვები გახლავთ: ლოცვა, მარხვა და ზიარება. პატარას არ შეუძლია ხანგრძლივ ლოცვებს დაესწროს ან თავად ილოცოს, მაგრამ კარგი იქნება, ნელ-ნელა შევაჩვიოთ. ჩვილი კი ზიარების დროს მივუყვანოთ ტაძარში, საუკეთესო მდგომარეობაა, როცა მშობლები მორწმუნენი არიან და შვილს აზიარებენ.
– როგორ უნდა მოემზადოს ბავშვი ზიარებისთვის?
– წლების მიხედვით უნდა ვაწვდიდეთ ინფორმაციას, არ შეიძლება ბავშვი მოვატყუოთ: ,,კოლაა”, ,,პუაა”, ,,კაფუა” და ა.შ. ეს არის მკრეხელობა, მოტყუება. ბავშვს თუ იმის გონება აქვს, რომ ეს ნივთები აღიქვას, ნუ შეგვეშინდება, რომ ვუთხრათ, სიწმინდეს ეზიარება.
– რა ასაკიდან უნდა წაიკითხოს
ბავშვმა ზიარების წინა ლოცვები?
– შესაძლოა, 7 წლიდან დავაწყებინოთ, მაგრამ თითო ლოცვით. სრულად ვერ წაიკითხავს და არც არის აუცილებელი. ბავშვმა ლოცვა სიყვარულით უნდა თქვას. ზიარების წინა ლოცვა 9 საგალობლისა და 12 ლოცვისგან შედგება, ბავშვს საკმარისია, რომელიმე ერთი ლოცვა წავაკითხოთ და თან ავუხსნათ, რისთვის ემზადება.
– ბავშვებს ჯერ არა აქვთ გააზრებული, რა არის ზიარება, როგორ უნდა აუხნას მშობელმა მარტივად, რა არის ზიარება?
– ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი ვერაფერს ვერ გებულობენ. სინამდვილეში როგორიცაა მშობლის განცდა, ისეთივეა შვილისაც. ჩვენ თუ გვწამს, რომ უფლის სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ბავშვთან სიტყვების რახა-რუხი არ დაგვჭირდება, მას ეცოდინება, რომ კრძალვით უნდა მიეახლოს. როდესაც მოწიფულ ასაკს მიუახლოვდება, შესაძლებელია მივცეთ პატარა ნაწერები და თავად წაიკითხოს, ადამიანი უფრო ადვილად იაზრებს, როდესაც თვითონ კითხულობს. აღსაქმელად კარგია მამა პაისის, ბერი პორფირის, მამა იოანეს (კრესტიანკინის) ნაწერები. თავადაც ესიამოვნებათ კითხვის პროცესი.
– ზიარების წინ ბავშვმა საკვები რომ მიიღოს, შეიძლება?
– ხუთი წლის შემდეგ, უმჯობესია თავშეკავებას მივაჩვიოთ. კრძალულება სხვაგვარად არ იშობა.
– თუ პატარა ბავშვი არ იღებს წმინდა ზიარებას და პირი მოკუმული აქვს, შეიძლება თუ არა მისი ძალად ზიარება?
– ბავშვი ამ დროს გამოხატავს შიშსა და მიუჩვევლობას, მას რაღა თქმა უნდა, არ ენდომება და ჰგონია, რომ ექიმთან მიჰყავთ ან კიდევ მისთვის არასასიამოვნო რამეს უმზადებენ. კარგი იქნება, შორიდან ვაცქერინოთ, თუ როგორ ეზიარებიან პატარები, ხშირი სიარულის შემდეგ თავად მოგვთხოვს პატარა სიწმინდესთან მიახლებას. მშობლების წირვაზე წაუსვლელობა აისახება შვილის სიჯიუტეში.
– თუ ჩვილი მომაკვდავია, ხელოვნურ სუნთქვაზეა და პირში მილი აქვს ჩადგმული, შეიძლება თუ არა მისი ზიარება?
– გონებადაკარგულის ზიარება არ შეიძლება.
– ზოგჯერ როცა ჩვილს აზიარებენ, პირღებინება ეწყება, ამ დროს რა უნდა ქნას მშობელმა და ითვლება თუ არა ეს ცოდვად?
– შესაძლებელია ბავშვს რამე ალერგია ჰქონდეს და კარგი იქნება, გამოიკვლიონ ექიმთან, ან თუ იშვიათი შემთხვევაა და ნაკლებია ღებინების რისკი, თან ატარონ ყოველი შემთხვევისთვის პარკი, რომელსაც დამარხავენ შემდგომში სუფთა ადგილას.
თეა ცაგურიშვილი / მშობლები.გე