გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა გეოლოგიური დეპარტამენტის მომზადებული ყოველწლიური დოკუმენტი, რომელიც ასახავს საქართველოში 2024 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების შედეგებსა და 2025 წლის პროგნოზს.
სტიქიური მოვლენების გააქტიურება ყველაზე მეტად დასავლეთ საქართველოშია მოსალოდნელი.
თბილისის გარდა, გეოლოგებმა საქართველოს 10 რეგიონი იკვლიეს.
- აჭარა;
- გურია;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი;
- იმერეთი;
- რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი;
- სამცხე-ჯავახეთი;
- შიდა ქართლი;
- მცხეთა-მთიანეთი;
- ქვემო ქართლი;
- კახეთი.
დადგინდა, რომ სტიქიური გეოლოგიური პროცესების გააქტიურების ტენდენციამ დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად გადააჭარბა ფონურ მდგომარეობას. აღმოსავლეთში კი იგივე სურათი დარჩა, რაც 2023 წელს იყო.
აჭარაში ჩატარებულმა კვლევებმა, მაგალითად, აჩვენა, რომ ამ რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში საშიში გეოლოგიური პროცესების საფრთხე არსებობს. განსაკუთრებით – მთიანი აჭარის მეწყერსაშიშ ზონებში.
სხვადასხვა სახის სტიქიური გეოლოგიური პროცესების მაღალი საშიშროების რისკის ქვეშ არის მოქცეული 117, საშუალოში 163 და დაბალში 59 დასახლება.
გურიაში მაღალი სტიქიური საშიშროების ქვეშაა 60, საშუალოში – 76, დაბალში – 57 და ძლიერ დაბალში 10 დასახლებული პუნქტი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სამ განსხვავებულ გეოლოგიურ ერთეულს გამოყოფენ და ამის მიხედვით განსხვავდება სად რა სტიქიის საფრთხე არსებობს.
მაგალითად, მდინარე ენგურის აუზს ახასიათებს ღვარცოფები, ეროზიები და მეწყრები და მოიცავს მესტიის მუნიციპალიტეტს.
წინასწარი პროგნოზით, სამეგრელოს მხარეში მოსალოდნელია როგორც მეწყრული, ისე მდინარეთა ნაპირგარეცხვის პროცესები. ამ მხრივ აქტიურია მუჟავა-ჯვარზენის, თაია-ნაფიჩხოვის და კურზუ-მარტვილის მონაკვეთები.
ზემო სვანეთში მოელიან ღვარცოფების, მეწყრებისა და ქვათაცვენის გააქტიურებას.
ღვარცოფების საფრთხე შემდეგ მდინარეთა აუზებში: მესტიაჭალა, მულხურა, ნენსკრა, ნაკრა, დოლრა, ხაიშურა, ლეხარა და სხვა.
მეწყერი შესაძლოა გააქტიურდეს ზუგდიდის რაიონის სოფლებში ოდიში, ჯიხაშკარი, კორცხელი, ჭკადუა, ცაიში, ჩხოუ, ახალსოფელ და სხვები.
აქტიური გეოლოგიური პროცესებით გამორჩეულია იმერეთის მხარე და აქყველაზე ხშირია მეწყერი, ქვათაცვენა, კლდეზვავი, ეროზია. იშვიათად – ღვარცოფიც.
იმერეთის 11 მუნიციპალიტეტის 546 დასახლებული პუნქტიდან მაღალი საშიშროების რისკის ზონაშია 111 პუნქტი, საშუალოში – 322, ხოლო დაბალი საშიშროების ზონაშია 113 დასახლებული პუნქტი.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთიც ერთ-ერთი ურთულესი გეოლოგიური (მათ შორის სეისმური) და გეომორფოლოგიური პირობებით გამოირჩევა.
ამ მხარის 256 დასახლებული პუნქტიდან, მაღალი რისკის ზონაში მოქცეულია 86, საშუალოში – 126, დაბალი რისკის ზონაში კი – 44.
2024 წელს აქ გეოლოგებმა დააფიქსირეს 24 აქტიური მეწყერი, 17 ღვარცოფული წყალსადინარი, 11 კლდეზვავის და 9 ნაპირგარეცხვის უბანი.
სამცხე ჯავახეთის მხარე 8-9-ბალიანი სეისმური რისკის ზონაშია მოქცეული.
271 დასახლებული პუნქტიდან აქ მაღალი რისკის ქვეშაა 24, საშუალო – 67, ხოლო დაბალი რისკის ზონაში 179 პუნქტი.
ამ რეგიონიდან 2024 წელს ეკომიგრანტი გახდა 64 ოჯახი.
წყარო: რადიო თავისუფლება


