სანამ ჩემი მეუღლე გარდაიცვლებოდა, უზრუნველი და ბედნიერი ცხოვრება მქონდა. ბევრ შვილზე ვოცნებობდით. ნუკრი რომ გამიჩნდა, მამამისი სიხარულით მეცხრე ცაზე დაფრინავდა. ამბობდა: აწი რაღა მომკლავს, მე დედისერთა ვარ, გვარის გამგრძელებელი შემეძინა. აწი აღარ გავჩერდები, გოგოებიც მინდა და ბიჭებიც, სახლში სულ უნდა ირბინოს პატარამო.
კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო, სწორედ ასე მოხდა. ჩემი მეუღლე ავარიით გარდაიცვალა და დავრჩი მარტო ჩვილ ბავშვთან ერთად. მართალია, ჩემს მშობლებს წამითაც არ მივუტოვებივარ, მაგრამ დედამთილ-მამამთილმა ძალიან იდარდეს დედისერთა შვილის სიკვდილი, ჯანმრთელობა შეერყათ და მთელი ათი წელი მათ მოვლაში გავატარე.
საბოლოოდ, შვილის სიკვდილს გადაყვა ორივე. ჩემი მშობლები რომ გარდაიცვალნენ, ჩემი შვილი უკვე დიდი იყო. ძალიან განიცადა გამზრდელი ბებია-ბაბუის გარდაცვალება, შეიცვალა, ჩაიკეტა.
მიჭირდა მასთან ურთიერთობა, თავს მარიდებდა. საბოლოოდ გამომიტყდა: არასოდეს ჩემთვის არ გეცალა, სულ სამსახურში იყავი, იქიდან დაბრუნებული ბებია-ბაბუას უვლიდი, მერე სახლის საქმეებს აკეთებდი და, ფაქტობრივად, ჩემთან არ იყავი. არასოდეს გიკითხავს, ჭამის, ჩაცმის და სწავლის გარდა, რამე თუ მინდოდა ან მაწუხებდაო.
მაშინ მივხვდი, ჩემზე კი არა ცხოვრებაზე იყო დაბოღმილი, უმამობას განიცდიდა, ხვდებოდა, რომ მხოლოდ ჩემი არსებობა ვერ აბედნიერებდა. ხანდახან უმიზეზოდ მიწყებდა კამათს. მეც ნერვები აღარ მქონდა და ჩხუბში ვყვებოდი.
ერთი სიტყვით, ვგრძნობდი, ჩვენი ურთიერთობა ნელ-ნელა იძაბებოდა, ჩვენ შორის ბზარი ჩნდებოდა, მე კი ვეღარ ვაჩერებდი და სულ უფრო ღრმავებოდა. ის კი ცდილობდა, სახლიდან გასულიყო და ხშირად ღამეებიც არ მოდიოდა. მერე გავიგე, ვიღაც შვილიან ქალთან ჰქონია ურთიერთობა. არაფერი მითქვამს და არც გამკვირვებია.
ვფიქრობდი, მასთან გულის გადასაყოლებლად ერთობა-მეთქი, მაგრამ, როცა სახლში მომაყენა ჩემი ასაკის, შვილიანი ქალი, მერე მივხვდი, ჩემი საქმე საბოლოოდ წასული იყო. კი გავიგიჟე თავი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ხელიც მოაწერეს და ის ქალბატონი, შვილთან ერთად, ჩვენს ბინაში გადმოსახლდა.
თავიდან ცდილობდა, ჩემთან თბილი დამოკიდებულება ჰქონოდა, თუმცა, ვხედავდი, როგორ აგულიანებდა ჩემს შვილს და ამხედრებდა ჩემ წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, შვილმა, რომელსაც მთელი ჩემი ცხოვრება შევწირე, გამომიცხადა: ხომ ხედავ, ვეღარ ვეტევით ამ პატარა ბინაში, მოიფიქრე რამე და თუ მართლა ჩემი ბედნიერება გსურს, ხელი შემიწყვეო.
იმ წუთას მართლა ვერ გავიაზრე მისი სიტყვები. ვიფიქრე, ბედნიერებაში ურთიერთობას გულისხმობდა, თურმე, ჩემი სახლიდან გაშვება დაგეგმეს და ასეც მოიქცნენ.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, დღეს სარდაფის ტიპის ბინაში, ქირით ვცხოვრობ. ჩემი შვილი არც კი მკითხულობს, მის, ეგრეთ წოდებულ, ცოლზე რომ აღარაფერი ვთქვა.
საერთო შვილი რომ გაუჩნდათ და მივედი, ისე ცხვირაწეული და ცივად დამხვდნენ, მივხვდი, იქ ჩემი ადგილი არ იყო. არ ვიცი, იმ ქალმა რა გაუკეთა, ასე როგორ შეაძულა ჩემი თავი, რომ დედის დანახვა აღარ უნდა.
შვილისგან მიტოვებულმა, თავის მოკვლაც კი გადავწყვიტე, თუმცა, რომ დავფიქრდი, ისევ მის გამო შევიკავე თავი. სადამდეც გავუძლებ ასეთ ცხოვრებას და შევძლებ საკუთარი თავის შენახვას, ვიცხოვრებ და მერე ვნახოთ. ნათესავები კი მეხვეწებიან, ჩვენთან გადმოდიო, მაგრამ სხვისი შეწუხება არ მინდა.
ჯერ შემიძლია მუშაობა, სახლებს ვალაგებ და გამომუშავებული თანხით ქირასაც ვიხდი და თავსაც ვირჩენ. ხვალ რა იქნება, არ ვიცი ან რისთვის გამწირა ღმერთმა, რომ საყვარელი ადამიანი ასე ადრე წამართვა, წაიყვანა და დამტოვა ფრთამოტეხილი, ან შვილის წინაშე რა დავაშავე, ვერ ვხვდები.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
მარიკა, 55 წლის.