მდინარე სუფსაში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს. მაშველები მოზარდს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. გარდაცვლილი გიორგი თირქიაა, რომელიც სოფელ ჩიბათიდან იყო.
როგორც მისი ახლობლები “გურია თუდეის” უყვებიან, გიოს მამა გარდაცვლილი ჰყავს და ახლა დედის სოფელში ცხოვრობდა.
“გიო, როგორ მეგონა, რომ ცოცხალს გიპოვიდნენ… სულ რაღაც 15 წლის იყავი, ბიჭო. აგვისტოში დაიბადე და აგვისტოში დაგვტოვე. გული გამიგლიჯე, ბიჭო, ჩემი ოჯახის წევრად მიმაჩნდი. უკვე მერამდენე ახალგაზრდას გულის ფეთქვა გაჩერდა ჩვენს კუთხეში, მხოლოდ 15 წლის იყავი.
კეთილი, ზრდილობიანი, მორიდებული. ოჯახის და კუთხის იმედად იზრდებოდი. აგვისტოში გაახარე დედის გული შენი დაბადებით და აგვისტოში გაუგლიჯე გული შენი წასვლით. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, მჯერა, სამოთხეში იქნები” – ამბობს ოჯახის ახლობელი ნანა კუკულავა.