როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები 4 ოქტომბერს და მას შემდეგ, ამის შესახებ პოლიტიკის ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილს ვესაუბრებით.
– ხელისუფლების ქცევას ვერ ვხსნი ლოგიკურად. არსებულ რეალობაში იმ რესურსებით, რაც ხელისუფლებას აქვს, განსაკუთრებით რეგიონებში, თან იმ ვითარებაში, როდესაც ოპოზიციის დიდი ნაწილი აგრესიული ფორმით ბოიკოტს მიმართავს, წესით, ხელისუფლებას არაფერი არ უნდა დასჭირვებოდა და ეს არჩევნები იდეალურად უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ მაინც არის გადაბირებები, ვიღაცებისთვის კვერცხების სროლა… ერთი მხრივ, შესაძლოა ეს იმით აიხსნას, რომ იგებენ, მაგრამ ვერ იგებენ იმ ანგარიშით, რაც უნდათ. თუმცა, ჩემი აზრით, მათ ფეხებზე არ ჰკიდიათ ლეგიტიმაცია და დასავლეთის აღიარება. ეს ჩანს ხელისუფლების პოლიტიკაში და ყაველაშვილის გამოსვლაშიც გამოჩნდა. ვიღაცამ შეიძლება თქვას, ამათ სულ არ სჭირდებათ დასავლეთის ლეგიტიმაციაო, აბა, მაშინ გერმანიის ელჩს რატომ იბარებენო? მაგრამ ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ევროპის ქვეყნები არავინ არ არიან, მათ არავინ არაფერს ეკითხება და მთავარია ამერიკა. ამიტომ უნდა ამერიკასთან ურთიერთობის აწყობა, ტრამპს მიმართავს, ევროკავშირს კი აღარ ელაპარაკება…
რაც შეეხება ოპოზიციას, რომელიც ბოიკოტის რეჟიმშია და მიუხედავად იმისა, ისევ ორად არიან გაყოფილი, მათი დიდი უმეტესობა მაინც 4 ოქტომბრის იმედზეა. ნაწილი ამბობს, 4 ოქტომბერს დავიწყებთ და იმ დღესვე მოვრჩებით ყველაფერსო, ნაწილი ამბობს, 4 ოქტომბერს დავიწყებთო, მაგრამ სად წავალთ და როგორო, ამის გეგმა ცნობილი არ არის და ალბათ, არც იქნება.
ეჭვი მაქვს, რომ არც ერთმა მხარემ – არც ოპოზიციამ და არც ხელისუფლებამ არ იცის, რა იქნება ან რას გააკეთებენ. ოპოზიციის მხრიდან უფრო არის ნაპოლეონის პრინციპი, ჩავებათ ბრძოლაში და მერე იქ ვნახოთო. საერთოდ, ქართულ პოლიტიკაში ეს პრინციპი ყოველთვის წამყვანია და ძალიან იშვიათად, რომ პოლიტიკოსებს რაღაც ჰქონდეთ დაგეგმილი.
– თქვენ რომელ ვარიანტს ელოდებით?
– მე კი მაქვს ჩემი აზრი, მაგრამ მაინცდამაინც საჭიროდ არ მიმაჩნია ამაზე დეტალურად საუბარი. ასეთ დროს ხელისუფლება არ მიდის დათმობაზე. მე თვითონ ვყოფილვარ ასეთ სიტუაციაში 2007 წლის ნოემბრის ამბებში და არის სულ სამი გზა: გაქვს მოთხოვნები და ხელისუფლება არ აკმაყოფილებს, გამოიყვანე ბევრი ხალხი, მაგრამ ხელისუფლება გაიძახის, არა, არ გავაკეთებო. ამის მერე არის ერთი ვარიანტი – იდგე დიდხანს და შეეცადო პარალიზებას, რაც ძალიან რთულია, ასი ათასი კაცი ყოველდღე ფიზიკურად ვერ დადგება ქუჩაში, ეს გამორიცხულია.
მეორე – თუ დაინახავ, პროტესტი კლებისკენ წავიდა, მიმართავ გამწვავებას სხვადასხვა ფორმით – შეიძლება ისეთით, რაც ხელისუფლებას ძალისმიერი საშუალებების გამოყენების საშუალებას მისცემს, ან მაგალითად, ვიღაცებმა მასობრივად შიმშილობა გამოაცხადონ, ან დავუშვათ, სადღაც შეეცადო სიტუაციის დაძაბვას. მახსოვს, იყო ისეთი შემთხვევაც, ვიღაცებმა თქვეს, მოდი, გადავკეტოთ რკინიგზა ან მაგისტრალებიო. სხვა გზა არ არსებობს, როდესაც ხელისუფლებას ეუბნები, წელში უნდა გადაგტეხოო. მაგრამ ამას სჭირდება ძალიან დიდი რესურსი…
– ძალიან ბევრი ადამიანი რომც გამოვიდეს 4-ში ქუჩაში, იქნება იმის წინა პირობა, რომ გარდამტეხი პროცესები დაიწყოს?
– მართალი გითხრათ, ძალიან მეეჭვება, არა მგონია, ხელისუფლება ამ შემთხვევაშიც დათმობაზე წავიდეს. შეიძლება რაღაცები გადადოს, მაგრამ დათმობით არ დათმობს და დაელოდება გამწვავებას, რომ ძალა გამოიყენოს. ყველა ხელისუფლება მეტ-ნაკლებად ერთნაირად იქცევა. ის, რომ დაინახონ ქუჩაში გამოსული ძალიან ბევრი ხალხი და ხელისუფლება თვითონ წავიდეს, ჩემი აზრით, გამორიცხულია. ივანიშვილი ერთხანს ამას აკეთებდა, პატარა დათმობებზე მიდიოდა და ასე ცდილობდა გადაეგორებინა პრობლემა, მაგრამ ამას აღარ აკეთებს, იმიტომ, რომ ნებისმიერ დათმობას ისინი განიხილავენ, როგორც ჩამოშლის წინა პირობას…


