სასტიკად არის მოკლული 26 წლის მასწავლებელი გიგა ავალიანი. მას საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ და თავის არეში მძიმე დაზიანება მიაყენეს.
არსებული ინფორმაციით, ავალიანს სადარბაზოსთან რამდენიმე არასრულწლოვანი დახვდა, მათ შორის 16 წლის გოგო. დანაშაულის სავარაუდო მოტივად ეჭვიანობა სახელდება. მოკლული ბიჭის დედა წერს, რომ 16 წლის ნია ი-მ შეყვარებული “გიგასთან მიმოწერით აეჭვიანა”, რასაც ქალის თქმით, ჩასაფრება და მკვლელობა მოჰყვა.
“ნ.ი-მ (რედ: გოგონას ვინაობას შეგნებულად არ ვასაჯაროებთ) (16 წლის) ამ მიმოწერით (ავრცელებს ვიდეო სქრინს, გიგა ავალიანსა და ნ.ი-ს შორის) აეჭვიანა შეყვარებული ა. გ. (17 წლის). ა.გ.-მ რ-სთან (არასრულწლოვანი) და ნ.ი.-სთან ერთად დაგეგმა მკვლელობა. ნ.ი-მ ზუსტად აჩვენა, სად შეეძლებოდათ ენახათ გიგა, რამდენიმე დღის განმავლობაში სისტემატურად უთვალთვალებდნენ, მაგრამ რადგან ჩემთან ერთად დადიოდა ვერ მოკლეს, ნახეს ხელსაყრელი მომენტი, აედევნენ სახლამდე და ბნელ ადგილზე მოკლეს” – წერს მოკლული ბიჭის დედა.
AMBEBI.GE-ს შსს-ში უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა არასრულწლოვანი ა.გ. დააკავეს.
გიგა ავალიანზე წარსულში საუბარი უჭირთ მის ახლობლებს. გვიყვებიან, რომ ახალგაზრდას დიდი მომავალი ჰქონდა, მუშაობდა მასწავლებლად, ასევე სწავლობდა სამედიცინოზე და ექიმობაზე ოცნებობდა. უამრავი პოსტი იწერება სოციალურ ქსელში:
“სამმა არასრულწლოვანმა სიცოცხლე წაართვა ჩემს მასწავლებელს – გიგას, რომელიც ჭკვიანი, ნიჭიერი და კეთილი ადამიანი იყო”.
“შემზარავი ტრაგედია დატრიალდა, უაღრესად განათლებული, მომავალი ექიმი გამოგვაკლდა, ჩვენ ხელში გაზრდილი ვაჟკაცი, ჩვენი გიგა ავალიანი… ჩვენს ეკას რამდენი რამ გადახდა თავს, მაგრამ მაინც მედგრად ედგა თავის შვილებს, დააფრთიანა, გამოზარდა საუკეთესო ვაჟკაცები. ახლა კი რაღაა მისი სიცოცხლე… გული მიკვდება მისი ჯავრით”.
“ბიჭი, რომელსაც ცხოვრება წინ ედგა, ოცნებები ჰქონდა, გონიერებითა და ტალანტით სავსე, ჩვენი ქვეყნის მომავალი შეიძლებოდა ყოფილიყო. მკვლელობის მიზეზი, უაზრო ეჭვიანობა. როგორი საშინელი სიტყვებია ეს ორი ერთად, როცა მათ უკან ადამიანის სიცოცხლე დგას. საზოგადოება, სადაც ბავშვები ერთმანეთს კლავენ, დაავადებულია სიძულვილით, ძალადობითა და გულგრილობით. როცა ოჯახში, სკოლაში, ქუჩაში ვერავინ ასწავლის სიყვარულს, პატივისცემას და ღირსებას,როცა ოჯახში ძალადობა “ნორმაა”, როცა სიბრაზე და შური ხდება ყოველდღიურობა, ასეთ შედეგამდე მივდივართ.დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან!!!!” – წერენ ახლობლები.
წყარო: Ambebi.ge


