თამილა 38 წლისაა. 10 წელია მარტო ზრდის შვილებს და ცდილობს, როგორმე ამოვიდეს სიღარიბიდან, რომელშიც, მისი თქმით, დედამთილ-მამამთილმა ჩააგდო.
თამილა: – 18 წლის ვიყავი, მომავალმა ქმარმა რომ მომიტაცა. წესიერად არც კი ვიცნობდი, სულ სამჯერ მყავდა ნანახი. ერთ დილას რეპეტიტორთან მიმავალს მანქანით დამხვდა ძმაკაცებთან ერთად. თავიდან ვერც კი მივხვდი, რა ხდებოდა.
გამიელვა, ალბათ გამოსასყიდისთვის გამიტაცეს-მეთქი. მალევე გაირკვა, რომ თურმე ცოლად ვუნდოდი. კინაღამ გული გამისკდა – ვიღაც უცნობის ცოლი როგორ უნდა გავმხდარიყავი! გათხოვებაზე არც ვფიქრობდი, სწავლა მინდოდა, მაგრამ..
მთაში წამიყვანა, მამიდამისთან. ერთი კვირა ვეწინააღმდეგებოდი, მეგონა, მომაგნებდნენ ჩემები. ვერ მომაგნეს. პოლიციას ერთი კვირა დასჭირდა გამტაცებლის დასადგენად. მერე სამართალდამცველები ჩემს დედამთილ-მამამთილს რომ მიადგნენ შინ, ავიშვიშებულან, – ჩვენ ეგ დასასვენებლად გავუშვით, რა ცოლი, რის ცოლიო.
მოკლედ, გავტყდი, დავკარგე ყველაფრის იმედი და მივუგდე ჩემი თავი მომავალ ქმარს, რომელიც ვერაფრით შევიყვარე. მას კი, როგორც ამბობდა, თავდავიწყებით ვუყვარდი. მართლაც ძალიან მიფრთხილდებოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ უშვილო იყო.
– შვილები მისგან არ გყავთ?
– დიდი ხნის შემდეგ შეგვეძინა. კარგა ხანს რომ არ დავორსულდი, ერთ დღესაც დედამთილ-მამამთილმა მომახალა, უნაყოფო ვის სჭირდებიო. ჩავიტარე გამოკვლევა. ექიმებმა მითხრეს, ჯანმრთელი ხარ, შენი ქმარი უნდა გამოვიკვლიოთო.
ეს რომ ვთქვი ოჯახში, დედამთილმა კინაღამ დამახრჩო, – ჩემი შვილი უნაყოფო ვერ იქნება, ჯიშში არ აქვსო?! კიდევ კარგი, შვილი მშობლებს არ ჰგავდა… გამოკვლევებზე წავიდა, სწორედ მას აღმოაჩნდა პრობლემა. საშინლად დაამცირა მამამისმა, – უვარგისი უძახა. მაშინ ჩემმა ქმარმა გადაწყვიტა, ცალკე, ბებიის დანატოვარ ბინაში გადავსულიყავით.
ცალკე გადასვლიდან მალევე დავფეხმძიმდი, პირველი ბიჭი გაგვიჩნდა, 9 თვის იყო, როდესაც მეორე შვილზე დავფეხმძიმდი, გოგონა შეგვეძინა. ვიფიქრე, რა ბედნიერი ვარ, ყველაფერი კარგად აეწყო-მეთქი და ჩემს ქმარს სიმსივნე აღმოაჩნდა. ვერ ვუშველე.
– ქმრის გარდაცვალების შემდეგ მისი მშობლები არ დაგეხმარნენ?
– ქმრის სიკვდილით სასოწარკვეთილმა არ ვიცოდი, რით მერჩინა შვილები. მამამთილმა შემომთავაზა, ჩვენთან გადმოდი საცხოვრებლად, ეს ბინა გავყიდოთ, ფული დიდი პროცენტით გავასესხოთ და ყოველთვიური შემოსავალი გექნება ბავშვების სარჩენადო.
დავყაბულდი. მამამთილმა ის ფული მართლაც რაღაც საქმეში ჩადო, მაგრამ თავის სახელზე. საშინელ დღეში ჩამაგდო, ყოველთვიურად დიდი ხვეწნა-მუდარით გროშებს მაძლევდა. ერთ დღეს ბავშვები დავაძინე და სამზარეულოში გავედი.
ჩემი დედამთილი შინ არ იყო. მამათილი შემოვიდა და მითხრა, – ახალგაზრდა ქალი ხარ, როდემდე უნდა იყო მარტოო.
თავზარი დამეცა – ამას მეუბნებოდა კაცი, რომელსაც ხუთი თვის წინ შვილი გარდაეცვალა! თუ გინდა, უცხოეთში წადი. ბავშვებს ჩვენ დავიტოვებთ და შენ, როგორც გინდა, ისე იცხოვრეო. ვიკივლე, რას კადრულობთ-მეთქი? მხარზე ხელი მომკიდა და მითხრა, – თუ ისურვებ, აქაც მოგიჩენ მუდმივ კაცს, ვინც გარჩენსო. მინდოდა დანა ჩამერტყა, მაგრამ თავს მოვერიე.
– მშობლებს, ძმებს, ნათესავებს ვერ უთხარით ეს ამბავი?
– ცდილობს პროვოკაციაზე წამოგაგოს, რომ შინიდან წამოხვიდე და ის ფული შერჩესო, – მითხრეს. მაინც წამოვედი, ერთმა მადლიანმა შეგვიფარა. მოსამსახურედ დავიწყე მუშაობა მათთან – დიდი ოთახი დაგვითმეს მე და ჩემს შვილებს.
მეტიც, ჩემს ბავშვებს თავის შვილებთან ერთად ასწავლიან. მთავარია, ღია ცის ქვეშ არ ვართ, ბავშვებს არ შიათ, არ სწყურიათ, არ სცივათ.
მერე რა, რომ ბევრს ვშრომობ. ის ხალხი თან ჰყვება ჩემს შვილებს, ბებია-ბაბუას კი არც ახსოვს. სამ ძაღლს უვლიან და შვილიშვილებს, რომლებსაც მამისგან დანატოვარი სახლიც კი გაუყიდეს, არც კითხულობენ. კითხვის გაგრძელება..
ძალიან მიჭირს. იმდენ ფულსაც ვერ ვშოულობ, რომ ბინა ვიყიდო, მაგრამ ვიცი, შვილები გამიმართლებენ იმედს. დედამთილ-მამამთილზე აღარც ვბრაზობ, რაც სჭირთ, იმაზე მეტი რაღა უნდა დაემართოთ? მარტოდ დარჩენილები, ყველასგან მივიწყებული არიან.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზაირეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
სოფო გამრეკელი, წყარო: კვირის პალიტრა