27 წლის ელისო კ-ძე ქუჩაში შემთხვევითმა გამვლელებმა აღმოაჩინეს. უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ქალი საკუთარ სისხლში ცურავდა, ერთი შეხედვითვე ჩანდა, რომ სხეულზე მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიყენებული.
საავადმყოფოში მიყვანილი დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. მას ორი შემავალი ჭრილობა გულმკერდის და მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული. დაზარალებულს ორი ქირურგიული ოპერაცია გაუკეთდა, რის შედეგადაც ის სიკვდილს გადაურჩა.
ქალბატონის ვინაობა დაუდგენელი იყო, რადგან მას თან არ ჰქონდა ვინაობის დამადასტურებელი არანაირი საბუთი. ყველაზე დიდ ეჭვს იწვევდა ის, რომ შემოდგომის ცივი საღამოს მიუხედავად, დაჭრილი ძალიან შილიფად იყო ჩაცმული – მუქი ფერის ლაბადა თითქმის შიშველ ტანზე ჰქონდა მოცმული.
სისხლის კვალმა, რომელიც, სავარაუდოდ, დაჭრილის სისხლი უნდა ყოფილიყო, გამოძიება საკმაოდ მოშორებით მდებარე საცხოვრებელ სახლთან მიიყვანა. როგორც აღმოჩნდა, პირველ სართულზე მდებარე ბინა ეკუთვნოდა ქალბატონს, რომელსაც ის ახალგაზრდა მამაკაცისთვის ჰქონდა მიქირავებული.
სახლის მეპატრონე მამაკაცის შესახებ კი მდგმური ბევრ ინფორმაციას არ ფლობდა. მამაკაცს ბინა ორი კვირის წინ დაექირავებინა და წინასწარ გადაეხადა, სამი თვის ღირებულება.
სახლის მეპატრონემ დაჭრილი ქალბატონის შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა ცხადი გახლდათ, რომ დანაშაული, რომლის შედეგად ახალგაზრდა ქალბატონს დაზიანებები ჰქონდა მიყენებული, სწორედ აღნიშნულ ბინაში მოხდა.
ამაზე ძალიან ბევრი გარემოება მიუთითებდა. უპირველესად სისხლის კვალი, რომლითაც მთელი ბინა იყო მოსვრილი. სისხლის კვალი აღინიშნებოდა საწოლშიც.
ამონაწერი ბინის მეპატრონის, ტატიანა გლიჩენკოს ჩვენებიდან: „ბინა მაკლერის მეშვეობით გავაქირავე. მდგმური ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომელიც მშრალი ხიდიდან მომიყვანა ნაცნობმა მაკლერმა. მამაკაცმა გამომიცხადა, რომ სოფლიდანაა ჩამოსული, დღისით ძალიან ბევრი სამუშაო აქვს ელიავას ბაზრობაზე და სახლში მხოლოდ ღამით მოვალო.
ისეთი დაღლილი ვიქნები, არაფრის თავი არ მექნება, ავეჯი არ მჭირდება, მხოლოდ საწოლი და მაგიდა მეყოფა, მარტოხელა კაცი ვარო. მამაკაცისთვის ბინის მიქირავება არ შეიძლება, მაგრამ სამი თვის ქირას წინასწარ გადაგიხდიო, რომ მითხრა, უარი აღარ ვთქვი.
ჩემი ნდობა ამით მოიპოვა. მას მერე არც ის კაცი მინახავს და არც ჩემს სახლში მივსულვარ. როცა პოლიციამ სახლში გამომიძახა, იქ ყველაფერი სისხლით მოსვრილი, დამხვდა. ლოგინი „გაშლილი” იყო. როგორც ჩანს, როცა ის ქალი დაჭრეს, ლოგინში იწვა. მაგიდაზე კონიაკის ნაკლული ბოთლი და ორი ჭიქა იდო, იყო ასევე, საჭმლის ნარჩენები.“
შემთხვევის ადგილზე, ბინაში აღმოჩენილი მტკიცებულებები მიუთითებდა, რომ ქალი სახლში მარტო არ იყო. მასთან ერთად, სავარაუდოდ, მამაკაციც უნდა ყოფილიყო, რადგან ბინაში მისი ტანსაცმელიც აღმოჩნდა.
სამართალდამცველებმა გამოძიებით დაადგინეს, რომ მამაკაცი, რომელმაც ტატიანა გლიჩენკოს ბინა დაიქირავა 37 წლის ვაჟა მ-შვილი იყო. თუმცა, მისი ადგილსამყოფლის მოძიება იოლი არ აღმოჩნდა. ოჯახში მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. მისი მობილური ტელეფონი კი, ქსელიდან იყო გამორთული.
სამართალდამცველებმა ვაჟა მ-შვილს შემთხვევიდან მეორე დღეს, ერთ-ერთ საავადმყოფოში მიაგნეს, სადაც წინა საღამოს, საკუთარი ფეხით მისულიყო და მისთვის დახმარება აღმოეჩინათ. დაჭრილს კლინიკაში განუცხადებია, რომ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა დაკარგული ჰქონდა და ვინმე გელა მაისაშვილი იყო.
ვაჟა მ-შვილი მკლავში დანით იყო დაჭრილი და სხეულზეც ფიზიკური ძალადობის კვალი ემჩნეოდა. მას დასახმარებლად კერძო კლინიკისთვის მიუმართავს და განუცხადებია, რომ ქუჩაში უცნობი მძარცველი დაესხა თავს, რომელიც მობილური ტელეფონის წართმევას ცდილობდა და დაზიანებებიც მან მიაყენა.
ვაჟა მ-შვილს დახმარება აღმოუჩინეს და სახლში გაუშვეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. მომხდარი დანაშაულიდან მეორე დღეს, როდესაც ელისო კ-ძე მძიმე მდგომარეობიდან გამოვიდა და მისი დაკითხვა შესაძლებელი გახდა, ეს ორი საქმე გაერთიანდა და გაირკვა, რომ ვაჟა მ-შვილს დაზიანებები სხვა ვითარებაში ჰქონდა მიყენებული.
ამის შესახებ მოგვიანებით თავად ვაჟა მ-შვილმაც აღიარა. მისი ჩვენების საფუძველზე სამართალდამცველებმა ნამდვილ დამნაშავეს მიაგნეს, ის ელისო კ-ძის ყოფილი მეუღლე, ნუკრი ტაბატაძე იყო. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც ელისო კ-ძე და ნუკრი ტაბატაძე ერთმანეთს დაშორდნენ, მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა.
ნუკრი ყოფილ ცოლს შერიგებას სთხოვდა და ეჭვიანობდა, რის გამოც ყოფილ ცოლ-ქმარს შორის ხშირად ხდებოდა სკანდალები. ელისო ორ შვილთან ერთად მარტო ცხოვრობდა. მან ქმარს განუცხადა, რომ მასთან შერიგებას აღარ აპირებდა და სხვა მამაკაცი უყვარდა.
გამწარებული ნუკრი ტაბატაძე ყოფილ ცოლს მოკვლით დაემუქრა და თვალთვალი დაუწყო. მან არ იცოდა, რომ ადამიანი, ვისთანაც მის ცოლს ინტიმური კავშირი ჰქონდა, მისი მეგობარი და ძველი თანამშრომელი იყო.
ამონაწერი ვაჟა მ-შვილის ჩვენებიდან: „ნუკრის და ელისოს დიდი ხანია ვიცნობ, მე და ნუკრი რამდენიმე წელი ერთად ვმუშაობდით და ოჯახებით დავახლოვდით. ელისოსთან ჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა, არასდროს მისთვის, როგორც ქალისთვის არ შემიხედავს.
როცა ნუკრი და ელისო ერთმანეთს დაშორდნენ, ელისომ რამდენჯერმე დამირეკა და შეხვედრა მთხოვა, ნუკრიზე უნდა დაგელაპარაკოო. შევხვდი, ვისაუბრეთ. მეორედაც შევხვდი და პირიქით, ვარიგებდი, აპატიე ნუკრის, რომ გიღალატა და შეურიგდი-მეთქი.
სასტიკ უარზე იყო. ჩვენი ინტიმური ურთიერთობა სწორედ მაშინ დაიწყო. სიმართლე გითხრათ, ინიციატივა ელისოსგან მოდიოდა.
ამას თვითონაც აღიარებს. დავიწყეთ ჩუმად შეხვედრები, მთელი 5-6 თვე ვხვდებოდით ერთმანეთს. ბოლოს ბინა დავიქირავე, რადგან სახლი, სადაც ერთმანეთს ვხვდებოდით, მეგობარს ეკუთვნოდა და იმ პერიოდში მისი გაყიდვა მოუწია.
სწორედ იმ ნაქირავებ ბინაში მოხდა დანაშაული, რომელიც ნუკრი ტაბატაძემ ჩაიდინა. როგორც ჩანს, ელისოს უთვალთვალებდა და მის კვალს გამოჰყვა. საღამოს ორი ჭიქა კონიაკი დავლიეთ. მე ადრე უნდა გავსულიყავი, რადგან, საქმეები მქონდა. ელისოს ვუთხარი: შენ დაიძინე, მოვალ და მერე გაგიყვან-მეთქი.
ელისო საწოლში იწვა, მე სააბაზანოში შევედი, მოულოდნელად, საშინელი ხმაური შემომესმა. ნუკრი ფანჯრიდან გადმოპარულიყო და ელისოს თავზე ადგა ლოგინში. ხელში დანა დავუნახე, სანამ სააბაზანოდან გამოვედი, ელისოს კივილი გავიგონე: რამდენჯერმე გამეტებით ჩაარტყა. თვითონ ნუკრიც არაადამიანურ ხმას გამოსცემდა.
მაშინვე გამოვვარდი, რომ დამეჭირა და ელისო არ მოეკლა. მე რომ დამინახა, ახლა მე მომვარდა. ნასვამი იყო, დანა დავაგდებინე ხელიდან, მაგრამ ისეთი ძალა მისცემოდა, ფიზიკურად ყოველთვის სუსტ ნუკრის, რომ მისგან თავის დახსნა გამიჭირდა.
მერე ისევ ელისოს მივარდა და ცემა დაუწყო. მე უცებ ავიღე ჩემი ტანსაცმელი და სახლიდან გაქცევა ვცადე. ნუკრი ცოტა გამოფხიზლდა და გამომეკიდა.
შემთხვევის ადგილიდან საკმაოდ მოშორებით, ძველი შენობის ნანგრევებს შევაფარე თავი, მაგრამ მომაგნო – ისევ დანა ეჭირა ხელში, მოგკლავო, მემუქრებოდა. ძალა გამოლეული ჰქონდა, თუმცა მაინც მოახერხა და მხარში დამარტყა.
მე თავი გავითავისუფლე, დანა შორს გადავუგდე, თავს ვიცავდი და რამდენჯერმე ისე დავარტყი, რომ ძირს დავარდა. მივატოვე იქაურობა და გავიქეცი. მოგვიანებით, ჩემი ფეხით მივედი კლინიკაში, რადგან ხელი ძალიან მქონდა დაზიანებული, სისხლს ვერ ვაჩერებდი. კლინიკაში განვაცხადე, რომ უცნობი მძარცველი დამესხა თავს.”
სამართალდამცველებმა ნუკრი ტაბატაძე საკუთარ სახლში დააკავეს. მას არც გაქცევა უცდია და არც წინააღმდეგობის გაწევა. დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა: „მე და ელისო ერთმანეთს დავშორდით ჩემი პირადი ისტორიის გამო.
ელისომ გაიგო, რომ საყვარელი მყავდა და არ მაპატია, დამემუქრა კიდეც: სამაგიეროს გადაგიხდიო. დაშორების შემდეგ რამდენჯერმე ვცადე შერიგება, მაგრამ უარზე იყო. ბოლოს, როცა მითხრა, სხვა მამაკაცი მიყვარსო, ძალიან გავმწარდი, თვალთვალი დავუწყე, ოღონდ მე არ დავდევდი უკან.
ეს მეგობარს ვთხოვე, რომელსაც ის არ იცნობდა და სადაც ელისო მიდიოდა, ჩუმად მიყვებოდა ხოლმე. ერთხელაც მე გავყევი. იმ სახლში მივიდა, იქვე ახლოს ჩავსაფრდი, სახლი პირველ სართულზე იყო და აივნიდან გადასვლა შემეძლო.
მივხვდი, რომ ვიღაც უნდა მოსულიყო. ცოტა ხანში სადარბაზოსთან ჩემი ძველი თანამშრომლის, ვაჟას ავტომანქანა გაჩერდა, ბოლომდე ვერ გავაცნობიერე რა ხდებოდა, თუმცა ეჭვი კი გამიჩნდა, რომ ისინი ერთად იყვნენ. იქვე, ახლოს ჩემი ნათესავი ცხოვრობს, მასთან ავედი, დანა მისგან ვითხოვე: აქ, ახლოს ბაღში ბიჭები ვქეიფობთ და დანა დაგვჭირდა-მეთქი.
აივანზე ავძვერი, კარი ისე გავხსენი, არაფერი გაუგიათ. ოთახში რომ შევედი, ელისო საწოლში შიშველი იწვა, ამაზე ლამის გონება დავკარგე, ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, არ მახსოვს როგორ მივედი საწოლთან, მისმა კივილმაც კი ვერ მომიყვანა გონზე.
საერთოდ არ მახსოვს, რას ვაკეთებდი, როგორ ვურტყამდი დანას, ჯერ ჩემს ყოფილ ცოლს, მერე კი ვაჟას, რომელიც აბაზანიდან გამოვიდა. ორივეს მოკვლა მინდოდა, მაგრამ ვაჟა გამექცა, რომ გავეკიდე, უკვე ღონე მქონდა დაკარგული.
კი ვიპოვე, მაგრამ ძალა გამოლეული მქონდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში მან მაჯობა. გამოფხიზლებულმა და გონზე მოსულმა, ერთხანს ვიფიქრე, სახლში დავბრუნებულიყავი, მაგრამ შემეშინდა. იქიდან ჩემს მეგობართან გავიარე, მას მოვუყევი რაც მოხდა.
საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, ჩემი ფეხით ვაპირებდი პოლიციაში მისვლას, მაგრამ მაინც ვერ გავბედე.
სისხლის სამართლის საქმე სხეულის დაზიანების მუხლით აღიძრა. სასამართლომ გაითვალისწინა დამნაშავის აღიარებითი ჩვენება და ის, რომ დანაშაულის ჩადენის დროს აფექტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ნუკრი ტაბატაძეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დაუსჯელი არ დარჩენილა არც ვაჟა მ-შვილი, მას პასუხისგება ცრუ ჩვენების მიცემისთვის დაეკისრა და გისოსებს მიღმა ერთი წლის ვადით აღმოჩნდა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..