ჩეჩნეთიდან მუქარის გამო გაქცეული, ალია ოზდამიროვა ნოემბერში საქართველოდან მოტყუებით ან ძალადობრივი გზით გაიტაცეს, ჩეჩნეთში დააბრუნეს და სავარაუდოდ მოკლეს. როგორც ორგანიზაცია СК SOS–ის წყაროები იუწყებიან, მისი დაკრძალვა 12 ნოემბერს გაიმართა.
- 33 წლის ალიას თქმით, 20 ოქტომბერს ჩეჩნეთის დატოვება მას შემდეგ მოუხდა, რაც მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაცია გარკვეულმა ადამიანებმა, მათ შორის ბიძაშვილებმა, შეიტყვეს. სწორედ მათგან და ასევე ღვიძლი ძმისგან მომავალმა საფრთხემ აიძულა ის ჯერ სტამბოლში, ხოლო შემდეგ კი საქართველოში ჩასულიყო.
გამოკითხვისას გაირკვა, რომ ოზდამიროვას მიმართ მუქარა ასევე მის ბიზნესსაქმიანობასთან იყო დაკავშირებული, ძმები მას იმის გამო სცემდნენ, რომ ქალის ბიზნესპარტნიორებს ინვესტორების ვალი დაედოთ, თანხის ქურდობაში კი თავად ალია დაადანაშაულეს. თუმცა გაქცევის მომენტში ალიას ფულთან უკვე არანაირი კავშირი აღარ ჰქონდა.
ალია ოზდამიროვა გავლენიანი და მდიდარი ოჯახის შვილი იყო: მამა, უსმან ოზდამიროვი, კადიროვის უახლოეს წრეს მიეკუთვნებოდა და გუდერმესის რაიონის უფროსად მსახურობდა. ოჯახში ურთიერთობები წესრიგში ჰქონდათ —ახალგაზრდა ქალი ოჯახურ ძალადობას ან შეზღუდვებს არ განიცდიდა. თუმცა მდგომარეობა მას შემდეგ გართულდა, რაც 2020 წელს მამა გარდაიცვალა და აღარავინ დარჩა ვინც მას ძმებისგან დაიცავდა


