დღეს, როდესაც გენეტიკური ტესტირება ხელმისაწვდომია, სოციალურ მედიაში სულ უფრო ხშირად ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, რომ ადამიანები საკუთარ წარმომავლობასთან დაკავშირებით მოულოდნელ აღმოჩენებს აკეთებენ. ერთ-ერთი ასეთი, თურქი ქალის ემოციური რეაქცია კი ნამდვილ ჰიტად იქცა.
ქალს, რომელიც მთელი ცხოვრება თურქული კულტურის ნაწილად თვლიდა თავს, DNA ანალიზის შედეგებმა ყველა წარმოდგენა თავდაყირა დაუყენა. ეკრანზე გამოტანილი მონაცემების დანახვისას, მან გაოცება ვერ დამალა და კამერასთან დაიჩივლა:
“Ne? Türk değil miyim abi ben?” (რა? თურქი არ ვარ, ძმაო, მე?!)
მისი ტესტის შედეგები კი ნათლად მეტყველებს რეგიონულ გენეტიკურ სურათზე, რომელშიც ქართულ და სომხურ კვალს აშკარად წამყვანი ადგილი აქვს:
თურქი ქალის DNA ტესტის შედეგების მიხედვით, მისი წარმომავლობა შემდეგნაირად გადანაწილდა: ქართული – 43.6%, სომხური – 37.5%, სამხრეთ იტალიური – 15.6%, ქურთული – 1.9%, ხოლო ბერძნული და ალბანური – 1.4%.
ეს არ არის ერთადერთი მსგავსი შემთხვევა – როგორც ცნობილია, მსახიობმა ბურჯუ ბირიჯიქმაც ტესტის შედეგად გაიგო, რომ 100%-ით ლაზი, ანუ ქართველი იყო.
ამ საინტერესო მოვლენის ფონზე, გადავწყვიტეთ, გენეტიკური კვლევების თემაზე სტატია მოგვემზადებინა. საქართველოს საპატრიარქოს ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელ გიორგი ანდრიაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ “ქართული გენოტიპი ერთ-ერთი უძველესია”.
გიორგი ანდრიაძე:
– 2010 წელს დავაარსეთ პირველი სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რომელსაც ერქვა კავკასიელი და ანატოლიელი ხალხების ეთნოგენეზისის წარმომავლობის კვლევის ცენტრი. ეს არის ახალი ინტერდისციპლინური მიმართულება და როდესაც მსოფლიოში ჩამოყალიბდა, ვეცადეთ, ფეხი აგვეწყო. მით უმეტეს, გვყავდა ახლობელი, მეგობარი ივანე ნასიძე – ცნობილი გენეტიკოსი, რომელიც მაქს პლანკის უნივერსიტეტში მუშაობდა. მე ვიყავი საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. მოვიწვიეთ ვანო ნასიძე სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელად. ის ახლა უკვე გარდაცვლილია. ქართველი იყო ამ მეცნიერების სათავეში. ეს მეცნიერება აბსოლუტური სიზუსტით გვაჩვენებს გვარების ნათესაობას და წარმომავლობას.
ჩვენი მიზანი იყო უცხოეთში მცხოვრები ქართველების, ლაზების, ფერეიდნელების იდენტიფიცირება და ქართულ სამყაროსთან გენეტიკური კავშირების დადგენა. პირველი ანალიზები ჩავუტარეთ ლაზებს და იმერლებს, ეს ორი ქართული კუთხე შევადარეთ ერთმანეთს. ანალიზი კეთდებოდა საერთაშორისო ლაბორატორიებში, იქ ვგზავნიდით ანონიმურ ტესტს და ასეა ახლაც. ეს არის საერთაშორისო ღია ბაზა. გენეტიკური ანალიზის კოდი წერია და ვისაც უნდოდა, თავისი გვარი ჩაწერა და ღიაა, ნაწილს არ ჩაუწერია და ის არის ანონიმური.
– შედეგი როგორი იყო?
– იმიტომ არის ეს დნმ-კვლევა ობიექტური, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნათლად დაინახოს თავისი ადგილი ამ დიდ გენეტიკურ ოჯახში: რომელ გვართან უფრო ახლოს არის და რამდენად, რამდენი წლის წინ მოხდა ამ გვართან გაყოფა, ასევე ჯგუფის კუთვნილება, რა არეალიდან არის წარმოშობით.
ამ ობიექტურობამ ნათლად აჩვენა, რომ ქართული გენოტიპი არის ერთ-ერთი უძველესი გენოტიპი, თუ ერთადერთი არა, მსოფლიოს ხალხებს შორის. მაგალითად, იმერეთში სათაფლიას გამოქვაბულში აღმოჩნდა ჩონჩხი, რომელსაც ავუღეთ გენეტიკური ანალიზი და მასზე ძველი კოდის მატარებელი არავინ არის მსოფლიოში. ვრცლად


