თელავში წუხელ მომხდარ ავტოავარიას 22 წლის ბიჭის, ნოდარ სეთურიძის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა გვიან ღამით, სოფელ რუისპირში მოხდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ახალგაზრდა ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც, მას მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. მიღებული დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები. ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს და ექსპერტიზის შემდეგ გამთენიას სახლში მიასვენეს.
უმძიმესი მდგომარეობაა სოფელში, სადაც ნოდარ სუთიძეს გლოვობენ. ადგილობრივები ძალიან განიცდიან მომხდარს.
“ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა. ახალგაზრდა ბიჭია გარდაცვლილი. ჩვენი სოფლიდან არის ნოდარ სეთურიძე, ავარიაც აქ მოხდა. ავარიის დეტალები ჩემთვის უცნობია, ვიცი, რომ ღამის საათებში, სადღაც 12-ის წუთებზე მოხდა. ფეხით მოდიოდა და დაეჯახა მანქანა. ჯერჯერობით ისიც არ ვიცი, დააკავეს თუ არა მძღოლი.
ძალიან განვიცდი მომხდარს, ეს ბავშვი ჩვენს თვალწინ გაიზარდა. ნეტავ, ეგეთი კარგი არ ყოფილიყო. უსაყვარლესი ბიჭი იყო, ასეთი ბავშვი მართლა სანთლით საძებნელია დღევანდელ ცხოვრებაში – უწყინარი, უსაყვარლესი, კაცს ვერ იპოვით მასზე რომ თქვას მაწყენინაო. საოცრად კარგად აღზრდილი. ჩვენს სოფელში გაიზარდა, ჩვენ თვალწინ. ადგილობრივები არიან, ნოდარი სავაჭრო ცენტრში მუშაობდა.
სოფელში ცხოვრობენ მისი მშობლები, ჰყავს ერთი პატარა და. საშინელი ამბავია, ძალიან განვიცდი. თქვეს, ადგილზე გარდაიცვალაო. სადაც ავარია მოხდა, იქ ახმეტა-თელავის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა. ირგვლივ მაღაზიებია, ჩვეულებრივი დიდი მარკეტები. დეტალები ნამდვილად არ ვიცი, რა და როგორ მოხდა, გადადიოდა გზაზე, თუ მოდიოდა გზაზე სახლისკენ. ის შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან კარგი ახალგაზრდა დაგვეღუპა და გლოვაა სოფელში.
ყველა გულით განიცდის.
ექსპერტიზა ჩატარდა და როგორც ნათესავმა მითხრა, ამ დილით, გამთენიას მოასვენეს სახლში. როგორც ვიცი, გზაზე მარტო მოდიოდა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას და მთელ სოფელს”, – ამბობს ჩვენთან საუბარში მერის წარმომადგენელი სოფელ რუისპირში – თემურ გიგაური.
წყარო: რეზონანსი


