მინდა გამოგეხმაუროთ თქვენს წერილებზე, სადაც ხშირად წერთ, რომ ბებიები და პაპები ნაკლებად უნდა ჩაერიონ შვილიშვილების აღზრდაში თუ ცოლ-ქმრის ცხოვრებაში. ადრე მეც ასე ვფიქრობდი და ისე ვიცხოვრე, სულ ვცდილობდი, მე და ჩემი ქმარი მარტო ვყოფილიყავით და არავინ ჩარეულიყო ჩვენს საქმეებში.
თუმცა მას მერე, რაც ოჯახში რძალი შემომივიდა, სულ თავდაყირა დადგა ყველაფერი.
ორი ბიჭი მყავს. ერთი ჯერჯერობით უცოლოა და რასაც ეგ თავისი ძმის ამბებს უყურებს, შეიძლება, კარგა ხანს არც შეირთოს ცოლი. ხანდახან ვფიქრობ, ჩემი ბრალიცაა, მეტისმეტად ვზრუნავდი ჩემს შვილებზე, ნაკლებ დამოუკიდებლები გავზარდე, ყველაფერს მათ ნაცვლად ვაკეთებდით მე და ჩემი ქმარი, ვცდილობდით, ყველა პრობლემა აგვერიდებინა.
წელებზე ფეხს ვიდგამდით, ვასწავლეთ, ჩავაბარებინეთ, სამსახურიც დავაწყებინეთ. თავად არაფერზე შეუწუხებიათ თავი და როგორც ახლა ვხვდები, ნამდვილი ცხოვრება, კარგისა და ცუდის გარჩევა, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის აღება არ ვასწავლეთ. ამას ახლა ვხვდები, მაგრამ გვიანია…
ხუთი წლის წინ შეირთო ცოლი. ლაშა საჯარო სამსახურში მუშაობდა და ნათია იქ სტაჟიორად მივიდა. მხიარულმა, აქტიურმა, მეტისმეტად დამოუკიდებელმა გოგონამ ადვილად მოხიბლა ჩემი ბიჭი. სულ რამდენიმე თვეში გამოგვიცხადა, რომ ცოლად მოჰყავდა. დასაოჯახებელი უკვე იყო – 26 წლის გახლდათ მაშინ, ამიტომ ძალიან არ გაგვიპროტესტებია.
გასაცნობად რომ მოიყვანა, მაშინაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მე კი ცოტა ქარაფშუტა მომეჩვენა, მაგრამ ჩემმა ქმარმა მითხრა, ახლა ძირითადად ასეთი აქტიური და ცანცარა გოგოები არიან და მაგას ვერსად გავექცევით, თანდათან დაღვინდება და დასერიოზულდებაო. ოჯახიც თითქოს ნორმალური ჰქონდა და ერთი სიტყვით, ლაშას არჩევანი მოვუწონეთ და ქორწილიც გადავუხადეთ.
ახლა ვფიქრობ, ალბათ ჯობდა, ცოტა მეტი გამოგვერკვია მათ ოჯახურ ტრადიციებზე, ცხოვრების წესზე. და იმასაც ხშირად ვფიქრობ, მართლა კარგია ეს გერლფრენდ-ბოიფრენდის ინსტიტუტი.
ცოტა ხანს რომ ერთად ეცხოვრათ, ისე, ქორწინების გარეშე, ლაშა მალე მიხვდებოდა, რომ ეს ის არ იყო, რაც მას უნდოდა…
ნათიამ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენთან არ ეცხოვრა. ჩემმა ქმარმა საკმაოდ დიდი კრედიტი აიღო, ჩვენი დანაზოგიც მთლიანად გამოიტანა ბანკიდან და პატარა ბინა უყიდა ჩვენს სიახლოვეს. ნათიას ესეც არ უნდოდა, ჩვენგან შორს სურდა ცხოვრება, მაგრამ ამაზე ჩვენ, უფროსები არ დავთანხმდით. მე ვუყიდო ბინა, მე ვიზრუნო მის მომავალზე საკმაოდ დიდწილად, და თან კიდევ შორს მყავდეს შვილი? სწორი იქნება ეს?
სანამ შვილი ეყოლებოდათ, მათ სახლში თითქმის არ მივდიოდი, თვითონ გვსტუმრობდნენ. მე არ ვაწუხებდი – ახალგაზრდები არიან, მარტოები იყვნენ-მეთქი. ნათია გაცილებით იშვიათად მოდიოდა, ლაშა კი ცოლის მოყვანიდან ორ კვირაში თითქმის ყველა საღამოს ჯერ ჩვენთან შემოივლიდა, მერე მიდიოდა სახლში. ჯერ ვერ ვხვდებოდი მიზეზს – ვფიქრობდი, ალბათ ოჯახური გარემო ენატრება, ჩვენ ვენატრებით და ყოველდღე იმიტომ მოდის-მეთქი. მერე კი მისი საუბრიდან მივხვდი, შემთხვევით წამოსცდა, რომ ნათია სადილებს არ აკეთებდა.
პრაქტიკულად, არც საუზმეს. ჩვენს ოჯახში საუზმე, სადილი, ვახშამი ჩვეულებრივი ტრადიციაა, ნათიასთვის ეს არც ტრადიცია ყოფილა – თურმე მათ ოჯახშიც არ ჰქონიათ ასეთი ჩვევები, არც საუზმეზე იკრიბებიან ერთად, არც სადილზე. ყველა სხვადასხვა დროს მიდის სახლში და ყველა თავად უვლის თავს.
ზოგი გარეთ ჭამს, ზოგი კი უცებ შემწვარ კვერცხს თუ კარტოფილს სჯერდება. ნათიას არც სურვილი ჰქონია ოდესმე, რომ გაეკეთებინა საჭმელი, არ ვიციო, გამოუცხადა ჩემს შვილს და ამაზე დასრულდა ყველაფერი. მაცივარი კი გამოტენილი ჰქონდათ მაღაზიაში ნაყიდი ნახევარფაბრიკატებით და მშრალი კერძებით…
ერთი კი წავიშინე თავში ხელები, მაგრამ შვილს ხომ არ ვეტყოდი, რაკი საჭმელებს არ გიკეთებს, გაეყარე-მეთქი. ახლა რომ ვფიქრობ, მაშინ რომ ჩავრეულიყავი, ალბათ კიდე გაშორდებოდა. ახლა კი, როცა შვილები ჰყავთ და ლაშას ბევრი სხვა ვალდებულება დაეკისრა, მეც აღარ დავანგრევინებ ოჯახს.
ერთი სიტყვით, არაფერში არ ვერეოდი და არც მათ სახლში მივდიოდი, სანამ შვილი არ გაუჩნდათ და ვალდებულებებიც არ დამემატა. ლაშამ გადაწყვიტა, ნათიას მუშაობაში ხელი რომ არ შეშლოდა და ბევრი ფულიც არ დახარჯვოდათ ძიძაში, მე დავხმარებოდი. თავიდან ჩემთან მოჰყავდათ პატარა, ჩემი ბუთხუზა ლიკუცა, და მიტოვებდნენ.
მერე ნათიამ გამოაცხადა, აქეთ-იქით სირბილში დროსაც ვკარგავთ და ბავშვიც წუხდება, აქ მოვიდეს დედაშენი და აქ მიხედოსო. არც ეგ გამიპროტესტებია. დედამისი მუშაობს და ამიტომ არც ის მითქვამს ლაშასთვის, სიდედრსაც უთხარი-თქო რამე.
თანაც, როგორც ბებია თავს მოვალედ ვთვლიდი, მსიამოვნებდა კიდეც შვილიშვილთან ურთიერთობა და არ მიმაჩნდა ეს დიდ პრობლემად. ყოველ დილას მივდიოდი, ვიტოვებდი ლიკუნას და საღამოს, მშობლები რომ შინ ბრუნდებოდნენ, მეც სახლს მივაშურებდი.
იმაზე ლაპარაკს ალბათ აზრიც არ აქვს, თავადაც მიხვდებოდით, რომ არც სახლი მხვდებოდა დალაგებული, არც სადილი მომზადებული და ბავშვის სარეცხიც კი ისევე ეყარა, როგორც გამოუცვლიდნენ. კარგა ხანს უხმოდ ვაკეთებდი ყველაფერს, ვფიქრობდი, ახალბედა დედაა, ვერ ასწრებს, იღლება…
მერე ისიც გავიგე, რომ ბავშვს ღამეს თურმე მორიგეობით უთევდნენ, ანუ ლაშა ამაშიც ეხმარებოდა, ასე რომ, ნათია არც ისეთი დაღლილი და გადაქანცული იქნებოდა, როგორც მე ვხატავდი ჩემს წარმოსახვაში. პრაქტიკულად, ძიძაც ვიყავი, მოსამსახურეც და ჩვეულებრივი ბებიაც.
ჩემს შვილიშვილებს არასდროს დავაყვედრი იმას, რაც მათთვის გამიკეთებია და რასაც გავაკეთებ, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ჩემი რძალი არ იმსახურებს ამ სიკეთეს და არც მე ვიმსახურებდი ასეთ რძალს.
ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ბავშვების აღზრდას უკავშირდება. ეს ის თემაა, რომელზეც მე ვერ ვჩუმდები და ღიად ვუპირისპირდები ჩემს რძალს. არ ვაკრიტიკებ, ყოველთვის რჩევას ვაძლევ, ფრთხილად ვეუბნები, მაგრამ მაინც არ ესმის არაფერი და მხოლოდ საწყენად იღებს.
აბა მითხარით, როგორ არ უნდა ჩავერიო, როცა ბავშვს არასდროს აქვს სახლში დედის დამზადებული სადილი? როცა მაცივარი გამოტენილია ნახევარფაბრიკატებით, ტკბილეულით, გაზიანი სასმელებით და ყველაფერი იმით, რაც ადამიანისთვის, მით უმეტეს კი ბავშვისთვის მავნებელი და საზიანოა?
როცა ბავშვის გასეირნება, დაბანა, ექიმებთან სიარულის, წამლის დალევის კულტურა – ყველაფერი უგულებელყოფილია? როცა ქალი მხოლოდ იმისთვის მუშაობს, რომ აღებული ფულით მეათსაე ჩექმა თუ ჩანთა იყიდოს, მანქანას შემოახტეს და იმით იგელვოს აქეთ-იქით, მისი შვილების ტანსაცმლის, კვებისა თუ სხვა რამეებისთვის საჭირო ფულზე კი მხოლოდ მისი ქმარი და მამამთილი ზრუნავენ?
როცა დედას შეუძლია, როცა მოეპრიანება, კვირაში რამდენჯერმეც კი, მცირეწლოვანი ბავშვები მეზობელს დაუტოვოს და დაქალებთან ერთად გასართობად წავიდეს. ან თუ დამტოვებელი ვერ ნახა, ეს პაწაწუნები აიკიდოს და შუა ღამისას აწანწალოს აქეთ-იქით? როცა შეუძლია, ნებისმიერი წვრილმანის გამო პატარას ჩხუბი და ისტერიკა აუტეხოს და არც ცემაზე დაიხიოს უკან?
როგორც კი დავიწყე ამ ყველაფერზე ხმის ამოღება, ძალიან მეჩხუბა, ამიკრძალა ამ თემაზე ლაპარაკი, მე ვარ დედა და მე ვიცი შვილი როგორ გავზარდოო. თავიდანაც მომიშორა – მეორე შვილზე ძიძა აიყვანა, რომელსაც თავად უბრძანებს, რა უნდა გააკეთოს. ძიძა ხანდახან, როცა ასწრებს, სადილსაც ამზადებს, თუ არადა, ლიკუნა იმას ჭამს, რასაც დედა უტოვებს – ნახევარფაბრიკატებს, ძეხვებს, სოსისებს.
ბაღში დადის და იმითღა ვიმშვიდებ თავს, რომ იქ მაინც სადილობს. შაბათ-კვირას ჩემთან მოდის და მეც ვანებივრებ გემრიელი და ჯანსაღი საკვებით. მაგრამ ათასგვარ უბედურებას ხომ მაინც იღებს? მეორე ჯერ პატარაა, ხელოვნურ კვებაზეა, მაგრამ იმასაც იგივე ელის. ჩემი შვილი არაფერში არ ერევა.
ერთი პერიოდი ჩხუბობდნენ, ახლა კი ძალიან ინდიფერენტული გახდა. ამასწინათ მეზობელმა მითხრა, სხვა ქალთან ერთად დავინახეო.
როგორც ჩანს, მასაც მობეზრდა ასეთ არაქალთან ერთად ცხოვრება. მაგრამ მე ვერაფერს ვეუბნები. ჯერ ერთი, ოჯახის დანგრევა საშინელი უბედურება მგონია, თანაც, ისინი რომ გაიყარონ, ნათია ისეთი ვინმეა, საერთოდ აღარ გაგვაკარებს ბავშვებს და გავგიჟდები, პატარები რომ ვერ ვნახო…
ამას წინათ თქვენს საიტზე ჩამოვუგდე სიტყვა, კარგი რჩევებია, ბევრი მშობელი კითხულობს და იქნებ გადახედო-მეთქი. მთლად აიფოფრა – მე ვერავინ მასწავლის, როგორ გავზარდო ჩემი შვილებიო…
აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. იქნებ აქ მირჩიონ რამე სასიკეთო, გამოსავალს ვერ ვხედავ. ეს არის ქალი, რომელსაც ოჯახი, დედობა, ცოლობა, არაფერი არ აქვს გაცნობიერებული და გააზრებული და ეს ყველაფერი მის გარშემო მყოფებზე აისახება. პირველ რიგში კი ბავშვებზე… და მითხარით, ასეთ შემთხვევაში როგორ არ უნდა ჩავერიო და როგორ არ უნდა ვიბრძოლო ბავშვების უკეთ აღზრდისთვის?
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
დიანა, 54 წლის.