ეს ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და სულის შემძვრელი აქციაა, რომელიც კი ჩატარებულა ბოლო პერიოდში. შოკის მომგვრელი სარეკლამო კამპანია სასოწარკვეთილმა მამამ წამოიწყო.
ალექს სმიტის ვაჟს, ექვსი წლის ჰარისონს საკმაოდ მძიმე სნეულება აქვს – კუნთების თანდაყოლილი დისტროფია, რომელიც დიუშენის დისტროფიით არის ცნობილი.
როგორც მამა ამბობს, მას უნატრია, მის ვაჟს სიმსივნე ჰქონოდა. “სიმსივნის მკურნალობას, სხვადასხვა სტადიებზე, დღეს ასე თუ ისე ახერხებენ. ჩემი შვილის შემთხვევაში კი არავითარი გამოსავალი არ არის.
ამ დაავადების მქონე ადამიანის სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა 25 წელია. ეს სნეულება არ არის სათანადოდ შესწავლილი მეცნიერების მიერ და მისი სიიშვიათის გამო, დაფინანსებაც არ აქვს”, – ამბობს ალექსი.
ამიტომაც წამოიწყო მამამ კამპანია დაავადების მეტი შესწავლის და მასთან ბრძოლისთვის ფულის შესაგროვებლად. ამ საქმიანობის საწარმოებლად ალექსმა თავისი სამსახურიც კი მიატოვა და მთლიანად ჩაერთო შვილის სიცოცხლისთვის ბრძოლაში.
სხვათა შორის, აქციას საკმაო გამოხმაურება ჰქონდა და ერთი წლის განმავლობაში მამამ უკვე 200 ათას დოლარამდე თანხის შეგროვება შეძლო.
ის კვლავ აგრძელებს თავის საქმიანობას და იმედი აქვს, რომ თავის შვილს და ბევრ მისნაირს დაეხმარება სიცოცხლის შენარჩუნებაში.