ქორწილებში ხშირად ხდება საინტერესო ამბები. ალბათ ბევრი თქვენგანი ყოფილა კიდეც მომსწრე, მაგრამ მე რომ ვნახე, იმისთანა ალბათ იშვიათად თუ მომხდარა.
მოკლედ, ქართლში მყავს ბებია – დედის დედა, რომელთანაც ბავშვობაში ხშირად ჩავდიოდი. აბსოლუტურად ყველას ვიცნობ იმ სოფელში და ბევრი მეგობარიც მყავს. რამდენიმე წლის წინ ქორწილში დამპატიჟეს და მეც დიდი ამბით ჩავედი.
თან, თამადობისთვის ვემზადებოდი. მე პატარძლის მხრიდან ვიყავი დაპატიჟებული და მერე თბილისში, მაყარშიც ვაპირებდი წასვლას. მოკლედ, მოვიდა სიძე ბატონი, როგორც იქნა, მშვენიერი ბიჭი აღმოჩნდა, მაღალ-მაღალი, სიმპათიური, კარგი მანერებით.
დავსხედით სუფრასთან და როგორც წესია, დავლოცეთ ნეფე-დედოფალი, მათი ნათესავები და გზაც დავულოცეთ, რა თქმა უნდა. ჩვენ (გოგოს ნათესავები) კაი ხანს არ ავიშლებოდით, მაგრამ სიძის მხარემ აღარ გაგვაჩერა, გვეჩქარება, გველოდებიან, წავიდეთო. ავიშალეთ, რაღას ვიზამდით?
ჟრიამულით ჩავსხედით მანქანებში და სიძისკენ დავიძარით. გზაში მთლად ერთ კორტეჟად ვერ ვიარეთ, დავიფანტეთ და ბოლოს, როგორც იქნა, სიძის სახლთან შევიკრიბეთ.
დახვდა პატარძალს სადედამთილო, თეფში დაუდო გასატეხად, პირში თაფლიანი კოვზი გამოუსვა – ასე ტკბილად შეაბერდით ერთმანეთსო! რამდენიმე სადღეგრძელო იქაც შევსვით და რესტორნისკენ გავწიეთ. სიძე-პატარძალმა ძალიან დააგვიანა.
ყველანი იქ ვიყავით, სუფრასთან დასხდომას ველოდით, ისინი კი არ ჩანდნენ. ვინც სიძეს კარგად იცნობდა, ურეკავდა, მაგრამ ხმა გავრცელდა, ტელეფონი გამორთული აქვსო. ასევე პატარძალიც მიუწვდომელი გახლდათ. შეშფოთდა ყველა, – ხიფათი ხომ არ შეემთხვათო? ცოტა ხანში თქვეს, კარგად არიან და მალე მოვლენო.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, 4 საათი ველოდეთ დიდუბიდან დიღომში მომავალ სიძე-პატარძალს და როგორც იქნა, მათი მანქანაც გამოჩნდა. ხალხი ისე იყო მოლოდინით დაღლილი, რომ არც კი შეეგებნენ.
პირდაპირ სუფრისკენ გასწიეს. აბა, წავიდა დიმპიტაური-დამპიტაური, მაგრამ ვის სცხელოდა ცეკვისთვის? ამასობაში საღამოს 9 საათი გამხდარიყო და ზოგიერთს ალბათ ეძინებოდა კიდეც და მუსიკის ხმა ნერვებსაც უშლიდა.
კაი 1-საათიანი სმა-ჭამის შემდეგ ავწიე თავი, სიძე-პატარძლის მაგიდისკენ გავიხედე და თვალებს არ დავუჯრე – სიძე კი იგივე იყო, მაგრამ პატარძალი ისე შეცვლილიყო, ნამდვილად ვერ ვიცანი. გვერდით მჯდომ მიშას (პატარძლის ნათესავს) გავკარი მხარი – აბა, გახედე პატარძალს, ნამდვილად ლელაა თუ შეგვიცვალეს-მეთქი?
თურმე ეს ცვლილება მანამდე სხვებსაც შეუნიშნავთ, მაგრამ ალიაქოთი არ აუტეხავთ. ერთმანეთში ჩურჩულებდნენ მხოლოდ. ჩვენი ლელა შავთმიანი, ეშხიანი გოგო იყო, სიძის გვერდით კი ქერა, ცისფერთვალება გოგონა იჯდა, რომელშიც ლელას მეჯვარე ამოვიცანი.
ვერაფერი რომ ვერ გავიგე, ბატონ სიძეს ვეახლე, პატარძლის ნათესავების სახელით, და დაკარგული ნათესავის შესახებ ინფორმაცია მოვითხოვე.
სიძე წამოდგა და გარეთ გამიყვანა – რა ვქნა, ძმაო, ეგ თქვენი ნათესავი გზიდან გამექცა და სხვას გაჰყვა, ქორწილს ხომ ვერ ჩავშლიდი და მეჯვარე დავითანხმე, ცოლად გამომყოლოდა, მაგიტომაც დავაგვიანეთ, სანამ სიტუაცია გავარკვიეთ, სანამ კაბა ვიშოვეთ, სანამ “პრიჩოსკა” გაიკეთა, კი გავიდა 4 საათიო. სახტად დავრჩი, თანაც, სიძე ისე მშვიდად ლაპარაკობდა, მე მგონი, კმაყოფილიც იყო, ასე რომ მოხდა.
– თქვენ თავი უხერხულად არ იგრძნოთ, იქეიფეთ, ძმაო, კარგი დრო გაატარეთო. წამოვედი და ახალი ამბავი ქართლელებს ვაუწყე. ლამის გაგიჟდნენ. ყველაზე ახლობლები, ნაღდი ბიძები და ბიძაშვილები თურმე თავიდანვე ყოფილან საქმის კურსში და წასულან ქორწილიდან.
ჩვენ კი ხელი ჩავიქნიეთ და ბოლომდე დავრჩით. კარგადაც მოვილხინეთ, როგორც სიძემ დაგვარიგა და გვიან ღამით წამოვედით ქორწილიდან.
მოგვიანებით შევიტყვე, რომ თურმე ლელას ადრე შეყვარებული ჰყოლია, ძალიან ჰყვარებიათ ერთმანეთი, მერე რაღაც მიზეზის გამო დაშორებულან და ლელას სხვა თაყვანისმცემელზე გათხოვება გადაუწყვეტია. იმ ბიჭს რომ გაუგია, უნერვიულია.
პატარძლის სახლიდან სიძის სახლში რომ მიდიოდნენ, გზაში დაურეკავს – უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია, მოახერხე, სიძეს გამოეპარე და ამა და ამ ადგილზე გელოდებიო. ესეც გაპარულა და იმას გაჰყოლია. მეჯვარეს კი, რომელიც ლელას მეგობარი გახლდათ და თბილისში ქირით ერთად ცხოვრობდნენ, თურმე ჩუმ-ჩუმად მოსწონდა დაქალის ახალი საქმრო და იმიტომაც არ უთქვამს უარი პატარძლობაზე.
საქმე ის გახლავთ, რომ გოგონები ისევ მეგობრობენ, მაგრამ ის კი არ ვიცი, მათი ქმრები როგორ ურთიერთობენ ერთმანეთთან. ეს ჩემი პირველი გზავნილია თქვენთან და იმედია, მოგეწონათ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.