იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ე.წ. ინდური ვირუსის [„ნიპაჰის“] შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, 1998 წლიდან ფიქსირდება, ხილის მჭამელი ღამურებისგან ვრცელდება და საკმაოდ მაღალი სიკვდილიანობით ხასიათდება.
„დიდი ეჭვი მაქვს რომ, ეს ვირუსი საქართველოსთვის პრობლემა გახდეს, ვინაიდან ეს ვირუსი დიდი ხანია ცნობილია. 1998 წელს იყო მალაიზიაში პირველი აფეთქება და ამ ვირუსის იდენტიფიცირება 1999 წელს მოხდა.
27 წელია ამ ვირუსს აკვირდებიან და ამ 27 წლის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, ეს ვირუსი გასცდეს იმ 5 ქვეყნის ფარგლებს, სადაც ამ დრომდე ფიქსირდება. ესენია: ბანგლადეში, ინდოეთი, ჰონკონგი, მალაიზია და ფილიპინები.
ეს განსაკუთრებული ვირუსია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მას განიხილავს როგორც ერთ-ერთ მძიმე ვირუსს ვინაიდან მისი ლეტალურობა ძალიან მაღალია.
მას შეუძლია ძალიან მაღალი ლეტალობის პროცენტის განპირობება, ეს არის 45-70%. ის „ებოლასთან“ ერთად განიხილება, როგორც ერთ-ერთი მაღალი ლეტალობის გამომწვევი ვირუსი. განსხვავება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მისი გადაცემის გზა განსხვავებულია, ვიდრე კორონას ან გრიპის. არ გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით მანძილზე, მას სჭირდება ძალიან ახლო კონტაქტი სხეულის გამონაყოფთან, ან დაინფიცირებული საკვების მიღება.
რაც შეეხება სიმპტომებს – იწყება როგორც ჩვეულებრივი გრიპი, მაგრამ შემდეგ წინა პლანზე გამოდის თავის ტვინის დაზიანება. ეს გარდაცვალების შემთხვევები განპირობებულია თავის ტვინის ანთებასთან, ტვინის შეშუპებასა და კომასთან. ეს ყველაფერი მიმდინარეობს ძალიან სწრაფად, და ინფიცირებიდან 2-3 დღეში, შესაძლოა, ადამიანი მოკვდეს. ამ ვირუსის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება არ არსებობს.
ჯანმოს ეს ვირუსი შეყვანილი ჰყავს შესაძლო პანდემიის გამომწვევი ვირუსების კატეგორიაში. ინტენსიური კვლევები მიმდინარეობს ვაქცინების შესაქმნელად. მედიკამენტების მხრივ ჯერ პერსპექტივა არ გვაქვს.
როგორც ჩხაიძე აღნიშნავს, არანაირი საჭიროება, რომ საქართველომ ან სხვა ქვეყანამ განსაკუთრებული კონტროლი გაუწიოს ინდოეთიდან მომავალ მგზავრებს, არ არსებობს.
„ჯერ არ არსებობს არცერთი ქვეყანა, ინდოეთის მეზობელიც კი, რომელმაც სახელმწიფოს დონეზე მიიღო გადაწყვეტილება ტურისტული ნაკადის შეზღუდვაზე ან თვითმფრინავში მგზავრების განსაკუთრებულ შემოწმებაზე.
წყარო : Newshub.ge


