მე და ჩემს ქმარს ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა. ჩვენი შვილი 8 წლის იყო, როცა ოჯახში ყველაფერი აგვერია. გავიგე, რომ ქმარი მღალატობდა. თურმე ამის შესახებ ჩემ ირგვლივ მყოფებმა იცოდნენ, მაგრამ 3 წლის განმავლობაში მიმალავდნენ.
ერთ დღეს მითხრა, სხვა მიყვარს და მასთან უნდა წავიდეო. იმ დღესვე იმ ქალბატონთან წავიდა, რომელსაც ქმრის მეგობრად ვთვლიდი.
მოგეხსენებათ, გულის გადასაყოლებლად ,,ფეისბუქი” ერთ-ერთი კარგი საშუალებაა. ერთ დღესაც ჩემი ყოფილი თაყვანისმცემლის ფეისბუქგვერდს გადავაწყდი. კომენტარი დავუწერე და მაშინვე მომწერა. რაღაცები გავიხსენეთ, კარგი იუმორით კომპლექსები დამაძლევინა და შეხვედრაზე დამითანხმა.
თავიდან ვითომ სკოლის წლებზე ვყვებოდით, ვხალისობდით. იცინოდა, უცოლო დამტოვეო. ერთი პერიოდი უკრაინაში იყო. იქ ვიღაც ქალთან ერთად ცხოვრობდა, რომელმაც შვილი გაუჩინა.
მერე საქართველოში დაბრუნდა და აღარ დაქორწინებულა. მე მაბრალებდა, შენ გარდა ვერავინ შევიყვარეო. გამომიტყდა, რომ ჩემ მიმართ ისევ ჰქონდა გრძნობა, ისევ ვუყვარდი. ერთ დღესაც საყვარლები გავხდით.
ჩვენი ურთიერთობა სულ რაღაც ორ თვეს გაგრძელდა, მაგრამ უზომოდ შემიყვარდა. მგონია, რომ ასე ჩემი ქმარი არასოდეს მყვარებია. მასთან ცხოვრება მქონდა გადაწყვეტილი, როცა ჩემი შვილის მამა ისევ გამოჩნდა, ისევ ერთ ჭერქვეშ დავიწყეთ ცხოვრება…
ახლა ჩემს საყვარელ ადამიანთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვეტილი მაქვს, მაგრამ სირცხვილის, დანაშაულის გრძნობას მაინც ვერ ვიშორებ. ან ქმარს არ უნდა შევრიგებოდი, ან არ უნდა მეჩქარა და ყოფილ თაყვანისმცემელს არ უნდა შევხვედროდი.
ახლა შეცდომის გამოსასწორებლად მხოლოდ ერთი რამ დამრჩა – ქმარი აღარ მოვატყუო და ურთიერთობა დავასრულო, თუმცა ეს არც ისე ადვილია. შეიძლება კონფლიქტებს და ჩხუბს ფიზიკურად ვეღარ გავუძლო, პლუს, ჩემი შვილის ნერვებსაც უნდა გავუფრთხილდე.
გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..