დედის მკვლელობისთვის დაკავებულს და მის მეგობარს ბრალს დღეს გააცნობენ – “კურიერის” ინფორმაციით, არასრულწლოვანმა თავად აღიარა მოტივი. კერძოდ, 17 წლის მოზარდი ეჭვობდა, რომ 34 წლის მშობელს, ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა მის მეგობართან.
სწორედ ამის გასარკვევად არასრულწლოვანი მეგობართან ერთად მივიდა დედის სახლში, რის შემდეგაც ქალს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, მათ შორის, ყელის არეში.
ორივე არასრულწლოვანმა ადგილი მალევე დატოვა – დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“კურიერის” ინფორმაციით დაკავებულებისთვის ბრალის წარდგინების პროცესი 4 საათზე დაიწყება. არასრულწლოვანს მამამ და ოჯახის სხვა წევრებმა კერძო ადვოკატი აუყვანეს, შესაბამისად მის უფლებებს საზოგადოებრივი დამცველის იურისტი აღარ დაიცავს.
“კურიერმა” დაკავებული 19 წლის ახალგაზრდის ვინაობა გაარკვია, ის 19 წლის რამილ ნასიბოვია, რომელთანაც მცხეთის იზოლატორში ცოტა ხნის წინ ადვოკატი იმყოფებოდა. მის უფლებებს სავალდებულო დაცვის ფარგლებში საზოგადოებრივი დამცველის ადვოკატი დაიცავს, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში ხვდებოდა განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს.
ადვოკატ ნინო ბერიშვილის თქმით, დაკავებული 19 წლის ახალგაზრდა ამ ეტაპზე დუმილის უფლებით სარგებლობს და მას ადვოკატთან არცერთ საკითხზე არ უსაუბრია. ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებულს გარკვეული შოკის მომენტი აქვს და იგი მძიმე მდგომარეობაშია.
მოკლულ ჟანა ხალილოვას მეზობლებს მომხდარის შესახებ დეტალებზე ინფორმაცია არ აქვთ. მეზობლებმა გამთენიისას ხმაური გაიგეს, თუმცა მომხდარი დანაშაულის შესახებ მათთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ადგილზე კრიმინალური პოლიცია მივიდა.
მოკლულის ცხედარი ექსპერტიზის შემდეგ, მეუღლის სახლში, გარდაბანში გადაასვენეს.