მაზიარე, უნეტარესო, შევცოდე – შვიდგზის …
პირველად მაშინ შევცოდე, როდესაც ნასვამ ქმარს, სრულიად გადარეულს და წყობიდან გამოსულს, სახლიდან რომ გვყრიდა ქუჩაში მე და ჩვენს ჩვილს –„ტირის და თავ–პირი გადამჭამაო!“
კარებში ხელი დავუხვედრე – დასისხლიანებული და ტყავზე დაკიდებული სამი თითის დამსხვრეული ფალანგების დანახვამ, ჩემს ყვირილთან ერთად გამოაფხიზლა და უკან დაგვაბრუნა, ჩემმა მეუფემ, მაგრამ ჯვარდაწერილისადმი წინააღმდეგობის გაწევაც ხომ ცოდვაა – ამიტომ შემინდე…
მეორედ მაშინ შევცოდე, როცა ხელი ჩამკიდა და სადღაც წამიყვანა, რომელიღაც შავ–ბნელ უბანში – „მოხმარება მჭირდება შენი, რაღაცა მაქვს ასაღებიო“ – მართალი იყო, არ მოუტყუებია, ჩემს სიცოცხლეს – წამალი ჰქონდა ასაღები, მაგრამ ჩემით/გადასახდელი და როცა წავიდა, დილამდე „ვეხმარებოდი“ სამს თუ ოთხს, საკუთარ გაუპატიურებაში,
ნახევრად ხოხვით შინ დაბრუნებულმა კი ბავშვი დალურჯებულ სახეზე მივიკარი, ავიტატე და სირბილით წამოვედი, სხვაგან სად? – ჩემებთან… – თუმც, მიტოვებაც ხომ ცოდვაა – ამიტომ, შემინდე…
მესამედ მაშინ შევცოდე, როცა მამიკო/მამა ახალგარდაცვლილმა, ბავშვი ნახევრად ინვალიდ დედას დავუტოვე და უცხო ქვეყანაში წამოვედი სამუშაოდ – მართალია, საჭმელი აღარაფერი გვქონდა და ჩასაცმელი – უფრო ნაკლები, მაგრამ სამშობლო, დედა და შვილი არ უნდა დამეტოვებინა – ღალატიც ხომ ცოდვაა – ამიტომ, შემინდე…
მეოთხედ მაშინ შევცოდე, როდესაც რუმინელის სამსახურის–საშოვნელ გრაფიოში ტყუილი მითხრეს და ისეთ სამსახურში გამიშვეს, რომელსაც არ ვითხოვდი – მძიმეში ძალიან, როცა უკან დავბრუნდი და ჩემი ფული, სამსახურში გადახდილი უკან მოვითხოვე, გრაფიოს გამგემ კარები გადაკეტა და მუშტით ცემა დამიპირა – კასტეტი მედო უკანა ჯიბეში,
ჩუმად გავიკეთე ზურგს უკან, ისე რომ ვერ დაინახა და ფანჯრისაკენ უკან დახეულმა, ყელში ჩავარტყი – და როცა ახრიალებული ჩაიკეცა, უჯრიდან ნაჩქარევად ჩემი ფული ამოვიღე, კარი გავაღე და კიბეებზე დავეშვი სირბილით – მაგრამ, ხელის შებრუნებაც ხომ ცოდვაა და ამიტომ, შემინდე…
მეხუთედ მაშინ შევცოდე, როდესაც ბებიასთან, სადაც ვმუშაობდი, მის შვილიშვილს, ჩემხელა ბერძენ ბიჭს შევუყვარდი და ბევრი ქათინაურების და ფლირტის შემდეგ მეც მომაწონა თავი – მაღალი იყო და სიმპათიური, ვუხდებოდით ერთმანეთს,
მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ვიყავი და მეც მინდოდა ჩემი წილი ბედნიერება, ვერ გადავდგი ის ბოლო ნაბიჯი და წამოვედი იქიდან – ბავშვის სახელს ვერ ვუღალატე, თუმც ხელგაუწერელმა რომ სხვაზე ვინატრე – ესეც ხომ ცოდვაა და ამიტომ, შემინდე…
მეექვსედ მაშინ შევცოდე, როდესაც დედის დასაფლავებაზე ვერ წავედი – საბუთები არ მქონდა და მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე მეტად ჩემი დედიკოს დატირება არავის უნდოდა მთელს დედამიწაზე, გასვენების ხარჯების გადახდის შემდეგ ვეღარ შევძელი წასასვლელ/ჩამოსაბრუნებელი თანხის მოგროვება, მაგრამ, გარდაცვლილ დედებს შვილებმა უნდა დააყარონ გულზე მიწა – აქაც შევცოდე და ამიტომ, შემინდე…
მეშვიდედ მაშინ შევცოდე, როცა ჩემი პატარა კუდრაჭას ჩამოყვანა მოვახერხე ჩემთან, ელადაში – ათასი ეშმაკობებით, მოწვევ–მიწვევებით და საელჩოებით – ჩავიხუტე და გავთბი მის სურნელით – მაგრამ, კიდევ ერთი ქართველი გამოვაცალე სამშობლოს – ისევ შევცოდე და ამიტომ, შემინდე…
(მამიკო/მამას უყვარდა, მუხლებზე როცა შემოვასკუპდებოდი ხოლმე, ჩემი ხელი თავის დიდ და დაღარულ თათებში მოექცია, თითი ხელისგულზე გაესვა და „ბოლია–ბოლიაო“ – ეთქვა, მე კი მიხაროდა უზომოდ და ვკისკისებდი, თავი რაღაც განსაკუთრებულად მეგონა, ამქვეყნიურ პრინცესად, ფერიების დედოფლად…
ტყუილად, სულ – მანკიერად გავჩენილვარ, თურმე…)
უფალო, შეგვიწყალენ !
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..